ხანდოს ხეობაში პოლიციამ აქციის ექვსი მონაწილე დააკავა - კვირის პალიტრა

ხანდოს ხეობაში პოლიციამ აქციის ექვსი მონაწილე დააკავა

ხანდოს ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას აპროტესტებს. დღეს გამართული აქციის მონაწილეებმა ფასანაურში გზა გადაკეტეს. გზის გადაკეტვის დროს მოქალაქეებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს.

ადგილობრივი მოსახლეობა იმ ადგილზე მისვლას ცდილობდა, სადაც მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები უნდა აშენდეს. ისინი მშენებლობის ადგილიდან ტექნიკის გამოყვანას ითხოვდნენ.

ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ აქციაზე პოლიციამ ექვსი პირი დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, დაკავების მიზეზი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა გახდა. დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით მოხდა.