ნასაგური - კიდევ ერთი ნაგვის სოფელი - კვირის პალიტრა

ნასაგური - კიდევ ერთი ნაგვის სოფელი

სოფელ ნასაგურის ცენტრიდან რამდენიმე მეტრში მდებარე ხუთი საცხოვრებელი კორპუსის საკანალიზაციო მილი წლების წინ მიწის ქვეშ გაედინებოდა, ოთხი წელია დაზიანებულია და ფეკალური მასები პირდაპირ ცენტრალური ქუჩის ერთ მხარეს თვითნებურად გაჭრილ არხში მიედინება. სულ რამდენიმე მეტრში კი სოფლის ერთადერთი საბავშვო ბაღია...

"აქ ხალხი მესაქონლეობით ცხოვრობს. არადა, პირუტყვი ხშირად ეხოცება ცელოფანის ჭამის გამო. ამას წინათ ოთხი სული ძროხა მოკვდა"

გასულ კვირას "კვირის პალიტრაში" დაბეჭდილ სტატიას, სათაურით "ნაგვის სოფელი" დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც გაირკვა, ქვეყანაში მხოლოდ ერთი ნაგვის სოფელი არ ყოფილა. ნასაგურის მოსახლეობაც სწორედ ამ პრობლემის გამო დაგვიკავშირდა.

შვიდი წელია, ნასაგურელები დახმარებას ამაოდ ითხოვენ. აქაურები გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. აქ ყველაფერი დანაგვიანებულია, ხეები ნაყოფის ნაცვლად ცელოფანის პარკებს ისხამენ, მიწის ნაკვეთებს პოლიეთილენისა და ქაღალდის ღობეები შემოვლებია, დამუშავებულ მიწაში ბოსტნეულისა და მარცვლეულის მაგივრად ქარისგან ჩათესილი ნარჩენებია...

"კანალიზაცია ქუჩაში მოედინება"

სოფელ ნასაგურის ცენტრში რამდენიმე ქალი გვხვდება. ერთ-ერთი გვეუბნება, რომ ცენტრიდან რამდენიმე მეტრში მდებარე ხუთი საცხოვრებელი კორპუსის საკანალიზაციო მილი წლების წინ მიწის ქვეშ გაედინებოდა, ოთხი წელია დაზიანებულია და ფეკალური მასები პირდაპირ ცენტრალური ქუჩის ერთ მხარეს თვითნებურად გაჭრილ არხში მიედინება. სულ რამდენიმე მეტრში კი სოფლის ერთადერთი საბავშვო ბაღია.

მოულოდნელად თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გამოჩნდნენ და საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე შემავალი კანალიზაცია მილს შეუერთეს.

გელა ზარდიაშვილი, სამგორის რაიონის სანიაღვრე სამსახურის უბნის უფროსი: - მართალია, ჩვენს სამსახურს არ ევალება საკანალიზაციო სისტემის შეკეთება, მაგრამ მაინც ვახდენთ რეაგირებას. სამგორის რაიონის გამგებლის თხოვნით საბავშვო ბაღს დავეხმარეთ, დავიბარეთ სპეცტექნიკა და გაწმენდით თუ სარეაბილიტაციო სამუშაოს შევუდგებით.

- ბოლოს როდის იყავით ნასაგურში?

- სამი თვის წინათ, მაგრამ აქ არ მოვსულვარ. დღეს გავიგეთ და ვაკეთებთ...

- რა სიხშირით ხდება მონიტორინგი?

- ვერ გეტყვით, ჩემს სამსახურს ეს არ ეხება, ჩვენ გამგებლის თხოვნით მოვედით.

"აქაურობა სულ ყარს"

თბილისის მთავარი ნაგავსაყრელიდან ერთ კილომეტრში სახნავ-სათესი მიწებია.

