თბილისის სასტუმროები გუშინ და დღეს - კვირის პალიტრა

თბილისის სასტუმროები გუშინ და დღეს

ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ პირველი სასტუმრო თბილისში 1818 წელს ნაპოლეონის არმიის ყოფილ ჯარისკაცს, ჟან-პოლს გაუხსნია (მისი გვარი არ შემორჩენია ისტორიას) ძველ თბილისში, ზემო კალაში. სავარაუდოდ, ჟან-პოლი ნაპოლეონთან ომის პერიოდში რუსებს ჩაუვარდა ტყვედ. ერთმა რუსმა გენერალმა მზარეულად აიყვანა და როგორღაც თბილისში აღმოჩნდა. როგორც ჩანს, საცხოვრებლად აქ დარჩა. იმდროინდელ თბილისში ცნობილი ყოფილა "ფრანცუზის" სასტუმრო. ჟან-პოლის სასტუმროში ცხოვრობდა ერთხანს ალექსანდრე გრიბოედოვი. სასტუმროსთან ტრაქტირი ყოფილა, სადაც იკრიბებოდნენ თბილისელები და მათი სტუმრები. ხანდაზმული ჟან-პოლი თბილისში გარდაიცვალა.

ძველთბილისურ სასტუმროებზე ისტორიკოსი უშანგი რუხაძე მოგვითხრობს.

"მაჟესტიკს" გრან-პრი და ოქროს მედალი მიაკუთვნეს

თბილისში კარგად ცნობილ სომეხ მეცენატ მიხეილ არამიანცს სასტუმროსთვის გოლოვინის, დღევანდელი რუსთაველის პროსპექტისა და ბარიატინსკის, თანამედროვე გიორგი ჭანტურიას ქუჩის კუთხე აურჩევია. აქ იმხანად როტინოვის სახლი მდგარა, სადაც ცნობილ ფოტოგრაფ პეტრე განკევიჩს სახელოსნო ჰქონია. არამიანცმა ეს ტერიტორია გამოისყიდა და ცნობილ ინჟინერ-არქიტექტორ ოზეროვს სასტუმროს პროექტი დაუკვეთა. 4-სართულიანი სასტუმროს აგებას გეგმავდა, მაგრამ მოულოდნელად წამოწყებული სამუშაო შეაჩერა და პროექტი მეორე ცნობილ არქიტექტორ გაბრიელ ტერ-მიქელოვს გადააბარა. ტერ-მიქელოვმა დამკვეთის ხარჯით ევროპაში იმოგზაურა და იქაური სასტუმროების არქიტექტურული თავისებურებები შეისწავლა. ჩანს, ეს მოგზაურობა ძვირად ღირებული სიამოვნება იყო, რომლის დასრულების შემდეგ თურმე არამიანცი ორჭოფობდა, დაეწყო თუ არა მშენებლობა, ტერ-მიქელოვი კი ჰპირდებოდა, ისეთ სასტუმროს აგიშენებ, რომლის ბადალიც მთელ რუსეთის იმპერიაში არ იქნებაო. მომავალმა ცხადყო, რომ ტერ-მიქელოვი არ ბაქიაობდა. მან 1915 წელს დაასრულა მშენებლობა და სასტუმროს არამიანცმა "მაჟესტიკი" დაარქვა.

"მაჟესტიკი" ფრანგულად ზღაპრულს, დიდებულს ნიშნავს. როგორც მაშინდელი პრესა იტყობინება, ის მთელ რუსეთის ტერიტორიაზე მომრგვალებულფასადიანი პირველი შენობა იყო.

პარიზში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე "მაჟესტიკს", როგორც საუკეთესო სასტუმროს, გრან-პრი და ოქროს მედალი მიაკუთვნეს. "მაჟესტიკი" გამოირჩეოდა იმ დროისთვის საუკეთესო საცხოვრებელი პირობებითაც - სამრეცხაო მოწყობილობებით, მაცივარ-ოთახებით... არამიანცის მოთხოვნით, შენობის სარდაფში კინოთეატრი "მინიონიც" გახსნილა.

