"ჩვენგან მალულად გადაწყვიტეს ჩვენი შვილების ბედი" - კვირის პალიტრა

"ჩვენგან მალულად გადაწყვიტეს ჩვენი შვილების ბედი"

"მერიის გადაწყვეტილებით, აუტიზმის მქონე 600-მდე ბავშვს უფასო თერაპიის საათები უმცირდება"

ორი წლის წინ აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის 500-ათასიანი ბიუჯეტი იყო, დღეს - ორმილიონნახევრიანია, თუმცა თანხების დამატების აუცილებლობა ისევ საჭიროა. გასულ კვირას აუტიზმის მქონე ბავშვთა მშობლებმა და ორგანიზაციამ, "ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ", მერიასთან აქცია გამართეს. ისინი აუტისტური სპექტრის აშლილობის ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით მოსალოდნელ ცვლილებებს აპროტესტებდნენ. მერიის გადაწყვეტილებით, აუტიზმის მქონე 600-მდე ბავშვს უფასო თერაპიის საათები შესაძლოა, შეუმცირდეს. ამ პრობლემასთან დაკავშირებით "კვირის პალიტრას" აქციის მონაწილე ერთ-ერთი მშობელი და ამასთანავე, ორგანიზაციის "ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ" ხელმძღვანელი მარი კორკოტაძე ესაუბრა.

- მერიის გადაწყვეტილებით, აუტიზმის მქონე 600-მდე ბავშვს უფასო თერაპიის საათები უმცირდება. მიზეზად ბენეფიციართა სიაში 36 ბავშვის დამატება სახელდება. ეს ჩემს შვილსაც ეხება, რომელსაც აუტიზმი აქვს. საათების შემცირების რეკომენდაცია სერვისპროვაიდერებმა (კლინიკები, სადაც აუტიზმის მქონე ბავშვები უფასო თერაპიის კურსს გადიან) მერიას მისცა.

სამწუხაროდ, ჩვენთვის ინფორმაცია ამის შესახებ არც მერიას მოუწოდებია და არც სერვისპროვაიდერებს, ჩვენგან მალულად გადაწყვიტეს ჩვენი შვილების ბედი.

- რას ითვალისწინებს უფასო თერაპიის კურსი და რამდენად მნიშვნელოვანია ის თქვენი შვილებისთვის?

- თითოეული ბავშვი ყოველთვიურად 420-ლარიან დაფინანსებას იღებს. ეს პროგრამა (თვეში უფასო თერაპიის 20 საათი) მათ უზრუნველყოფას 15 წლამდე ითვალისწინებს. ამჯერად 7 წელს გადაცილებული ბავშვებისთვის 15 საათამდე შემცირებაზე არის საუბარი, არადა, აუტიზმის მქონე ბავშვს კვირაში ასეთი თერაპიის 40 საათი სჭირდება, 20-იც კი ძალიან ცოტაა. ჩვენ შვილებს ბევრი რამ თერაპიის დახმარებით უნდა შევასწავლოთ, ასე გამოუმუშავდებათ სოციალური და აკადემიური უნარები. მერიის დაფინანსების გარდა, ბავშვი თერაპიის კურსებზე დამატებით ისედაც უნდა ვატაროთ, რაც ძვირი ჯდება (თერაპიის ერთი კურსის ფასი 30-დან 50 ლარამდეა). მე, პირადად, მერიის დაფინანსების მიუხედავად, ყოველთვიურად დამატებით 700 ლარს ვხარჯავ. ამიტომ ჩემთვის ის 5 საათიც ძალიან მნიშვნელოვანია... საკრებულოს დადგენილებით, ვინც 2015 წლის 1-ლი ივნისის შემდგომ დარეგისტრირდა თბილისში, ისინი აუტისტ ბავშვთა დახმარების სპეციალური პროგრამის გარეშე რჩებოდა, 36 ბავშვიდან უმრავლესობა თბილისში გვიან აღმოჩნდა ჩაწერილი - ზოგს ერთ-ერთი მშობელი ჰყავს რაიონიდან და ბავშვის რეგისტრაციის ადგილად ამ მშობლის მისამართია მითითებული. 12 მართლაც რაიონში ცხოვრობდა და მათი მშობლები მოგვიანებით გადმოვიდნენ თბილისში. მერიამ რამდენიმე ვარიანტი შემოგვთავაზა, ერთ-ერთზე შევთანხმდით - აუტიზმის მქონე ბავშვი, თუ მისი თბილისში რეგისტრაციიდან ერთი წელი უკვე გავიდა, დაფინანსებას მიიღებს. თუმცა, მერიამ სიურპრიზიც დაგვახვედრა - რადგან ბავშვების დამატება ხდება, ამიტომ უფასო თერაპიის 20 საათი 15-მდე უნდა შევამციროთო... ნებისმიერ შემთხვევაში, დისკრიმინაციულად და ანტიკონსტიტუციურად მივიჩნიეთ ამ ბავშვების დაუფინანსებლობა.

