თბილისში 30 ადგილზე საზოგადოებრივი საპირფარეშოები მოეწყობა - კვირის პალიტრა

თბილისში 30 ადგილზე საზოგადოებრივი საპირფარეშოები მოეწყობა

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მასშტაბით 30 ადგილზე საზოგადოებრივი საპირფარეშოები მოეწყობა.

მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო საზოგადოებრივი საპირფარეშოების (საზოგადოებრივი რეტერატების) მოწყობისთვის აუქციონს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს. მიწის ნაკვეთები 20 წლიანი სარგებლობის უფლებით გაიცემა.

"საზოგადოებრივი საპირფარეშო იფუნქციონირებს ნაღდ ანგარიშსწორებაზე, ან/და სპეციალურ ბარათებზე (მაგ. "მეტრომანი“). საზოგადოებრივი რეტერატის გარე ფასადი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ჩაშენებული ბანკომატის, გადახდის აპარატის ან სხვა აპარატურის დასამონტაჟებლად.

აუქციონის პირობები ასეთია: საზოგადოებრივი საპირფარეშო ადაპტირებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, როგორც ტექნოლოგიური მოწყობილობით, ასევე ფართით. საინფორმაციო წარწერებზე კი გათვალისწინებული უნდა იყოს ბრაილის შრიფტი.

საზოგადოებრივი საპირფარეშო უნდა იყოს მსუბუქი ნაგებობა - საძირკვლის გარეშე, ლითონის კარკასზე აწყობილი, თანამედროვე, გარე და შიდა მოხმარებისთვის ანტივანდალური მასალებით მოპირკეთებული. თითოეული მათგანის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 8 მ2-ს. კონსტრუქცია, ასევე, აღჭურვილი უნდა იყოს ბავშვის გამოსაცვლელი მაგიდით, რომელიც სპეციალური, ანტიბაქტერიული მასალით იქნება დამზადებული.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულებას აიღებს საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოვლა-პატრონობასა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე. მოიჯარე, ასევე, ვალდებული იქნება, უზრუნველყოს ცხელი ხაზის მუშაობა კვირაში 7 დღის განმავლობაში, 24 საათიანი სამუშაო რეჟიმით", - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

იხილეთ საზოგადოებრივი საპირფარეშოებისთვის განსაზღვრული ადგილების ჩამონათვალი

"ინტერპრესნიუსი"