სოსო ოხანაშვილი: "დაკავების შიში არ მაქვს, საქართველოდან ამიტომ არ წამოვსულვარ" - კვირის პალიტრა

სოსო ოხანაშვილი: "დაკავების შიში არ მაქვს, საქართველოდან ამიტომ არ წამოვსულვარ"

როგორც ცნობილია, პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა, სოსო ოხანაშვილმა საქართველო რამდენიმე კვირის წინ დატოვა და გერმანიაში გაემგზავრა.

ქვეყნიდან წასვლის მიზეზებზე ოხანაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში დარჩენის სურვილი აღარ ჰქონდა.

მისივე განცხადებით, გერმანიაში "სამსახურის გამო წავიდა", თუმცა იქვე აღნიშნა, რომ დასაქმების შეთავაზება საქართველოშიც მიიღო.

"საერთოდ, ჩემს მიერ საქართველოს დატოვების მიზეზი, რა თქმა უნდა, ის უნიჭოდ დადგმული შოუა, რომელმაც შეძრა ქართული საზოგადოება.

საქართველოში უბრალოდ სურვილი აღარ მქონდა დარჩენის. დასაქმების შემოთავაზებები მქონდა, მაგრამ დარჩენის სურვილი - არა", - აღნიშნა ოხანაშვილმა.

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად ვარაუდობდა, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე შესაძლოა მისი დაკავებაც მომხდარიყო, ოხანაშვილის თქმით, ამის შიში ნამდვილად არ ჰქონია და საქართველოს დატოვების შესახებ გადაწყვეტილება აღნიშნულს არ უკავშირდება.

"არა, ამიტომ არ წამოვსულვარ. მაგის შიში მართლა არ მაქვს. მე ოთხი შვილი მყავს და ოჯახს შენახვა ჭირდება", - აღნიშნა პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა.

"ინტერპრესნიუსი"