რამდენიმესაათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, ტყიბულის შახტიდან დაღუპული მეშახტეების ცხედრები ამოიყვანეს - კვირის პალიტრა

რამდენიმესაათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, ტყიბულის შახტიდან დაღუპული მეშახტეების ცხედრები ამოიყვანეს

გუშინ, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში სატვირთო ლიფტის ბაგირი გაწყდა და ლიფტი შახტაში ჩავარდა. მასში 4 მეშახტე იმყოფებოდა.

ადგილზე მეშახტეთა სამაშველო-სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. რამდენიმესაათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, ტყიბულის შახტიდან დაღუპული მეშახტეების ცხედრები ამოიყვანეს. ოთხი გარდაცვლილი მეშახტის ცხედარი ტყიბულიდან ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს ყველა სახის კომპენსირება გაეწევა როგორც კომპანიის, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან.

მინისტრის განცახებით, რომ ჩატარდება მაქსიმალურად ღია გამოძიება და გამოძიების შედეგების შესაბამისად, ყველა დამნაშავე პირი დაისჯება.

"დღეს ალბათ, არ არის ის მომენტი, როცა ჩვენ მტყუან-მართალი უნდა ვეძებოთ. აქ არის ის მომენტი, როცა მაღაროელებს უნდა დავუდგეთ გვერდით და მაქსიმალურად გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ოჯახის წევრებს და მაღაროელების საზოგადოებას ეს ტრაგიკული დღე, ტრაგიკული მოვლენა შევუმსუბუქოთ", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"