ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის პირველი დაჯარიმებული იორდანიის მოქალაქე აღმოჩნდა - კვირის პალიტრა

ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის პირველი დაჯარიმებული იორდანიის მოქალაქე აღმოჩნდა

ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის დაწესებული სანქციები დღეიდან ძალაში შევიდა.

"თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის პირველი მოადგილის დავით დოლიძის განცხადებით, დღის განმავლობაში ერთი საჯარიმო ოქმი უკვე დაიწერა და 80 ლარით იორდანიის მოქალაქე დაჯარიმდა. აღნიშნული ფულადი სანქცია 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებაზეა გათვალისწინებული.

"თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებმა ნაგვის დაყრისთვის მოქალაქეების დაჯარიმება დღეს დაიწყეს.

ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება ისჯება 80 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 100 ლარით;

2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით შენობა-ნაგებობიდან გარემოს დანაგვიანება - 100 ლარით ისჯება;

2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება - 150 ლარი, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 500 ლარი;

ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება - 50 ლარი (პასუხისმგებლობა არ დაეკისრება მეპატრონეს, თუ იგი დაუყონებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას);

ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) - 150 ლარი;

ხუთი ერთეული ან ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) - 500 ლარი;

სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ: ფიზიკური პირი - 400 ლარი, იურიდიული პირი -1000 ლარი.

"ინტერპრესნიუსი"