"გიორგი ოვაშვილმა ძალზე მნიშვნელოვანი როლი მანდო" - ვინ არის ირანელი მსახიობი, რომელმაც ზვიად გამსახურდიას როლი შეასრულა - კვირის პალიტრა

"გიორგი ოვაშვილმა ძალზე მნიშვნელოვანი როლი მანდო" - ვინ არის ირანელი მსახიობი, რომელმაც ზვიად გამსახურდიას როლი შეასრულა

"ხიბულა" მსოფლიო პრემიერის მოლოდინში

"ჩემი ფილმი დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ბოლო 50 დღეს შეეხება, თუმცა, ფილმში არ ვნახავთ დასასრულს. ჩვენ იქამდე მივიყვანთ ამბავს, რის მერეც მაყურებელი თავად გააგრძელებს მას.

მე ვყვები ლიდერზე, რომელიც კარგავს ძალაუფლებას და რჩება საკუთარ თავთან მარტო. ამას ნაპოლეონის მაგალითზე გავაკეთებ, სტალინის თუ სხვა ლიდერის მაგალითებზე, ჩემი გადასაწყვეტია... ეს არის ფილმი, სადაც პრობლემაზე ვსაუბრობ ზვიად გამსახურდიას მაგალითზე. ფილმში მას სახელსაც კი არავინ ეძახის. ის არის "ბატონი პრეზიდენტი". ჩვენ არც ის გვაინტერესებს, მისი გარემოცვის თითოეულ წევრს რა ჰქვია, ჩვენ მოვლენის არსი გვაინტერესებს", - ეს ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში 2015 წელს, ჯერ კიდევ მაშინ განაცხადა, როდესაც ფილმის "ხიბულა" პროექტი მზად იყო და რეჟისორი და პროდიუსერები დაფინანსების მოძიებას ცდილობდნენ. (იხილეთ)

დღეს კი ფილმი უკვე დასრულებულია და მსოფლიო პრემიერას ელის.

"ხიბულა" ოვაშვილის კინოტრილოგიის დასასრულად მიიჩნევა, რომელშიც ასევე შედის: "გაღმა ნაპირი" და "სიმინდის კუნძული". როგორც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, ოვაშვილის ფილმში აღწერილია ზვიად გამსახურდიას ცხოვრების ბოლო 50 დღე, რომელიც მშობლიური ქვეყნის მიუვალ მთებში გახიზნულმა გაატარა. პრეზიდენტი ძალაუფლების დაბრუნებას ცდილობს, თუმცა უხილავი მდევარი აიძულებს მას, თვითონ აირჩიოს გზა საკუთარი დასასრულისკენ. როგორც უკვე ვთქვით, "ხიბულას" სცენარს საფუძვლად უდევს 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქვეყანაში განვითარებული რეალური მოვლენები.

ფილმის გადაღებები ორი თვის განმავლობაში თბილისსა და დასავლეთ საქართველოში მიმდინარეობდა. სცენარის ავტორი ოვაშვილთან ერთად ჰოლანდიელი დრამატურგი როლაფ იან მინებოოა. ფილმი საქართველოს, საფრანგეთისა და გერმანიის ერთობლივი ნაწარმოებია, მასში მონაწილეობენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მსახიობები.

გიორგი ოვაშვილი:

"ხიბულას" მსოფლიო პრემიერა ივლისშია დაგეგმილი, საქართველოში კი ფილმის საპრემიერო ჩვენება სექტემბერში გაიმართება. ამ ეტაპზე სხვა რამის თქმა გამიჭირდება, მირჩევნია, ფილმზე ვრცლად მაშინ ვისაუბრო, როდესაც ფართო მაყურებელი ნახავს".

