"33 კაცი 11 მოწინააღმდეგეზე გაგვცვალეს, ამ 11 -ში ერთი არძინბას ძმისშვილი იყო" - რისთვის სცემეს აფხაზეთის ომისას ტყვეობაში ჩავარდნილი ჩიორა? - კვირის პალიტრა

"33 კაცი 11 მოწინააღმდეგეზე გაგვცვალეს, ამ 11 -ში ერთი არძინბას ძმისშვილი იყო" - რისთვის სცემეს აფხაზეთის ომისას ტყვეობაში ჩავარდნილი ჩიორა?

მანგლისში გოჩა აფციაური თუ იკითხეთ, შესაძლოა, ბევრი ვერ მივხდეს, ვის ეძებთ, ხოლო ჩიორა სად ცხოვრობსო? - ვინმეს რომ ჰკითხოთ, მის სახლს ყველა მიგასწავლით. ფილმი "ჩიორა" 1984 წელს გამოვიდა ეკრანებზე და იმ დღიდან მოყოლებული, მისი მთავარი გმირი ძალიან პოპულარული გახდა. მას შემდეგ ყველა ჩიორას ეძახის. - ხანდახან მეც მავიწყდება, რომ გოჩა მქვიაო, - ამბობს სიცილით. დღეს იგი 54 წლისაა. "ჩიორას" შემდეგ, კინოში მონაწილეობაზე აღარც უფიქრია. ინტერვიუს ბატონ გოჩასთან ჟურნალი "გზა" აქვეყნებს, გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

- ჩემი შეხება კინოსთან შემთხვევითობას შეიძლება მივაწეროთ. პროფესიული არჩევანის დრო რომ დამიდგა, თბილისში ჩამოვედი - ჩავაბარე სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტზე. ერთ საღამოს პლეხანოვზე რეჟისორის ასისტენტმა, ვაჟა ბასილაიამ გამაჩერა, გამესაუბრა და ძველ კინოსტუდიაში დამიბარა.

- როგორი რეაქცია გქონდათ, როცა კინოზე დაგიწყოთ საუბარი?

- ვიფიქრე, ხომ არ მაშაყირებს-მეთქი? სად სოფლელი ბიჭი და სად - კინო, ამაზე არც კი მიოცნებია. მოულოდნელი იყო ჩემთვის ეს ყველაფერი. ვიდრე კინოსტუდიაში წავიდოდი, მშობლებს დავურეკე, - რას ფიქრობთ-მეთქი? - სინჯე, რატომაც არაო, - მითხრეს და მეც მივედი... გამესაუბრნენ, ფოტოები გადამიღეს და დამემშვიდობნენ: 10-14 დღეში პასუხს შეგატყობინებთო. ორი კვირა რომ გავიდა და არავინ შემეხმიანა, ცოტა გული დამწყდა, მაგრამ მერე დამირეკეს, - დამტკიცებული ხართ მთავარ როლზეო. გამიხარდა...

პარტნიორებიდან პირველად ნიკას როლის შემსრულებელი, თენგო გიორგობიანი გავიცანი. ამის შემდეგ დიდხანს ეძებდნენ მარის. კასტინგს მე და თენგოც ვესწრებოდით. ვინ არ გასინჯეს, მაგრამ შერჩევა უჭირდათ. ერთ დღეს სინჯებზე გამოჩნდა ხათუნა ჩაგელიშვილი, სიფრიფანა გოგონა, დიდი ცისფერი თვალებითა და გულუბრყვილო გამომეტყველებით. მაშინვე მივხვდით, რომ ეს მარი იყო და არჩევანი მართლაც, მასზე შეაჩერეს.

...

- ოჯახი როდის შექმენით?

- 27 წლის ასაკში შევქმენი ოჯახი. ჩემი მეუღლე, ნინო სამარღანიშვილი თბილისელია. მანგლისში მუსიკალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ჩამოვიდა და პედაგოგად დაიწყო მუშაობა. ჰოდა, დღესაც აქ ცხოვრობს და მუშაობს. 2 შვილი გვყავს, ქალ-ვაჟი და ორიც - შვილიშვილი, რომლებიც ჭკუას მაკარგვინებენ.

- როგორც ვიცი, აფხაზეთის ომში მონაწილეობდით...

- მანამდე სამხედრო ნაწილში ვმსახურობდი, განსაკუთრებული დანიშნულების ბატალიონში. ომი 14 აგვისტოს დაიწყო და სექტემბრის დასაწყიში, ჩვენც ჩავფრინდით სოხუმში, იქიდან - გაგრაში. პირველ ოქტომბერს, როცა გაგრა აიღეს, ბატალიონიდან 19 ბიჭი მოგვიკლეს, ხოლო ვინც გადავრჩით, დაახლოებით 40 კაცი, ტყვედ აგვიყვანეს. წაგვიყვანეს გუდაუთაში და 2 კვირა იზოლატორში ვყავდით. რა თქმა უნდა, ყოველდღე ცემა-ტყეპა გვქონდა, შიმშილი გვტანჯავდა.. მერე გადაგვიყვანეს საკონცენტრაციო ბანაკივით გაკეთებულ ადგილას, სადაც დაახლოებით თვე-ნახევარი ვყავდით.

- იქ თუ იცნეს ჩიორა?

- მიცნეს და სწორედ ამის გამო, რამდენჯერმე მცემეს. შენ ხომ იცოდი, აფხაზეთში რა ხალხი ვცხოვრობდით, ფილმსაც ხომ აქ იღებდით და საომრად რატომ წამოხვედიო?.. "ჩიორას" გადაღების დროს, ჩვენი გადამღები ჯგუფიდან ერთ-ერთ გოგოს შეურაცხყოფა მიაყენეს და ერთ ადგილობრივ ბიჭთან შელაპარაკება მომივიდა, წამოვარტყი კიდეც. მან ტყვეობაში ყოფნისას მიცნო და გამახსენა, - გახსოვს, მაშინ რომ მცემეო? ჰოდა, გამიყვანა და გამიერთიანა ძვალ-რბილი. საბოლოოდ, 33 ადამიანი 11 მოწინააღმდეგეზე გაგვცვალეს და ამ 11 ადამიანში ერთ-ერთი არძინბას ძმისშვილი იყო. (იხილეთ ასევე)

იხილეთ ასევე: "მაყურებლები მეკითხებოდნენ, რატომ არ გადმოხტი მატარებლიდანო" - ნიკა ფილმიდან "ჩიორა"

ეკა სალაღაია