პირველი მსოფლიო ომის დროს "მაჟესტიკი" ჰოსპიტლად გადაკეთდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, სასტუმროს პროფილი შეუცვალეს და პროფკავშირები განათავსეს. 1936 წელს გადაწყვიტეს, შენობისთვის სასტუმროს სტატუსი დაებრუნებინათ - ჩაუტარეს შიდა რეკონსტრუქცია და 1938-39 წლებში კვლავ გაიხსნა სასტუმრო, რომელსაც ჯერ "ნოვი თბილისი" ერქვა, შემდეგ "თბილისი". კომუნისტები მაღალი რანგის სტუმრებს ამ სასტუმროში მასპინძლობდნენ. როდესაც თბილისში ფრანკოს რეჟიმს გამოქცეული ესპანეთის კომპარტიის მდივანი ხოსე დიასი გადმოვიდა საცხოვრებლად, კანდიდ ჩარკვიანმა ის ოჯახთან ერთად სწორედ იქ დაასახლა. ხოსე დიასმა 1942 წელს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე - სასტუმროს ზედა სართულიდან გადმოხტა. იგი ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს. ალეკო ელისაშვილის ძალისხმევით მისი საფლავი იპოვეს და სამშობლოში, სევილიაში გადაასვენეს.

"თბილისი" სამოქალაქო ომის დროს განადგურდა. 2002 წელს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და დღეს "თბილისი მარიოტის" სახელით არის ცნობილი. თბილისში ჩამოსული ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში სწორედ ამ სასტუმროში დაბინავდა, აქვე ცხოვრობდნენ "ბარსელონას" ფეხბურთელები, მათ შორის ლიონელ მესი.

"ორიანტი" რუსეთის იმპერიაში საუკეთესო ხუთეულში შედიოდა

რუსთაველის პროსპექტზე, უწინდელ გოლოვინის 9 ნომერში (დღეს პარლამენტის მოპირდაპირედ კინო "რუსთაველსა" და ქაშუეთის ეკლესიას შორის) იდგა შენობა, რომელიც თბილისის ომის დროს დაიწვა. მხატვრის სახლი ამ შენობაში 1977 წელს გადავიდა, საუკუნით ადრე კი ეს სასტუმრო "ორიანტი" იყო. ამ სასტუმროს, რომელიც 1860-იან წლებში აშენდა, არქიტექტორი ოტო სიმონსონი იყო. თავდაპირველად, შენობაში საოლქო სასამართლო და სასამართლო პალატა უნდა განეთავსებინათ, მაგრამ ის მირიმანოვმა შეიძინა, პროექტი გადააკეთა და გახსნა სასტუმრო, რომლის პირველ სართულზე ზინგერის საკერავი მანქანების, გრამოფონებისა და წიგნის მაღაზიები იყო. "ორიანტი" მაღალი კლასის 80-ნომრიანი სასტუმრო იყო. აქ 1900 წელს ირანის შაჰი და მისი ამალა გაჩერებულან და მოგვიანებით წერდნენ, რუსეთის იმპერიაში, სადაც კი გავჩერებულვართ, "ორიანტი" საუკეთესო ხუთეულში შედისო. გასაბჭოების შემდეგ სასტუმრომ შეინარჩუნა სტატუსი, მაგრამ სახელი შეეცვალა და "ინტურისტი" ეწოდა. ერთხანს აქ სერგეი ესენინი ცხოვრობდა. მის ფოიეში შეხვდნენ ერთმანეთს ესენინი და გოგლა ლეონიძე. სასტუმროს ფოიე ლადო გუდიაშვილმა მოხატა, მაგრამ საბჭოთა ხანაში გადაუღებავთ. "ორიანტში" სხვადასხვა დროს ცხოვრობდნენ ბორის პასტერნაკი, მიხაილ ბულგაკოვი, ჯონ სტაინბეკი და მისი ფოტოგრაფი რობერტ კაპა. "ორიანტში" გარდაიცვალა ნესტორ ლაკობა, როგორც ამბობდნენ, ის ბერიამ მოწამლა.

"ლონდონი" პირველი შენობა იყო, სადაც ელექტროენერგია გაიყვანეს

მშრალი ხიდის გადაღმა მდებარეობდა სასტუმრო "ლონდონი", რომლის მოხატული სადარბაზო და კიბის უჯრედი დღემდე გამორჩეულია სილამაზით."

"ლონდონი" ოტო სიმონსონის პროექტითა და ძმებ ზუბალაშვილების სახსრებით აშენდა 1890-იან წლებში.

