"ჯერ მეც არ ვიცი, გრიშა კაკაჩია მამაჩემია თუ არა" - კვირის პალიტრა

"ჯერ მეც არ ვიცი, გრიშა კაკაჩია მამაჩემია თუ არა"

"ვერ ვიტყვი, რომ მარიხუანა არ მომიხმარია, მაგრამ მის გამო პრობლემას ვერ შევიქმნი"

"ჩემი ცოლის დაქალების" სინჯებზე მივედი და ცოტა ხნის შემდეგ შევიტყვე, რომ დამამტკიცეს"

26 წლის მსახიობი ბექა ლემონჯავა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" გამოჩნდა და გრიშა კაკაჩიას შვილი, თემურ ძიგუა, განასახიერა. ცხოვრებისეულ და კარიერულ ამბებზე ბექა "კვირის პალიტრას" ესაუბრა:

- "ჩემი ცოლის დაქალების" ქასთინგის მენეჯერი ეკა მჟავანაძე "მძევლების" პრემიერაზე ვნახე და ქასთინგზე მიმიწვია, თან ამიხსნა, რომელ პერსონაჟზე იყო ლაპარაკი. მივედი სინჯებზე და ცოტა ხნის შემდეგ შევიტყვე, რომ დამამტკიცეს.

- ეკრანულ მამაზე რას იტყვით?

- ჯერ მეც არ ვიცი, გრიშა კაკაჩია მართლა მამაჩემია თუ არა.

სერიალში გადაღების პარალელურად თეატრ "რუსთაველის 19"-ში ვმუშაობ, რომელიც ახალი გახსნილია და ვცდილობთ, ჩვენი ადგილი ვიპოვოთ თეატრალურ სამყაროში, პატარ-პატარა ექსპერიმენტებს ვატარებთ.

- მანამდე მაყურებელი სხვა სერიალებიდანაც გიცნობდათ.

- ჯერ "შუა ქალაქში", შემდეგ "ტიფლისშიც" ვითამაშე.

- "მძევლებში" როგორ მოხვდით?

- 2013 წელს მიშა აფხაზავამ მიმიწვია ქასთინგზე, თავს ვიკავებდი, რამდენიმე კვირაში ესპანეთში მივემგზავრები-მეთქი. კაცმა არ იცის, როდის გადაიღებენ და გირჩევ, მოხვიდეო. მართლაც მივედი, ორი ტური გავიარე, მერე ესპანეთში გავემგზავრე, რომ დავბრუნდი, აღარც მახსოვდა ეს ამბავი. ერთ დღეს მეგობარმა დამირეკა, კინოსტუდიაში გეძებენო. თურმე სამი წლის შემდეგ იმავე პროექტის ახალი ქასთინგ-მენეჯერი, ლელი მიმინოშვილი მირეკავდა. ფილმში ტელერადიოკომპანიის ხელმძღვანელის შვილს ვასახიერებ. "მძევლებში" ჩემი ეკრანული მამა მიშა გომიაშვილია. სწორედ მას უთქვამს, დააკვირდით ამ ფოტოებს, ფიზიკურად მე ასეთი შვილი შემეფერებაო და ჩემს ფოტოზე მიუთითებია. ასეთი მასშტაბის ფილმზე პირველად ვიმუშავე. ბევრი ძალიან კარგი მსახიობი გავიცანი, ჩემი თაობისაც და უფროსებიც - მერაბ ნინიძე, მიშა გომიაშვილი, ავთო მახარაძე...

- თვითმფრინავის ბიჭების ისტორიაზე რა იცოდით?

- 16-17 წლისამ წავიკითხე დათო ტურაშვილის წიგნი და მახსოვს, ამატირა. როდესაც უკვე სხვა დოკუმენტებს გავეცანი, კითხვები გამიჩნდა. რომ მცოდნოდა, ეს ფილმი კონკრეტული ადამიანის პოზიციას გამოხატავდა და მისი ხედვით გადმოგვცემდა თვითმფრინავის ბიჭების ამბავს, რომ ეს ბიჭები გმირები არიან, ან ტერორისტები, არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდებოდი პროექტში მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ მიღირდა როგორც მსახიობს.

- დღევანდელი თაობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად ხშირად ასახელებენ ონლაინკაზინოებს და სააფთიაქო ნარკომანიას.

- ორ-სამჯერ ვითამაშე, ისიც ძალიან მცირე თანხაზე, მაგრამ დროულად მივხვდი, რომ სისულელეა და შევეშვი. ჩემ გარშემო არიან ისეთები, რომლებიც ამ ჭაობში ჩაეფლნენ, ჰგონიათ, კაზინოში იოლად იშოვიან ფულს. ზრდასრულს უფლება აქვს, თავისი ცხოვრება როგორც უნდა, ისე წარმართოს, მაგრამ თამაში რომ არასრულწლოვნებსაც შეუძლიათ, ეს პრობლემაა. სააფთიაქო ნარკომანიაც უბედურებაა. თუ სააფთიაქო ნარკომანიის გაქრობის ხარჯზე მარიხუანა იქნება დეკრიმინალიზებული, მივესალმები. ვერ ვიტყვი, რომ არ მომიხმარია, მაგრამ მარიხუანას გამო პრობლემას ვერ შევიქმნი, უფრო მნიშვნელოვანი ინტერესები მაქვს ცხოვრებაში.

- პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- მყავს საცოლე, ანო ჩხატარაშვილი, 4 წელია ერთად ვართ, ის ესპანეთში ცხოვრობს და როცა საშუალება მაქვს, მასთან გავრბივარ. ანო ესპანეთში სწავლობს ინტერიერის დიზაინს და თან მუშაობს. ქორწილს სექტემბერში გადავიხდით, ძალიან მომწონს წინასაქორწილო ფაციფუცი. მჯერა, ეს ჩემს მეხსიერებასა და ცხოვრებაშიც ერთ-ერთ ლამაზ მოგონებად დარჩება.

ეკა სალაღაია