"ადამიანი მოვიდა წირვაზე დასასწრებად, მეთქვა, წადი აქედან-თქო?" - რატომ ჩამოვიდა საქართველოში მოსკოვის ყოფილი მერი? - კვირის პალიტრა

"ადამიანი მოვიდა წირვაზე დასასწრებად, მეთქვა, წადი აქედან-თქო?" - რატომ ჩამოვიდა საქართველოში მოსკოვის ყოფილი მერი?

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოს მეუღლესთან ერთად სტუმრობს. როგორც ცნობილია, 80 წლის ლუჟკოვმა, მისმა მეუღლემ და მათმა თანმხლებმა პირებმა, სოფელ ქანდაში 13 ასურელი მამის მონასტერი მოინახულეს. ამ ვიზიტის ამსახველი ფოტოები "ფეისბუქის" პირად გვერდზე მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა სერაფიმემაც გაავრცელა.

ამ ამბავმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, რის შემდეგაც მამა სერაფიმე "ფეისბუკში" ლუჟკოვის ვიზიტს გამოეხმაურა.

"ხალხნო, მაინტერესებს, ჩვენთან ლუჟკოვის წირვაზე დასწრებაზე ამხელა აჟიოტაჟი რომ ატყდა, თურმე ის ყოფილა ოკუპანტი. პირველ რიგში, მე გეკითხებით თქვენ, ამ კაცს მე მივეცი ვიზა? მე მივანიჭე მას საპატიო მოქალაქეობა თბილისის და ბათუმის? თუ შემოუშვეს ჩვენს ქვეყანაში და ადამიანი მოვიდა წირვაზე დასასწრებად, მეთქვა წადი აქედან-თქო? ეკლესიის კარი ღიაა ყველასთვის პოლიტიკოსი იქნება თუ გლეხი. რაც მთავარია, ეკლესიაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არავის მივცემ უფლებას, რომ პოლიტიკაზე ილაპარაკოს, მაგრამ გაგდებით არც არავის გავაგდებ. ჩემს აზრს ყოველთვის ხმამაღლა ვიტყვი, გინდ მტერი მოვიდეს და გინდ მეგობარი. ეს არის ჩემი კერძო აზრი, ამიტომ, თუ რომელიმე თქვენთაგანი დავაბრკოლე, შენდობას გთხოვთ", - წერს არქიმანდრიტი სერაფიმე.

იური ლუჟკოვი 2006 და 2009 წელს არის ოკუპირებულ სოხუმში ნამყოფი და მას დარღვეული აქვს "ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი".

ლუჟკოვის ვიზიტზე კომენტარი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემაც გააკეთა. შალვა ხუციშვილის განცხადებით, მესაზღვრეს არ ჰქონდა რაიმე ნიშანი იმისა, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევა დაედგინა.

"დანარჩენი არის დამატებითი გარკვევის საგანი. შემოვიდა ლეგალური საბუთით, რომელშიც რაიმე მონაცემი იმის შესახებ, რომ მას ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონმდებლობა დარღვეული, არ იყო და შესაბამისად, მესაზღვრეს არ ჰქონდა ფორმალური საფუძველი, რომ სხვა გადაწყვეტილება მიეღო", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით