პუტინის "ღამის მგლები" თბილისში? - რას აცხადებენ შსს-ში? - კვირის პალიტრა

პუტინის "ღამის მგლები" თბილისში? - რას აცხადებენ შსს-ში?

სოციალურ ქსელში გავრცელდა ე.წ. ღამის მგლების ბაიკერის რამდენიმე ფოტო. ფოტოების ავტორის ინფორმაციით, რუსი ბაიკერის ამსახველი ფოტო თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზეა გადაღებული. (წყარო)

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ საქართველოში რუსი ბაიკერის - ე.წ. ღამის მგლების“ ჯგუფის წევრი იმყოფება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, აპრილის თვეში, დაანონსებულ ვიზიტამდე და პერფორმანსამდე, "ღამის მგლების" ჯგუფისგან დამოუკიდებლად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ტურისტული მიზნით, სხვა ქვეყნების ბაიკერებთან ერთად, ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე და სათანადო დოკუმენტაციით, გადმოკვეთა ერთმა პირმა, რომელიც, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, "ღამის მგლების" ჯგუფის წევრია.

"სოციალურ ქსელში ე.წ. "ღამის მგლებთან" დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, გაცნობებთ, რომ გუშინ ღამით ბაიკერების - ე.წ. "ღამის მგლების" 50-იან კაციან ჯგუფს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთაზე უარი ეთქვათ. შსს კვლავ ინარჩუნებს ამ პოზიციას.

ამასთან, გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე, განვმარტავთ, რომ აპრილის თვეში, დაანონსებულ ვიზიტამდე და პერფორმანსამდე, "ღამის მგლების" ჯგუფისგან დამოუკიდებლად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ტურისტული მიზნით, სხვა ქვეყნების ბაიკერებთან ერთად, ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე და სათანადო დოკუმენტაციით, გადმოკვეთა ერთმა პირმა, რომელიც, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, "ღამის მგლების" ჯგუფის წევრია. აღსანიშნავია, რომ ყოველდღიურად, მშვიდობიანი, ტურისტული ან ტრანზიტული მიზნებით, ათობით ბაიკერი კვეთს ქვეყნის საზღვარს. შესაბამისად, კონკრეტული მომენტისთვის შსს-ს არ გააჩნდა საფუძველი აღნიშნული პირის საქართველოში არშემოშვებისთვის.

შსს იღებს ყველა ზომას, რომ ამ პირის საქართველოში ყოფნასთან დაკავშირებით, ადგილი არ ჰქონდეს ნებისმიერი ხასიათის ინციდენტს", - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.