"განძის მაძიებლებს კიდევ გადაუთხრიათ და გაუნადგურებიათ იქაურობა" - რა ელის ტაო-კლარჯეთში მდებარე ულამაზეს ეზბეკის მონასტერს?!
"განძის მაძიებლებს კიდევ გადაუთხრიათ და გაუნადგურებიათ იქაურობა" - რა ელის ტაო-კლარჯეთში მდებარე ულამაზეს ეზბეკის მონასტერს?!
რამდენიმე დღის წინ ჩემმა მეგობარმა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა, გიორგი დვალაშვილმა ტაო-კლარჯეთში მდებარე ეზბეკის მონასტრის ახალი ფოტოებიც გამომიგზავნა და მომწერა:
"ახლახან ტაო-კლარჯეთში ვიყავი და ეზბეკის მონასტერშიც ავედით. ვეღარ იცნობ იქაურობას, გული მოგიკვდება, რომ ნახო - ჯერ ერთი, რომ განძის მაძიებლებს კიდევ გადაუთხრიათ და გაუნადგურებიათ იქაურობა, სამ ადგილას 2-მეტრიანი თხრილებია; მეორეც - ვეღარ იცნობ მონასტრის შემოგარენს. იქ შენც ხომ მაისში იყავი და მახსოვს, რა აღფრთოვანებით ლაპარაკობდი ეზბეკის ყაყაჩოებზე. ახლა
You must have Flash Player installed in order to see this player.
მონასტრის წინ, იმ ადგილას, სადაც ყაყაჩოები უნდა დაგვხვედროდა, კაკლის ხეივანი გააშენეს, თითქოს ირგვლივ სხვა ტერიტორია არ იყო"!

ეს ამბავი მართლაც ელდასავით მეცა - ოშკი, ხანძთა, ოთხთა, პარეხთა, დოლისყანა და სხვა ძეგლები არ გვაკლდა, საქართველოს შესაბამისი უწყებებიდან თითსაც რომ არავინ ანძრევს, მათ გადასარჩენად... ასე მგონია, და არცთუ უსაფუძვლოდ, ამ ადამიანების ნაწილს ფოტოზეც არ უნახავს მათი უმრავლესობა, არათუ ჩასულა და დაუთვალიერებია! აბა, ეზბეკზე ვინღა იფიქრებს, ფაქტობრივად, ტურისტულ მარშრუტშიც არ ზის. არადა, ვერ წარმოიდგენთ, რა გასაოცარი სანახაობაა იქ, მის მნიშვნელობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ!
განძის მაძიებლებს კიდევ გადაუთხრიათ და გაუნადგურებიათ იქაურობა
ეზბეკის მონასტერში ჩემს მოგზაურ, საქართველოს წარსულისა და აწმყოს სიყვარულში დაუღალავ მეგობრებთან ერთად 2015 წლის მაისის დასაწყისში ვიყავი. ეზბეკის ულამაზესი ხეობა "ხალიან" მთებს შორისაა მოქცეული, ეზბეკის კომპლექსისკენ კი ამ მთებში გაყვანილ, შიგადაშიგ გულსაც რომ აგიფანცქალებს, ისეთ ვიწრო გზას მიჰყავხარ. მთავარია, შემხვედრ
მანქანას არსად გადაეყარო. ზემოთ ასულებს ათასფერ ზოლებად დაღარული პანორამა დაგვხვდა, შუაში - ყაყაჩოების თვალუწვდენელი ველით: აშკარად სამოთხეში მოვხვდით! გახსოვთ, ლადო ასათიანი? - "ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?!" მახსოვს, ისეთი აჟიტირებული ვიყავი, გულში შემოვძახე: "იქნებ მე თვალი მატყუებს, ზეცა მაბრმავებს კრიალა,/ მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით და მარქვით ომახიანად:/ თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა,/ მა ეს ბებერი ეზბეკი რა ძალამ ააბდღიალა?!" ყაყაჩოების ველს ლამის შევესიეთ, ეკლესიას რომ მივუახლოვდით, გველსაც კი გადავეყარეთ. ერთმანეთს ვასწავლიდით, ტაშის კვრით იარეთ, ეგებ შევაშინოთო და ასე აპლოდისმენტებით აღმოვჩნდით ტაძრის ნანგრევებში...
მონასტრის წინ, იმ ადგილას, სადაც ყაყაჩოები უნდა დაგვხვედროდა, კაკლის ხეივანი გააშენეს
ეზბეკის არქიტექტურული კომპლექსი მაღალი ქარაფის თავზე, ტაფობზეა განლაგებული და მასში IX საუკუნის ბაზილიკა, XIV-XV სს-ების დარბაზული ეკლესია, კოშკი, გალავანი და კარიბჭე ერთიანდება. ბაზილიკა ნაგებია კირქვის სხვადასხვა ზომის ოთხკუთხა ქვებით. სახურავზე ფრაგმენტულადაა შემორჩენილი მოჭიქული, ტერაკოტას ფერის კრამიტი. შუა ნავის კამარა ჩამონგრეულია. გვერდითა ნავები ცენტრალურ ნავთან შედარებით ძლიერ ვიწროა. ბაზილიკის საკურთხეველში, ასევე ფრაგმენტულადაა შემორჩენილი გახუნებული ფრესკები.

