"უნივერსალური დიეტა არ არსებობს" - კვირის პალიტრა

"უნივერსალური დიეტა არ არსებობს"

თიკა ჯამბურია: "სამი დღე არაჟანს ვჭამდი, სამი დღე ბოსტნეულს, სამი დღე ხილს".

ლიზა ბაგრატიონი: "ყველაზე ხანმოკლე (3-დღიანი) და ეფექტიანი დიეტა რძე (ან მაწონი) და ბანანია. მე რძეს ვერ ვსვამ და ვისაც ჩემსავით არ უყვარს, ორი ქილა მაწონი და 4 ბანანი ჭამოს დღის განმავლობაში. ამ დიეტით სამ დღეში 2-3 კილოგრამს იკლებ".

ყველაზე გავრცელებულ, პოპულარულ დიეტებს, რომელთაც ცნობილი ადამიანები მიმართავენ, ხშირად სოციალურ ქსელებშიც წააწყდებით. ბევრმა არ იცის, მეგობრის მიერ შერჩეულ დიეტას რა ზიანი მოაქვს ჯანმრთელობისთვის. ხშირად გახდომის სურვილით შეპყრობილი ადამიანი ერთსა და იმავე დიეტას ყოველ თვეში ან რამდენიმე თვის გამოტოვებით იცავს. კითხვით - რა ზიანი მოაქვს ზემოთ ჩამოთვლილ დიეტებს ადამიანის ორგანიზმისთვის, ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას მივმართეთ:

- ე.წ. დიეტები გულისხმობს შიმშილს და ის არ შეიძლება დაიცვას ყველამ, რადგან შესაძლებელია დაიზიანოს სხვადასხვა ორგანოთა სისტემები. ძირითადად, კუჭ-ნაწლავი. თუ პაციენტს აქვს ნაღველკენჭოვანი დაავადება, ამ შემთხვევაში სავარაუდოა კენჭების დაძვრა, რამაც შესაძლებელია მიგვიყვანოს სტაციონარში მოხვედრამდე, ხოლო თუ გვაქვს გენეტიკური დატვირთვა ამ დაავადებისადმი, მაღალია რისკი კენჭის წარმოქმნისა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დიეტა მოქმედებს თირკმლებზეც, რადგან, ძირითადად, ცილოვანი პროდუქტებია, რომლებიც ზედმეტ დატვირთვას აიძულებს თირკმლებს. გარდა ამისა, დიეტის დასრულების შემდგომ, ხშირად კილოგრამები უკან ბრუნდება. დიეტა ორგანიზმში მიკრო, მაკროელემენტების, ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტსაც იწვევს.

- დღეს ძალიან პოპულარულია "დუკანის დიეტა". რას ურჩევთ მათ, ვინც ამ დიეტას იცავს?

- დუკანის დიეტაში ძირითადი ადგილი უჭირავს ცილოვან პროდუქტებს, თუმცა შედის ბოსტნეულიც. ჩემი აზრით, კვების რაციონი მორგებული უნდა იყოს ადამიანზე, არ შეიძლება ის ყველასთვის უნივერსალური იყოს, რომ არაფერი ვთქვათ ჩვენს ქვეყანაში რაიონების მიხედვით, საზოგადოდ, კავკასიის რეგიონში ხალხთა განსხვავებაზე, საერთოდ, მსოფლიო ხალხთა მეტაბოლურ ინდივიდუალიზმზე.

- რა წესები უნდა დაიცვას გახდომის მსურველმა, რომ დიეტამ მის ჯანმრთელობას არ ავნოს?

- დიეტა, ანუ სწორი კვება, გულისხმობს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, მიკრო-მაკროელემენტების, ვიტამინების, მინერალებისა და წყლის რაციონალურ მიღებას. თითოეული ეს კომპონენტი აუცილებელია ჩვენი ნივთიერებათა ცვლისთვის. ამიტომ შეეცადეთ, ეს ყველაფერი არ გამორიცხოთ კვების რაციონიდან. თუ, რა თქმა უნდა, რომელიმე დაავადება არ მოითხოვს ამა თუ იმ პროდუქტის გამორიცხვას. ყველაზე კარგი დაბალანსებული კვება და ფიზიკური აქტივობაა. კვების რაციონში უნდა შედიოდეს ყველა საყუათო ნივთიერება, რაც ორგანიზმს სჭირდება.

ნინო წიფურია