თავდაპირველად, მისი ადმინისტრატორი ყოფილა ვინმე დელორი, წლების შემდეგ სასტუმროს მმართველები დიდი ხნის განმავლობაში გერმანელი ცოლ-ქმარი რიხტერები ყოფილან. სხვადასხვა დროს აქ ცხოვრობდნენ პეტრე ჩაიკოვსკი, კნუტ ჰამსუნი, ტერენტი გრანელი. "ლონდონს" საუცხოო რესტორანი ჰქონდა, ცნობილია, რომ იქ ილია ჭავჭავაძეს ჰყვარებია სადილობა.

"ლონდონი" ერთ-ერთი პირველი შენობა ყოფილა თბილისში, სადაც ელექტროენერგია გაიყვანეს. 1913 წლისთვის მას ავტოსადგომიც ჰქონდა.

პირველი მსოფლიო ომის დროს სასტუმროს შენობა ლაზარეთს დაუთმეს, გასაბჭოების შემდეგ კი ჩამოართვეს ზუბალაშვილების ოჯახს და მილიციის სამმართველო განათავსეს, სარდაფში კი საკნები მოაწყვეს... მოგვიანებით შენობაში გლეხთა ცენტრალური სახლი იყო. 1960-იან წლებში ის საცხოვრებელ სახლად გადაკეთდა.

"კავკაზი" - ამ სასტუმროს ძალიან მაღალი დონის რესტორანი ჰქონია

კიდევ ერთი გამორჩეული სასტუმრო იყო "კავკაზი", რომელიც სუმბათაშვილების ოჯახს ეკუთვნოდა და 1858 წელს აშენდა. დღევანდელ თავისუფლების მოედანზე, სანამ "ქორთიარდ მარიოტი" აშენდებოდა, სწორედ იმ ადგილას უწინ სასტუმრო "კავკაზი" იდგა. როგორც ალექსანდრე დიუმა წერდა, ამ სასტუმროს ფრანგი მმართველი ჰყოლია და ძალიან მაღალი დონის რესტორანი ჰქონია. სულ 3-სართულიანი იყო. პირველი სართული მაღაზიებს ეკავა - ალ. მანთაშევის ცნობილ ქსოვილების მაღაზიას, რომელიც პირველი ქსოვილებისა და ბამბეულის მაღაზია იყო თბილისში. აქვე იყო დიმიტრი ერმაკოვის ფოტოსალონი, რომლის ფოტოების წყალობით ვიგებთ, როგორი იყო თბილისი ძველად. "კავკაზში" მაღალი რანგის სტუმრებს იღებდნენ. სასტუმროში 90 ნომერი იყო. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ შენობა ვიღაც წითელარმიელმა მიითვისა. ეს სასტუმროც, როგორც "ორიანტი", თბილისის ომს შეეწირა და ისტორიის საკუთრება გახდა.

"ვეტცელში" იყო თეატრი, აფიშები დღემდე შემონახულია

დღევანდელ აღმაშენებლის პროსპექტზე მდებარეობდა სასტუმრო "ვეტცელი". ეს ლამაზი შენობა დღესაც დგას და ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.

სასტუმროს პირველი მფლობელი და მისი მშენებლობის დამკვეთი გერმანელი ვაჭარი ფრიდრიხ ვეტცელი ყოფილა. სასტუმრო 1897-1900 წლებში აშენდა. მისი არქიტექტორი ლეოპოლდ ბილფელდი იყო.

სასტუმრო უმაღლეს დონეზე ყოფილა აღჭურვილი - გათბობით, ელექტროგაყვანილობით, ლიფტით, საბილიარდოთი, 2 რესტორნით. სასტუმრო იმითაც იყო გამორჩეული, რომ მის მარცხენა ფლიგელში იყო თეატრი, სადაც ოსური დრამატული თეატრალური წრე მართავდა წარმოდგენებს, აფიშები დღემდეა შემონახული. სასტუმროს ჰქონდა საზაფხულო ბაღი, რესტორანი, რომელშიც ოპერის ორკესტრი მართავდა კონცერტებს.

1911 წელს "ვეტცელი" სხვა მფლობელის ხელში გადავიდა, მისი პატრონი ქართველი მეწარმე, ნოე სიხარულიძე გახდა. ახალი მფლობელის ხელში სასტუმრომ უფრო მდიდრული იერი შეიძინა და "ნოე" ეწოდა, მოგვიანებით "ევროპა", საბჭოთა დროს კი "რუსთავი".

ერთხანს ამ შენობაში საგარეო საქმეთა სამინისტრო და კონტროლის პალატა ფუნქციონირებდა.

ეკა სალაღაია