"პირველად ხარი დახატა და თქვა, ეს ჩემი ავტოპორტრეტიაო" - ნოდარ დუმბაძის უცნობი ნახატები - კვირის პალიტრა

"პირველად ხარი დახატა და თქვა, ეს ჩემი ავტოპორტრეტიაო" - ნოდარ დუმბაძის უცნობი ნახატები

ახლახან საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მეხუთე კორპუსში ნოდარ დუმბაძის სახელობის დარბაზი გაიხსნა, სადაც ყველასთვის საყვარელი მწერლის ნახატებიც გამოფინეს, რაც ბევრი დამთვარიელებლისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე, მირიან ხოსიტაშვილი:

- საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეხუთე კორპუსში ნოდარ დუმბაძის სახელობის დარბაზი გაიხსნა, სადაც გამოფენილია მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ფოტოები, ნახატები, ხელნაწერებისა და პირადი ნივთების ნაწილი... ასევე წარმოდგენილია ნოდარ დუმბაძის მიერ სხვადასხვა ენაზე გამოცემული წიგნები... დარბაზი ადაპტირებულია ეტლით მოსარგებლე პირებისთვის და მიმდებარე ეზოსა და გამწვანებულ ბაღთან ერთად სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებისთვის საკმაოდ საინტერესო სივრცეს ქმნის. აქვე განთავსებულია ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო ფონდი…

alt

- გახსნაზე საზოგადოების ნაწილი განსაკუთრებულად ნოდარ დუმბაძის ნახატებით დაინტერესდა...

- დიახ... გახსნის ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ნოდარ დუმბაძის ნახატები. მათგან უმეტესობა ფართო საზოგადოებისთვის უცნობია. ნახატები ოჯახმა წარმოადგინა და გამოფინა... ბევრი მათგანი პირველად გამოიფინა. დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ ნოდარ დუმბაძის მეუღლეს და შვილს, ასეთი უმნიშვნელოვანესი ექსპონანტები რომ გადმოიტანეს ნოდარ დუმბაძის სახელობის დარბაზში...

ტარიელ ჭანტურია, პოეტი:

- ვიცოდი რომ ხატავდა... ნოდარა ყოვლად გამორჩეული კაცი იყო! გულსატკენი ის არის, ადრე წავიდა ჩვენგან! ახალგაზრდები რომ ვიყავით, ხშირად ფეხბურთს ვთამაშობდით და ჩვენს შორის ყველაზე ღონიერი, სწრაფი და ჯანმრთელი ნოდარი იყო! ასეთი კაცი ცხოვრებამ დაშალა, დაანგრია, მოსპო და გაანადგურა! ხუთი წლის ანგელოზივით ბიჭი მოუკვდა, სიძე მოუკვდა, დედა გადასახლებული ჰყავდა, მამა დახვრეტილი... თვითონაც არაერთი საშინელება გადახდა თავს, ქეიფიდან მოდიოდნენ და ერთ-ერთს ვიღაც შემოაკვდა, ეს ნოდარმა არ თქვა და ცხრა თვე სხვის მაგივრად ციხეში იჯდა...

ჩვენი თაობის ყველაზე ჯანმრთელი და ღონიერი კაცი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა რამდენიმე ინფარქტით... პირველი ინფარქტის შემდეგ დაიწყო ხატვა, მე მინახავს რომ ხატავდა, მაგრამ ამისთვის სერიოზული მნიშვნელობა არ მიმინიჭებია... მე, ოთარა ჭილაძემ და სხვებმა, ჩვენი თაობის მხატვრების სახელოსნოებში გავატარეთ ცხოვრება - პიკო ნიჟარაძის სახელოსნოში პოკერს ვთამაშობდით, ჩუბჩიკას სახელოსნოში ვიყავით ხშირად, დიმა ერისთავთან, ჯემალ ლოლუასთან და ამ დროს მწერალი რომ გახდა მოყვარული მხატვარი, ამისთვის დიდი ყურადღება არ მიგვიქცევია... ახლა კი სიხარულით და გაოცებულიც კი ვათვალიერებ მის ნახატებს... მე თვითონაც მაქვს ნოდარ დუმბაძის ორი გრაფიკული ჩანახატი. მრავალმხრივად ნიჭიერი კაცი იყო. ის არ გახლდათ მოცარტი ან კარუზო, მაგრამ სუფრაზე მის გვერდით სიმღერას არაფერი სჯობდა... ქართული კულტურის ტრაგედიაა, ამხელა ტალანტის სრული რეალიზება რომ ვერ მოხდა...

ქეთი დუმბაძე:

- მამას სამჯერ დაემართა ინფარქტი... პირველივე ინფარქტის შემდეგ მისმა მეგობარმა, მხატვარმა, ნოდარ მალაზონიამ საღებავები მოუტანა და უთხრა, თერაპიისთვის ხატვა ძალიან კარგიაო...

მამამაც ხატვა დაიწყო, პირველად ხარი დახატა და თქვა ეს ჩემი ავტოპორტრეტიაო. ქვემოთ მიაწერა - ნ. დ... შემდეგაც გააგრძელა ხატვა, მაგრამ დიდ ხანს არ უხატია. ძალიან ვუფრთხილდები მის ნახატებს, უსაზღვროდ მიყვარს... მამას სამუშაო ოთახში ჰკიდია ზოგიერთი ნახატი, რაც საგამოფენოდ გავაკეთე, ისინი საგურამოში - ჩვენს სახლშია, ზოგიც ჩემს დასთან - მანანასთანაა...

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)