ჯანდაცვის სამინისტროს უნდა განეხორციელებინა ეს პროგრამა, მას უნდა დაეფინანსებინა საქართველოს მასშტაბით აუტიზმის მქონე ყველა ბავშვისთვის უფასო თერაპია, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრომ ხერხი იხმარა - ეს საქმე თბილისის მერიას მიანდო, რომელსაც მხოლოდ თბილისელ ბავშვებზე ზრუნვა ევალება.

- ე.ი. რაიონებში მცხოვრები ბავშვები არ ფინანსდებიან?

- მათ დასახმარებლად ცენტრებია გახსნილი ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში. ქობულეთში შედარებით პატარა ცენტრია, მაგრამ ფაქტობრივად დაფინანსებას არ იღებს. ამ ცენტრებს თვითმმართველობის ორგანოებიდან გამოეყოფათ თანხები. ქალაქებიდან მოშორებით მცხოვრებნი უფასო თერაპიის კურსით ვერ ისარგებლებენ.

ცხადია, საბოლოო გადაწყვეტილება საკრებულომ უნდა მიიღოს, რომელიც მერიის დადგენილებაში (რაც აუტისტ ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამას შეეხება) ცვლილებას განიხილავს. საიმედო ინფორმაციამ გამოჟონა, გვითხრეს, რომ საკრებულოს წევრები ჩვენი შვილებისთვის უფასო თერაპიის საათების შემცირებას მხარს არ დაუჭერენ. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ვიდრე არ დავინახავთ, მანამ ვერ დავმშვიდდებით.

2 თვეში მერიის მაღალჩინოსნებმა მილიონ-ნახევარი მიიღეს დანამატებისა და პრემიების სახით. და ამ ხალხს ვეხვეწებით, ჩვენს ბავშვებს უფასო თერაპიის 5 საათი არ მოუხსნათო. ხომ შეიძლება, პრემიები მოიკლონ და თანხა ჩვენი შვილების და არა მხოლოდ მათი, უკეთესი მომავლისთვის გაიღონ?!

P.S. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით თავად დავით ნარმანიამ საჯარო განცხადება გააკეთა: "მოვამზადეთ პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ბენეფიციართა კონტინგენტის გაზრდას, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ წელს ბიუჯეტში ვართ შეზღუდული, რაღაც კორექტივები საათებთან დაკავშირებით იქნება."

რა არის აუტიზმი?

აუტიზმი გონებრივი მოშლილობაა, რომელიც თავს იჩენს ადრეულ ასაკში, ხასიათდება საკუთარ თავში ჩაკეტვით, რომელსაც თან ახლავს რეალობისგან მოწყვეტა, სოციალური ინტერაქტიურობის შესაძლებლობის არქონა, განმეორებითი მოძრაობები და მეტყველების მოშლა. 18 თვის ან 2 წლის ასაკში ბავშვი ვერ აღწევს ჩვეულებრივი განვითარების დონეს. მშობელსა და ბავშვს შორის ნორმალური ურთიერთობა ირღვევა. აუტისტი ბავშვები გაურბიან პირდაპირ მზერას. აუტიზმის ყველაზე ძლიერ ფორმას ახასიათებს განმეორებადი, თვითსაზიანო და აგრესიული ქცევა, რაც დიდხანს გრძელდება, მისი შეცვლა ძალიან რთულია. ყველაზე სუსტი ფორმა ჰგავს დარღვევას, რომელიც დაკავშირებულია სწავლის უნარის დაქვეითებასთან. აუტისტ ბავშვებს ძლიერი თერაპიული ინტერვენციის, მშობლის ზრუნვის და ზოგჯერ ჰოსპიტალიზაციის გარეშე იშვიათად შეუძლიათ დამოუკიდებელი ცხოვრება.

ეკა ასათიანი