"შენ რა მიშა სააკაშვილივით მოგივიდა" - რატომ ლაპარაკობენ სკვითი "ბარხატაშვილები" კახურ კილოზე? - კვირის პალიტრა

"შენ რა მიშა სააკაშვილივით მოგივიდა" - რატომ ლაპარაკობენ სკვითი "ბარხატაშვილები" კახურ კილოზე?

სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები" - არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ძმები ბარხატაშვილები გამოჩნდნენ, რომლებსაც სამშენებლო, თევზის, კუბოების, ჰამაკებისა და კიდევ სხვა უამრავი ბიზნესი აქვთ.

შესაბამისად, საკმაოდ მდიდრები და გავლენიანები არიან. როგორც უკვე იცით, მათ როლებს პაატა გულიაშვილი და ნიკა ქაცარიძე ასრულებენ. მათთან ინტერვიუ ჟურნალმა "გზამ" ჩაწერა, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

- სერიალში როგორ მოხვდით?

პაატა:

- დამირეკეს და პირდაპირ შემომთავაზეს, სიუჟეტში ძმები ბარხატაშვილები შემოდიან, მილიონერები და გვინდა, შენ და ნიკა ქაცარიძემ ითამაშოთო. ნიკუშას დავურკე და ეს ამბავი ვახარე. მას მერე ღადაობს, - ყველაფერ კარგზე მირეკავო და საღადაოა ეს თემა? ჩვენი ტანდემი კარგად აეწყო. ნიკუშაც ისეთი პარტნიორია, კარგად მუშაობის საშუალებას რომ გაძლევს. მგონი, არც მე ვაკლებ. მთავარია, ძმები მაყურებელმა პირველი გამოჩენისთანავე შეიყვარა. ერთმანეთის კარგი "ჯოკერის "პარასავით" გვესმის...

- ბარხატაშვილები სკვითები არიან და კახური კილოთი რატომ საუბრობთ?

პაატა:

- ამას მთლად კახურს ვერ დავარქმევ. გადამღები ჯგუფიც გვაძლევს შენიშვნას, რომ ეს კილო მინიმალური იყოს. მგონია, რაღაც დოზით ეს მაინც სჭირდება. სკვითები მართლა არსებობდნენ, საკმაოდ ნიჭიერი ხალხი იყო.

ნიკა:

- ბარხატაშვილებს ბევრი ფული აქვთ, ამიტომ ცდილობენ, ყველანაირი კილო გააქრონ და თბილისელები იყვნენ. მათ რაღაც დოზით, რუსულიც იციან და ინგლისურიც. ელიტაში რომ ადგილი დაიმკვიდრონ, ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. ცოლებიც შესაფერისი ჰყავთ. მომავალ სერიებში მათი ამბავი უფრო გამოიკვეთება და თავად ნახავთ, როგორები არიან ბარხატაშვილები.

- თქვენს გმირებს პროტოტიპები ჰყავთ?

ნიკა:

- ჰყავთ, მაგრამ მათ არ ვბაძავთ. ტყუპი ძმა ბიზნესმენები არიან...

პაატა:

- ტყუპი არ არიან. შენ რა მიშა სააკაშვილივით მოგივიდა, ბავშვების მშობელს რომ ჰკითხა: რამდენი წლისები არიანო? - ხუთის და სამისო, - უპასუხს. - უი, ტყუპი არიანო? - მიშამ იკითხა.

ნიკა:

- კარგი, მაშინ ძმები, ფულიანები არიან საქართველოში, მაგრამ კონკრეტულად ვინმეს არ ვბაძავთ.

- ეს ძმები ხასიათით ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. თქვენ შორის თუ არის რაიმე მსგავსება?

პაატა:

- აბსოლუტურად განსხვავებული ტიპები ვართ. მე სულ ჭამასა და საჭმელებზე ვლაპარაკობ, სულ მშია...

- გადაღების დროს კი გაჭმევენ. თითქმის ყველა თქვენი სცენა სუფრასთან არის.

- მართალია. ძალიან მიყვარს ხიზილალა. ერთხელაც, გადაღების დროს 4 კოლოფი შევჭამე, რადგან 100 დუბლი მაინც გადავიღეთ და მოვკვდი ხიზილალის ჭამით. ჰოდა, მას შემდეგ აღარ მიყვარს. ყველა ჩემზე იცინოდა.

- ინტერვიუს ანეკდოტის გარშე ვერ დავასრულებთ...

- ახალი ანეკდოტი მაქვს, ძალიან მომეწონა: სვანი კროსვორდს ავსებს და მეორე სვანს ეკითხება, - გაზაფხულის მახარობელი მცენარე, ორი ასო, რა არის? მეორე ეუბნება - ხე... (წაიკითხეთ სრულად ჟურნალ "გზის" 27 აპრილის ნომერში)

ნათია ჟივიძე