"ქუჩაში რომ გავდივარ, მეკითხებიან შენ ის არ ხარ ტელევიზორში რომ იყავი და დათო ტურაშვილი გააოცეო" - კვირის პალიტრა

"ქუჩაში რომ გავდივარ, მეკითხებიან შენ ის არ ხარ ტელევიზორში რომ იყავი და დათო ტურაშვილი გააოცეო"

16 წლის მარიამ არჩემაშვილის შესახებ ფართო საზოგადოებამ პირველი არხის გადაცემა "წიგნების თაროდან" შეიტყო. მარიამის ცოდნის თაობაზე ინფორმაციამ მთელი სოციალური ქსელი მოიცვა და ყველა აღაფრთოვანა. როგორც ამბობს, 12 წლის იყო დედის რჩევით, ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნები" რომ წაიკითხა, მაშინ დიდად არ მოსწონებია, თუმცა მოგვიანებით მის საყვარელ წიგნად იქცა. მას შემდეგ, წიგნი მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

- ვსწავლობ, თიანეთის რაიონის 1-ლი საჯარო სკოლის მე-11 კლასში. პატარა ვიყავი, როდესაც დედის რჩევით და ცოტა ძალდატანებით წავიკითხე "ჯაყოს ხიზნები", მას შემედეგ გაიხსნა ჩემი გზა ლიტერატურისკენ. სწორედ ამან მიმიყვანა პროექტ "წიგნების თარომდე". პროექტის შესახებ ინტერნეტით გავიგე და ვინაიდან წიგნის კითხვა მიყვარდა გადავწვიტე დავრეგისტრირებულიყო. შემდეგ სკოლის დირექციას მივმართეთ სამმა გოგონამ, წარმატებით გავიარეთ ყველა პროცედურა და ასე აღმოვჩნდით პროექტში.

- შენმა ბლიცმა მთელი სოციალური ქსელი მოიცვა და საზოგადოების გაოცება გამოიწვია, მათ შორის იყო მწერალი დათო ტურაშვილი, რომელმაც ერთ-ერთ გადაცემაში შეგაქო, რა ნიშნავს ეს შენთვის?

- ეგ ამბავი მოგვიანებით ვიდეოდან შევიტყვე. ეს, რა თქმა უნდა, დიდი სტიმული და ამასთანავე, დიდი პასუხისმგებლობაა. რაც ადრე გეპატიებოდა ახლა აღარ გეპატიება, საზოგადოება უფრო მეტად მომთხოვნი ხდება შენს მიმართ. თიანეთი პატარა რაიონია და ყველა ყველას იცნობს, გარეთ რომ გადიხარ გეკითხებიან, ვისი შვილი ხარ და შენი ოჯახის წევრების სახელით გიცნობენ, ახლა ქუჩაში რომ გავდივარ, მეკითხებიან შენ ის არ ხარ ტელევიზორში რომ იყავი, დათო ტურაშვილი გააოცეო. კარგია აქცენტს შენს ოჯახის წევრებზე რომ აღარ აკეთებენ და შენ გცნობენ.

- რომელია შენი საყვარელი წიგნი?

- რთულია გამორჩევა რომელიმე წიგნის ან ავტორის, ყველა წიგნიდან და ავტორისგან რაღაც ახალს იგებ, ახალს სწავლობ. მაინც ერთ-ერთ საყვარელ წიგნად ჯემალ ქარჩხაძის "ქარავანს" დავასახელებდი. ამ წიგნმა ჩემთვის ბევრი რამ შეცვალა და ძალიან დიდი ადგილი დაიკავა ჩემს ცხოვრებაში. თავისუფალ დროს ფილმებს ვუყურებ და ვხატავ.

- შენი ასაკის მოზარდები ძირითადად გართობაზე არიან ორიენტირებულები, მეცადინეობას სოციალურ ქსელში ყოფნას ამჯობინებენ... შენ როგორ ხარ ინტერნეტთან და სოციალურ ქსელებთან?

- ინტერნეტის აქტიური მომხმარებელი ვარ და მიმაჩნია, რომ ის საოცარ შესაძლებლობებს იძლევა, რაც ადამიანმა უნდა გამოიყენოს გასათავისუფლებლად და არა დასამონებლად. ვგულისხმობ იმას, რომ დამოკიდებული არ უნდა გავხდეთ მასზე. ინტერნეტის საშუალებით შეიძლება განვვითარდეთ, უფრო მეტი გავიგოთ ამა თუ იმ იმ კონრეტული საკითხის გარშემო. ასევე ინტერნეტი კარგია იმისათვის, რომ სწრაფად მივიღოთ ინფორმაცია იმ შემთხვევაში, თუ დრო არ გაქვს ბიბლიოთეკაში წასასვლელად.

- რა პროფესიის არჩევას ფიქრობ სამომავლოდ?

- მამა პროფესიით იურისტია, ერთი პერიოდი ეს პროფესია მეც მომწონდა. ჩემი საყვარელი საგანი სამოქალაქო განათლებაა, მაგრამ ახლა რატომღაც გადავიფიქრე. ჯერჯერობით ამ ეტაპისთვის მომწონს ფსიქოლოგიური, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ეს მეორადი პროფესია იქნება. დიდი ალბათობით, ალბათ საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩავაბარებ.

- რას ურჩევდი შენს თანატოლებს?

- წიგნები არ იკითხონ იმის გამო, რომ ოჯახის წევრებს უნდათ ასე. ვიღაცას უნდოდეს შენ იკითხო, იყო განათლებული არ არის სწორი მიდგომა, ეს შენგან უნდა მოდიოდეს. ჩვენ ხომ ერთი სოცოცხლის განმავლობაში არაერთი ადამიანის ცხოვრებით ცხოვრება შეგვიძლია, რეალურად, წიგნთან ერთად გავდივართ იმაზე მეტ ცხოვრების გზას, ვიდრე შეიძლება 50, 100 წელში გავიაროთ. შეიძლება მთელი ცხოვრება სახლში ვისხდეთ ერთ საქმეს ვაკეთებდეთ გამუდმებით, წიგნთან ერთად კი ვიმოგზაუროთ მთელი მსოფლიოს გარშემო ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას იმ განცდებით და ემოციებით, რაც იქ ჩასვლისას შეიძლება შეგვეგრძნო. პირადად ჩემი ცხოვრების დევიზი ასეთია, - მაშინც კი, როდესაც დამარცხება გარდაუვალია, არ უნდა თქვა, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს.

ნინო ჩიქოვანი (სპეციალურად საიტისთვის)