ჩვენი ჯგუფის ორი წევრი - ხელმძღვანელი თამთა ჭანტურია და მძღოლი ზვიად ჩიტაური ერთი წლით ადრეც ყოფილან ეზბეკში და მაშინ საკურთხეველი ჯერ არ იყო გათხრილი. ჩანს, მას შემდეგ გაუთხრიათ განძის მაძიებლებს. რომ დავაკვირდით, თითქოს, სამარხს ჰგავდა... ახლა კი, იქაურობა სრულიად გაუვერანებიათ.

ჩვენი კულტურის მესვეურებზე აღარაფერს ვამბობ, მაგრამ ბევრ ქართველ ტურისტსა და მომლოცველს რომ ევლო ეზბეკში, ეგებ, თურქებიც დაინტერესებულიყვნენ და დანარჩენი ტერიტორია მაინც შეენარჩუნებიათ თუნდაც ისე, როგორიც ჩვენ ვნახეთ!

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (4)
ირმა ხარშილაძე
18 მაისი 2017 05:29
ოკ-ს
ლაზები უფრო ართვინისკენ ცხოვრობენ, ბორჩხასი ხომ მართლაც ლაზეთია, ქართულადაც მშვენივრად ლაპარაკობენ, წინაპრებმა გვასწავლესო, - მითხრეს.
ეზბეკში, ოშკში და კიდევ ბევრ ისტორიულ ძეგლთან ან სომხები ცხოვრობენ, ან თურქები, რომლებსაც ფულისა და ოქროს მეტი პირზე არაფერი აკერიათ!...
შესაძლებელი იყო სამთავრობო დონეზე მათთან დალაპარაკება, წინა კულტურის მინისტრს მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდა მასინდელ თურქ კოლეგასთან. იშხნის რესტავრაცია რომ დაიწყეს, მომდევნო ნაბიჯი ოშკის რესტავრაცია უნდა ყოფილიყო. რაღაც ნაბიჯები გადაიდგა კიდეც, მაგრამ შემდეგ მინისტრი გამოიცვალა და მგონი, ახლანდელი მინისტრი არც ყოფილა ტაო-კლარჯეთში და არც მისი მოადგილე, რომელიც ეროვნული მემკვიდრეობისა და უცხოეთთან ურთიერთობის სფეროს ხელმძღვანელობს (მე ასეტი ინფორმაცია მაქვს). არც იშხანში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოები უნახავთ მათ.

http://1tv.ge/ge/news/view/114944.html

http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=2&id_artc=28335 ამ სტატიაში მინისტრი ამბობს, იშხნის რესტავრაცია დასრულდაო. ეს სიცრუეა. რესტავრაცია იქ არ დასრულებულა, თუმცა, საბედნიეროდ, როგორც მითხრეს, ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს. მინისტრს იშხანი რომ ენახა,ვერ იტყოდა, სამუშაოები დასრულდაო. 1-2 სიტყვას იმ ულამაზეს იატაკზეც მოაყოლებდა, რესტავრაციისას რომ აღმოაჩინეს.
პატივისცემით, სტატიის ავტორი ირმა ხარშილაძე
Geno
17 მაისი 2017 09:13
თქვენ კიდევ მეჩეთი მეჩეთზე აუშენეთ საქართველოში ყველა ფეხის ნაბიჯზე.
ლუკა
17 მაისი 2017 01:57
ჩვენი წყალწაღებული კულტურის მინისტრის "შრომა" და "ბრძოლა" გადაარჩენს ქართულ მემკვიდრეობას თურქეთის ტერიტორიაზე. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მხრივ არანაირი აქტიურობა არის თურქეთის მიმართულებით. აღარაფერს ვამბობ აფხაზეთში და ცხინვალის მხარეს რომ ნადგურდება ქართული ტაძრები.
ოკ
16 მაისი 2017 19:14
ეს მათ უნდა შეენახათ ვინც იქ დარჩა... ჩვენ იმას ვერ ვუვლით რაც ჩვენს ტერიტორიაზეა და გადაღმა ვინ ჩივა.. სამწუხაროა რომ იქ მცხოვრები ლაზები თავს არ თვლიან ქართველებად, იქნებ მთლად ისინიც არ არიან დამნაშავე, ხანდახან მეც მრცხვენია ჩემი თანამემამულეების საქციელი მაგრამ არასდროს არ ვინანებ და შემრცხვება რომ მე ქართველი ვარ.. დიდება ჩვენს წინაპრებს და მათ დიად სულებს
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები