სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი: "კონგოში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მფრინავის ვიდეომიმართვა რამდენიმე თვის წინანდელია" - კვირის პალიტრა

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი: "კონგოში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მფრინავის ვიდეომიმართვა რამდენიმე თვის წინანდელია"

კონგოში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მფრინავის, სოსო ოსორაულის ვიდეომიმართვა გუშინ გავრცელდა. მასში სოსო ოსორაული ოჯახს და საზოგადოებას მიმართავს.

"მეუბნებიან ჩემზე ვიღაცები ჩახოცაო. ეგ ასე არ არის, არ დაიჯეროთ. გთხოვთ არ დაიჯეროთ, მე არასდროს არავინ ჩამიხოცავს. დედა არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება. კარგი „ბალღები" დაზარდეთ. ძალიან მიყვარხართ და მენატრებით", - აცხადებს სოსო ოსორაული.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, ბექა დვალის ინფორმაციით, კონგოში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მფრინავის სოსო ოსორაულის ვიდეომიმართვა რამდენიმე თვის წინანდელია.

როგორც ბექა დვალმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, აღნიშნული ვიდეოს ნახვა ოჯახისთვის სიურპრიზი არ უნდა ყოფილიყო. ამასთან, საქართველოს ელჩი თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

"ეს არის რამდენიმე თვის წინანდელი ვიდეო. ოჯახი ამის შესახებ ინფორმირებულია. არ არის ეს ახალი ინფორმაცია, არ არის ახალი ვიდეო. ჩემი მხრიდან, მსურს ყველას მოვუწოდო, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ, გააცნობიერონ ამ თემის სენსიტიურობა და ასეთი მასალის წარმოჩენით, ისე, თითქოს ეს არის ახალი ინფორმაცია... და ა.შ. ყველამ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, რათა ერთობლივად ხელი არ შევუშალოთ იმ პროცესს, რომელიც ემსახურება ჩვენი თანამემამულის ბედის გარკვევას. ასე ვართ მომართული ამ ეტაპზე, არაფერზე ჩვენი უწყება უკან არ იხევს. ყველა იმ დიპლომატიურ საშუალებას მიმართავს, რომ ჩვენი თანამემამულის ბედი გაირკვეს", - განაცხადა ბექა დვალმა.

იხილეთ ასევე: "დედა, არ ინერვიულო... კაი ბალღები დამიზარდეთ..." - ტყვედჩავარდნილი მფრინავის გამოხსნის პროცესის უცნაურობანი

"ინტერპრესნიუსი"