"ეს იქნება ისტორია, ზოგადად, ადამიანის მარტოობაზე, უფრო კონკრეტულად კი ეს არის ფილმი ძალაუფლებასა და ძალაუფლების დაკარგვაზე, სამყაროს შეცვლაზე, მათ შორის ჩვენში. იმის შესახებ, თუ, მაგალითად, როგორ ხდება ილუზორული სამყაროდან რეალურ სამყაროში გადასვლა, რომელსაც, ჩემი აზრით, ძალაუფლების იდეა მოაქვს. ასევე იმაზე, თუ რა ხდება ადამიანში, როცა ის ამ ძალაუფლებას კარგავს", - განაცხადა კინორეჟისორმა ერთ-ერთ ადრეულ ინტერვიუში გიორგი ოვაშვილმა.

როგორც გავარკვიეთ, "ხიბულას" პრემიერა ჩეხეთში, კარლოვი ვარის კინოფესტივალზე გაიმართება, რომელზეც 2 ქართული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია წარმოდგენილი. ფესტივალი ჩეხეთში 30 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

ფესტივალის მთავარ კონკურსში სწორედ გიორგი ოვაშვილის ახალი ფილმი "ხიბულა" მონაწილეობს.

შეგახსენებთ, გიორგი ოვაშვილი კარლოვი ვარის კინოფესტივალზე 2014 წელსაც მონაწილეობდა და მისმა ფილმმა "სიმინდის კუნძული" კინოფესტივალის გრან პრი აიღო, მოგვიანებით კი თავად რეჟისორი კინოფესტივალის ჟიურის წევრად მიიწვიეს.

ჩვენი ინფორმაციით, საკამოდ კარგა ხნის განმავლობაში ეძებდნენ მთავარი როლის შემსრულებელს. ერთი პერიოდი, მოლაპარაკება დანიელ მსახიობ მედს მიკელსენთან მიმდინარეობდა, რეჟისორი ამბობდა იმასაც, რომ ათამაშებდა ამ როლს ჟან რენოს...

საბოლოოდ როლზე ირანელი მსახიობი შეირჩა.

ვინ არის ჰუსეინ მაჰჯუბი?!

"რა თქმა უნდა, აქამდეც ვიცოდი, ვინ არის ზვიად გამსახურდია, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი როლი შემომთავაზეს, მასზე ბევრი რამ წავიკითხე, ვნახე ბევრი ჩანაწერი და დოკუმენტური კადრი. გიორგი ოვაშვილმა ძალზე მნიშვნელოვანი როლი მანდო. გამსახურდია არა მარტო საქართველოს პრეზიდენტი, არამედ განდისა და სხვა დიდი მოღვაწის დონის მოაზროვნე იყო. სამწუხაროდ, ის თავისი დიდი იდეების განხორციელებას არ დაელოდა", - განაცხადა ფილმზე საუბრისას, ირანელმა მსახიობმა ჰუსეინ მახჯუბმა.

ის 1948 წლის 1-ლ აგვისტოს ირანში, რეშტში დაიბადა. თავდაპირველად უმაღლეს სასწავლებელში ლიტერატურას სწავლობდა, თუმცა მოგვიანებით, სხვადასხვა სამსახიობო კურსი გაიარა და 1968 წელს პირველად წარსდგა თეატრის მაყურებლის წინაშე და მას შემდეგ ინტენსიურად მონაწილეობდა სხვადასხვა თეატრალურ დადგმებში.

ირანში ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 1984 წელს ფილმით" ფაშატი" გახდა, რის შემდეგაც, მსახიობი, რომელიც დრამის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად მიიჩნევა, სხვადასხვა ცნობილ ფილმში გადაიღეს. საყურადღებოა მსახიობის სარეჟისურო კარიერაც. მისი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმია "სარკე", რომელიც 1979 წელს გადაიღო.

მაჰჯუბი სხვადასხვა კინოფესტივალის პრიზიორია. როგორც მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელმა 5 ირანულ კინოფესტივალში გაიმარჯვა. ის მთავარ როლს ასრულებს ფილმში "სამოთხის ფერი", რამაც როგორც ირანში, ასევე მის ფარგლებს გარეთ განსაკუთრებული წარმატება მოუტანა.

იხილეთ კადრები ფილმიდან

ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)

ინფორმაციის ნაწილი და ფოტოები აღებულია ვებპორტალიდან: imdb.com