"მარტო იყო სახლში... 7 წელია ინსულტის გამო პარალიზებულია" - ზესტაფონში ძლიერი ხანძრის შედეგად სასულიერო პირი დაშავდა - კვირის პალიტრა

"მარტო იყო სახლში... 7 წელია ინსულტის გამო პარალიზებულია" - ზესტაფონში ძლიერი ხანძრის შედეგად სასულიერო პირი დაშავდა

ზესტაფონში ძლიერი ხანძრის შედეგად საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართული დაიწვა. სახლში იმყოფებოდა სასულიერო პირი, რომელმაც სხეულის დიდი ნაწილის დამწვრობა მიიღო.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ის ქუთაისის დამწვრობის ცენტრში განაგრძობს მკურნალობას.

როგორც ჟურნალისტებს მამა დავითის ოჯახის წევრმა გულო ორბელაძემ განუცხადა, სახლი მთლიანად დაიწვა, ყველაფერი განადგურდა. ოჯახი დახმარებას ითხოვს.

„სასულიერო პირი მარტო იყო სახლში. მას სიარული უჭირს, 7 წელია ინსულტის შედეგად პარალიზებულია, რის გამოც საწოლში იწვა. არ ვიცით, რის გამო გაჩნდა ცეცხლი, რომ არა ჩვენი მეზობელი, მამაოც დაიწვებოდა. აბსოლუტურად ყველაფერი განადგურდა, აღარაფერი დაგვრჩა. რაღაც დახმარება მაინც აღმოუჩინონ მამა დავითს, რომელიც ახლა სიკვდილს ებრძვის ”, - განაცხადა მამა დავითის ოჯახის წევრმა.

მისივე თქმით, მამა დავითი სიკვდილს მეზობელმა ლექსო საცერაძემ გადაარჩინა, რომელიც ალმოდებულ სახლში შევარდა და იქედან გამოიყვანა.

ფოტოს ავტორი: ნინო ხარატიშვილი

"ინტერპრესნიუსი"