"ბაბუას ქამარი მოუხსნია და რაიხსტაგზე დროშა იმით მიუკრავს" - კვირის პალიტრა

"ბაბუას ქამარი მოუხსნია და რაიხსტაგზე დროშა იმით მიუკრავს"

72 წლის წინ რაიხსტაგზე დროშის აღმართვამ უმცროს სერჟანტ მელიტონ ქანთარიასა და სერჟანტ მიხეილ ეგოროვის სახელები დიდი ხნის განმავლობაში დაამახსოვრა მსოფლიოს. ჩვენი რესპონდენტი, სამართლის დოქტორი, კონსტიტუციური სამართლის პროფესორი ბექა ქანთარია გვიამბობს:

- მელიტონ ქანთარია ჩემი ბაბუის ძმა იყო. მელიტონი შვიდშვილიანი ოჯახიდან იყო, ძალიან უჭირდათ, ამიტომ აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონის სოფელ აგუბედიაში გადასახლდა და ოჯახიც იქ შექმნა. სამი შვილი ჰყავდა. ამჟამად მისი ორივე ვაჟი გარდაცვლილია, ქალიშვილი ოჯახთან ერთად 20 წელია, საბერძნეთში ცხოვრობს.

მელიტონ ბაბუას ომის გახსენება არ უყვარდა. თუმცა ერთხელ შვილიშვილები არ მოვეშვით და ასეთი ამბავი გვიამბო: როდესაც დროშა რაიხსტაგზე აუტანიათ, ეგოროვი ფეხში დაჭრილა. ბაბუას არ მიუტოვებია და ერთად მიცოცებულან იმ ადგილამდე, სადაც დროშა უნდა აღემართათ. დროშა სამაგრში არ მაგრდებოდაო, ამიტომ ბაბუას ქამარი მოუხსნია და იმით მიუკრავს. მთელი საბჭოეთი ამ დროშის აღმართვას ზეიმობდა, ბაბუა კი სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელის საყვედურს ისმენდა - იქ რა უფლებით დატოვე ქამარიო! მისი მონათხრობით გაოცებულებს ბაბუამ აგვიხსნა - სამხედრო წესების მიხედვით არ შეიძლებოდაო.

- როგორ გადაწყდა, რომ ეს საპატიო მისია ქანთარიასა და ეგოროვს უნდა შეესრულებინათ?

- რაიხსტაგის ბრძოლის მონაწილე კონდრატე უბილავა მიყვებოდა, რომ მელიტონ ქანთარიას კარგა ხანს ამზადებდნენ ამ ოპერაციისთვის. წალენჯიხაში წერილიც გამოუგზავნიათ მისი წარმომავლობის დასაზუსტებლად - ვინ იყვნენ მისი მშობლები, წინაპრები... ამოწმებდნენ, რათა საეჭვო წარსულის პიროვნებების შთამომავლისთვის არ ენდოთ ეს ისტორიული მისია. მელიტონ ქანთარია გლეხის ოჯახიდან იყო და ჩანს, მათაც სწორედ ეს უნდოდათ. მაშინ მისი სახელი საბჭოთა კავშირს აზანზარებდა. ბაბუასთან მიდიოდა ყველა, ვისაც რამე უჭირდა. მერე ისიც ხან კოსიგინთან შედიოდა, ხან - ბრეჟნევთან, რომელიც მისი მეგობარი იყო...

ჩემი დიდი ბებია (მელიტონის დედა) ჩვენთან ცხოვრობდა. მახსოვს, ჩვენს ოჯახში, საბჭოთა კავშირის სკოლებიდან თუ ინსტიტუტებიდან მოჰყავდათ ახალგაზრდები, ქანთარიას დედასთან ფოტო რომ გადაეღოთ. ერთხელ იმდენჯერ გახადეს და ჩააცვეს, შეწუხებულს ხუმრობით უთქვამს, მე არ ამიტანია ის დროშა და ვინც აიტანა, ფოტოც იმასთან გადაიღეთო.

- ცნობილია, რომ ომის შემდეგ მას თბილისშიც სთავაზობდნენ დასახლებას, მოსკოვშიც...

- აფხაზეთში დარჩა. დღეს გადამწვარია მისი სახლ-კარი... აფხაზეთის ომის ამბავს ძალიან განიცდიდა. ამბობდა, ჩვენ ფაშისტებს ვებრძოდით, აქ კი ძმა ძმას ებრძვისო. ამ ომს მისი შვილიშვილიც შეეწირა. ის თებერვალში დავკრძალეთ და დეკემბერში მელიტონ ქანთარიაც გარდაცვალა 72 წლის ასაკში.

იხილეთ ასევე: დამშეული "მეფის ამალა" და ნავთგადასხმული სუფრა - მე-2 მსოფლიო ომი და ქართველი მსახიობები

ეკა სალაღაია