აჩუქე სიხარული, ანუ როგორ იქცა ცოლის წუწუნი საინტერესო პროექტის ინსპირაციად? - კვირის პალიტრა

აჩუქე სიხარული, ანუ როგორ იქცა ცოლის წუწუნი საინტერესო პროექტის ინსპირაციად?

ამ ცოტა ხნის წინ "ფეისბუკში" ერთი საინტერესო ჯგუფი გამოჩნდა, სახელად: "საჩუქრები", რომლის საშუალებითაც ადამიანები ერთმანეთს სამახსოვრო, საჭირო, უბრალოდ, სიმბოლურ საგნებს და რაც ყველაზე მთავარია, სიხარულს ჩუქნიან.

ჯგუფის შემქმნელი გიგა ლოლაძეა, როგორც თვითონ ამბობს, ერთი ჩვეულებრივი ბიჭია, მუშაობს ტელევიზიაში, არის სცენარისტი და რეჟისორი, უყვარს იუმორი და ლაღი, სასიამოვნო ადამიანები:

- ჯგუფის შექმნის იდეა ჩემი მეუღლის წუწუნმა განაპირობა, რომელიც ხშირად იმეორებდა, რომ აქვს ბევრი ისეთი ნივთი, რომელიც არ სჭირდება, ადგილს ვერ უძებნის, თუმცა გადასაგდებად ენანება. რაც მეგობრებს სჭირდებოდათ, ცხადია, ყველაფერს არიგებდა, მაგრამ მაინც იყო ოჯახში ისეთი ნივთები, რაც ჩვენს ირგვლივ არავის დასჭირდა. მაშინ გამიჩნდა, აზრი, რომ კარგი იქნებოდა ისეთი ჯგუფის შექმნა, სადაც ადამიანები გამოფენდნენ იმ ნივთებს, რომელიც მათთვის შეიძლება არასაჭირო იყოს, მაგრამ სხვებისთვის ძალიან სასარგებლო. ასე მარტივად დაიწყო ყველაფერი.

- რა იყო ჯგუფის შექმნის მიზანი?

- მიზანი შეიძლება ორგვარად ჩამოვაყალიბოთ: პირველი, ბანალური მიზანი ისაა, რომ უბრალოდ, ადამიანებმა მოიპოვონ ისეთი ნივთები, რომელიც მართლა სჭირდებათ. მეორე და უმთავრესი იდეა კი სასიამოვნო ემოციების, სიყვარულის, ურთიერთდახმარების, სოლიდარობის, ყველა იმ თვისების გაღვიძება, რისთვისაც ზოგადად არსებობს ადამიანი. ეს არის სრულიად ალტრუისტული იდეა და ჯგუფის წევრებისგანაც მხოლოდ ამას ვითხოვთ, იყვნენ უანგაროები და შეძლონ პოზიტიური ემოციების ურთიერთგაცვლა. ალბათ კიდევ ერთი დადებითი მხარე ამ ჯგუფს ის აქვს, რომ ამას არავინ აკეთებს ვიღაცის ყალბი სიბრალულით. უბრალოდ, ადამიანებმა უნდა დაინახონ, რომ სწორედ ეს არის ბუნებრივი, რომ მარტივად, ზედმეტი ხმაურის გარეშე ვეხმარებოდეთ ერთმანეთს.

- ელოდი ასეთ გამოხმაურებას?

- მჯეროდა, რომ ეს იდეა გაამართლებდა, თუმცა ის ტემპი და განვითარება, რაც ამ ჯგუფს აქვს, წარმოუდგენელი იყო. ყოველგვარი რეკლამის, ინფორმაციის გავრცელების გარეშე, 5 დღეში 8000-მდე მომხმარებელი შემოუერთდა ჯგუფს. ახლა კი ის, რაც ამ ჯგუფში ხდება, მაფიქრებინებს, რომ უფრო მეტსაც უნდა ველოდოთ: მეტ სასარგებლო საქმეებს, მეტ სასიამოვნო ემოციას და უფრო და უფრო მეტ წევრს. გავიხსენებ ჯგუფის ამოქმედების პირველივე საღამოს, გეომეტრიული პროგრესიით დაიწყო ზრდა ჯგუფის წევრების და სტატუსების რაოდენობამ. წამში რამდენიმე შეტყობინება მოდიოდა, რამდენიმე პოსტი, წევრობის რამდენიმე მოთხოვნა ემატებოდა. ეს ადამიანები გამოხატავდნენ უდიდეს მადლიერებას და სიხარულს, დებდნენ საჩუქრების ფოტოებს, წერდნენ, რომ ეს იყო ძალიან გადამდები პროექტი. ეს ჩვენთვისაც ძალიან დიდი სიხარული იყო, მე და ჩემი მეუღლე გვიან ღამემდე ვკითხულობდით ამ პოსტებს და ვიყავით ძალიან ბედნიერები. ბოლოს, როცა მოვწყდით ჯგუფს, აღმოვაჩინეთ, რომ სადილ-ვახშამიც გამოგვრჩენია და ასე მთელი დღე, მხოლოდ დადებითი ემოციებით ვიკვებებოდით.

- სამწუხაროდ, ყველა კეთილ საქმესაც კი, ჰყავს უკმაყოფილო ადამიანები, თქვენ ჯგუფში თუ გამოჩნდა ვინმე ასეთი?

- საჩუქრით უკმაყოფილო არავინ ყოფილა, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც ზოგიერთმა ყოველ ჯერზე დაასწრო სხვებს და მთელი დღის განმავლობაში ბევრი საჩუქარი მიიღო. ამის გამო რეგულაციების დაწესებაც მოითხოვეს მომხმარებლებმა. რა თქმა უნდა, თავიდანვე იყო გარკვეული წესები, რომელიც შემდეგ უკვე, ჯგუფის გამოცდილებამ და საჭიროებებმა კიდევ უფრო დახვეწა. ჩვენ ვცდილობთ, არ ვიყოთ მკაცრები, შევქმნათ მაქსიმალურად მეგობრული და კომფორტული გარემო, თუმცა არის გარკვეული დაწესებული ზღვარი, საჩუქრების მიღებასა და მომხვეჭელობას შორის. ამ ზღვრის დარღვევა კი ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელი ჯგუფის წევრობის უფლებას კარგავს. ესეც ისე ხდება, რომ ამაზე ერთგვარი კონსენსუსიც არსებობდეს სხვა მომხმარებლებსა და ადმინისტრაციას შორის.

გვაქვს არაერთი მოსაზრება, რომელსაც შემდეგ უკვე ჯგუფის წევრებსაც გავუზიარებთ, ასევე, გვინდა, რომ იყოს გარკვეული სიურპრიზებიც და ჯგუფის წევრებს უფრო მეტი სიხარული მივანიჭოთ.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)