ტარიელ ჩოხელი, სოფელ ნასაგურის მცხოვრები: - მიწის მხოლოდ მცირე ნაწილს ვამუშავებ. ბუჩქების მიმდებარე ტერიტორია შევარჩიე, რადგან მცენარეები ოდნავ მაინც აკავებს ცელოფანებს. ნაკვეთის გაშლილი ტერიტორია კი მთლიანად პარკებით არის სავსე.

ყოველი დამუშავებისას პოლიეთილენი უფრო ღრმად ჩადის მიწაში, გაფხვიერების შემდეგ ისევ უკან ამოდის და ასე, წრეზე ვტრიალებთ. კიდევ რამდენიმე ნაკვეთი მაქვს, მაგრამ ვეღარ ვიყენებ, ყველა გამოუსადეგარია. მიწას და პროდუქტებს ვინ ჩივის, კვირაში ორი დღე გაუსაძლისია აქ ყოფნა - ნაგავს მიწას აყრიან და აკონსერვებენ. ალბათ, ოთხშაბათობით და შაბათობით ნაგავსაყრელზე მავნე აირების მილებს ხსნიან. სულ ყარს აქაურობა.

აკაკი შალიკაშვილი, სოფელ ნასაგურის მკვიდრი: - აქ ხალხი მესაქონლეობით ცხოვრობს. არადა, პირუტყვი ხშირად იხოცება ცელოფანის ჭამის გამო. ამას წინათ ოთხი სული ძროხა მოკვდა. ჩვენი ერთადერთი საბადებელი ესაა. სახნავი მიწები წაგვართვეს და ახლა პირუტყვსაც გვაცლიან. გამვლელების დასანახად მხოლოდ ცენტრალური ტრასა სუფთავდება, დასუფთავების თანამშრომლები გვეუბნებიან, რომელსაც გვავალებენ, იმას ვასუფთავებთო. ბავშვები ქალაქში დაგვყავს საბავშვო ბაღში, სულ რამდენიმე საათით მაინც რომ არ ისუნთქონ ეს საშინელი ნაგვის სუნი. ადამიანებად არ გვთვლიან.

ნონა სეფაშვილი, ნასაგურის მკვიდრი: - აქ ჯანმრთელობა ყველას შერყეული გვაქვს. ონკოლოგიური დაავადებები მკვეთრად მომატებულია. ჩემს სამეზობლოში თითქმის ყველა ქალს უკვე ოპერაცია აქვს გაკეთებული, მათ შორის, მეც. თურმე მილიონები დაჯდა ამ ნაგავსაყრელის გახსნა, სინამდვილეში კი ჩვენი სიცოცხლის ფასად. რა აზრი აქვს ლაპარაკს? ჩვენ არავის ვაინტერესებთ. მაგრამ არჩევნები მოვა და აქ არავის შემოვუშვებთ.

ელიკო ხუციშვილი, ნასაგურის მკვიდრი: - სამგორის დასახლებაში 42 წელია ვცხოვრობ. სტადიონი გაუკეთეს ბავშვებს და ისიც ჭაობშია. ამბულატორიაც კი არა გვაქვს. იძულებული ვართ, ქალაქის რომელიმე პოლიკლინიკას მივმართოთ. ცალკე პრობლემაა დიდი ლილოს ნაგავსაყრელი.

ყველა ნორმალური ადამიანი დილას ფანჯარას აღებს სახლის გასანიავებლად, ჩვენ კი დილას ვხურავთ. აქციებიც გავმართეთ, მაგრამ....

ლეილა მაისურაძე, ნასაგურის მკვიდრი: - შვიდი შვილის მარტოხელა დედა ვარ. ჩვენს სოფელში ბავშვებშიც კი მოიმატა ონკოლოგიურმა დაავადებებმა.

ჩემს მეზობელ 10 წლის ბავშვს სიმსივნე აღმოაჩნდა. გაწყდომის პირას ვართ. ამბულატორია გვქონდა და მუნიციპალიტეტმა გაგვიუქმა - იქ ოთხი შვილის დედა შეასახლა. მისი საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ ჩვენ სად ვეძებოთ ექიმები?

