"ჩვენ როცა გვიჭირდა, ვლოცულობდით “მოწყალებისა კარი განგვიღენ”, ახლაც გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, დღეში რამდენიმეჯერ ვთხოვოთ დახმარება ღვთისმშობელს" - კვირის პალიტრა

"ჩვენ როცა გვიჭირდა, ვლოცულობდით “მოწყალებისა კარი განგვიღენ”, ახლაც გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, დღეში რამდენიმეჯერ ვთხოვოთ დახმარება ღვთისმშობელს"

"ადამიანთა და სახელმწიფოთაშორის დაპირისპირებებია, ასევე, დაპირისპირებაა საქართველოში. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ უნდა გაძლიერდეს ჩვენი ლოცვა"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სულთმოფენობის დღესასწაულზე, წირვის შემდეგ ქადაგებისას, მრევლს კურთხევა მისცა, დღეში რამდენიმეჯერ სთხოვოს დახმარება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას. პატრიარქმა აღნიშნა, ის მრევლს აძლევს კურთხევას, ხშირად მიიღონ ზიარება.

“მოგეხსენებათ თქვენ, რამდენად რთულია დღევანდელი დღე მთელ მსოფლიოში, რაღაც არაჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენები, ასევე ადამიანთა და სახელმწიფოთაშორის დაპირისპირებებია, ასევე, დაპირისპირებაა საქართველოში. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ უნდა გაძლიერდეს ჩვენი ლოცვა, ჩვენი ვედრება. მეტი სულიერება გვჭირდება. ჩვენ როცა გვიჭირდა, ვლოცულობდით “მოწყალებისა კარი განგვიღენ”, ახლაც გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ დღეში რამოდენიმეჯერ ვთხოვოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას დახმარება, გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ხშირად მიიღოთ წმინდა ზიარება, ეს ძალას მოგცემთ, ასევე, გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ყოველდღე იფიქროთ სულიერებაზე, დროებით ცხოვრებაზე და მარადიულ ცხოვრებაზე. ერთ-ერთი ფილოსოფოსი ამბობს: ყველაზე დიდი ფილოსოფია არის ის, რომ ადამიანი მოემზადოს გარდაცვალებისთვის”, - აღნიშნა პატრიარქმა.

უწმინდესმა მრევლს მისცა ლოცვა-კურთხევა, საკუთარი შთაბეჭდილებები და სულიერი განცდები ჩაიწერონ.