რატომ ითხოვენ ქობულეთში, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების მშობლები საქმის ხელახალ გამოძიებას? - კვირის პალიტრა

რატომ ითხოვენ ქობულეთში, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების მშობლები საქმის ხელახალ გამოძიებას?

ქობულეთში, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების მშობლები ორი წლის წინ მომხდარი შემთხვევის ხელახალ გამოძიებას, მათ შორის, ცხედრების ექსჰუმაციას ითხოვენ და პროკურატურასთან შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან.

შეგახსენებთ, რომ ქობულეთში, სასტუმროში "არმაზში" უბედური შემთხვევა 2015 წლის 10 მაისს მოხდა. სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 3 ბავშვი ემსხვერპლა, რომლებიც რუსთავის ერთ-ერთი ცეკვის ანსამბლის წევრები იყვნენ.

როგორც ბავშვების მშობლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, არადამაჯერებელია ვერსია სასტუმროს ერთ-ერთი მფლობელის ზაზა ართმელიძის თვითმკვლელობის შესახებ.

"ძალიან არადამაჯერებელია ჩვენთვის ამ ადამიანის თვითმკვლელობა. ადამიანმა თითქმის მილიონ-ნახევრიანი ქონება დაკარგა, 3 არასრულწლოვან ბავშვთან ერთად, ამაზე მეტი უბედურება რა უნდა დაატყდეს ადამიანს?! რატომ მაშინ არ მოიკლა თავი? იძლებული გახადეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს", - აცხადებენ მშობლები.

მათივე თქმით, პროკურატურის წარმომადგენლები ართმელიძეს მშობლებთან შეხვედრის უფლებას არ აძლევდნენ, ასევე, სამართალდამცველები ხელს აფარებენ პედაგოგებს, ვინც ბავშვების მიმართ უყურადღებობა გამოიჩინეს.

"უნდობლობას ვუცხადებთ აჭარის პროკურატურას და სასამართლოს. მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს ვთხოვთ, სამი დღის განმავლობაში მიგვიღოს და ექსჰუმაციიდან დაწყებული, თავიდან გამოიძიონ ეს საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახთან ერთად პროკურატურასთან შიმშილობას დავიწყებ", - განაცხადა ხანძრის შედეგად დაღუპული თორნიკე ხვიჩიას მამამ ელგუჯა ხვიჩიამ.

მშობლები აცხადებენ, რომ დღემდე არ აქვთ ინფორმაცია, რა დაემართა მათ შვილებს - მართლა ხანძრის შედეგად დაიღუპნენ თუ არა.

ქობულეთში მდებარე სასტუმრო "არმაზის" ერთ-ერთი მფლობელი ზაზა ართმელიძე გუშინ გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ზაზა ართმელიძე იმ სასტუმროს მფლობელია, რომელშიც გაჩენილ ხანძარსაც ორი წლის წინ, რუსთავის ცეკვის ანსამბლის სამი წევრი ემსხვერპლა.

"ინტერპრესნიუსი"