გიორგი ბაგრატიონი, სამგორის რაიონის გამგებელი: -"სოფელ ნასაგურის ცენტრში არსებულ საკანალიზაციო პრობლემაზე ინფორმირებული ვარ. თქვენ მხოლოდ საბავშვო ბაღის მიმდებარედ გამოჟონილ ფეკალიებს ნახავდით, პრობლემა კი გაცილებით დიდია. ნასაგურში სათადარიგო წყალარიდების სისტემის პრობლემაა. მონაკვეთი, რომელიც ღიად მოედინება, დატვირთვას ვეღარ უძლებს. იქ ბევრი კერძო სახლია და მოსახლეობამ ამ სისტემას თვითნებურად მიაერთა მილები. ვისაც მსხვილფეხა ცხოველი ჰყავს, სადგომებიდანაც ამ სისტემაში უშვებენ წყალს. გაწმენდისას ხშირად ამოუღიათ პლასტმასის ნივთები, ბოთლები და ა.შ... მაქსიმალურად ვცდილობთ, დროებით მაინც შევაკეთოთ დაზიანებული მონაკვეთები, ხშირად ვაწმენდინებთ. გასულ წელს დავიწყეთ დიდი პროექტი. დაახლოებით 12-კილომეტრიანი საკანალიზაციო სისტემა უნდა მოწესრიგდეს, რაც 8 მილიონ ლარამდე ჯდება... მაქსიმალურად მოკლე ვადაში ყველა უბანში მოგვარდება ეს პრობლემა. 2015 წელს ტენდერი გამოვაცხადეთ ნაგავსაყრელის მოსაწესრიგებლად და ნარჩენების გადასამუშავებელი ქარხნის ასაშენებლად. გამარჯვებული გამოვლინდა და რამდენიმე თვეში დაიწყება მუშაობა...

- მოსახლეობა ჩივის, რომ ნასაგურში სამედიცინო ამბულატორია არა აქვთ.

- ეს მერიის კომპეტენცია არ არის. თუ მოსახლეობა მოგვმართავს, ვუშუამდგომლებთ შესაბამის ორგანოებთან.

დავით ჩანქსელიანი, შპს "თბილსერვის ჯგუფის" იურიდიული სამსახურის უფროსი: - ადგილობრივების ძირითადი პრობლემა ლილოს ნაგავსაყრელ პოლიგონზე ნარჩენების წვის შედეგად წარმოქმნილი სუნია. დაგეგმილია პოლიგონზე ნარჩენებით გავსებული უჯრედების გეომემბრანით გადაფარვა, გაზშემკრების მონტაჟი და ჩირაღდნის დაყენება, რომელიც დაწვავს ამ გაზს და ჰაერში აღარ გავრცელდება. "თბილსერვისის" თანამშრომლები აგროვებენ ქარის დროს გაფანტულ პარკებს. წლის მიწურულს, ალბათ, ნარჩენების გადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობაც დაიწყება...

რა ზიანს ვაყენებთ გარემოს

რა ზიანს ვაყენებთ გარემოს, გარემო კი - ჩვენ, გარემოს დაცვის სამინისტროს ამ მონაცემებს გადავხედოთ:

ნარჩენების სრულად დაშლის დრო: ქაღალდის ხელსახოცი 2-3 კვირა; ბანანის ქერქი 3-4 კვირა; ქაღალდის პარკი 1 თვე; გაზეთი 1,5 თვე; ვაშლის ნარჩენი 2 თვე; ფორთოხლის ქერქი 6 თვე; შალის წინდა 1-5 წელი; რძის ქაღალდის ყუთი 5 წელი; სიგარეტის ნამწვი 5-10 წელი; ტყავის ფეხსაცმელი 25-40 წელი; პენოპლასტის ჭიქა 50 წელი; რეზინის საბურავი 50-80 წელი; ალუმინის ქილა 200-500 წელი; ბავშვის საფენი 500 წელი; პლასტმასის ბოთლი 450 წელი; პოლიეთილენის პარკი 200-1000 წელი.

თორნიკე ყაჯრიშვილი