"ეს ერთადერთი დღესასწაულია, როცა ქართველები და ოსები ერთად აღნიშნავენ ლომისობას" - კვირის პალიტრა

"ეს ერთადერთი დღესასწაულია, როცა ქართველები და ოსები ერთად აღნიშნავენ ლომისობას"

აღდგომიდან მეშვიდე კვირას, როცა ოთხშაბათი თენდება, სოფელი მლეთა მომლოცველებით ივსება. "დიდება დიდ ლომისას", - ილოცებიან ამ დღეს არაგვის ხეობის სტუმარ-მასპინძელნი...

სანამ კავკასიონიდან მზის პირველი სხივი ამოანათებს, ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზე, მომლოცველები ლომისის წმინდა გიორგის ტაძრისკენ აღმართს მივუყვებით. ჩემს წინ ფეხშიშველი მიდიან ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი, მხრებზე მცირეწლოვანი შვილი ჰყავს შემოსმული. შვიდ კილომეტრიანი ციცაბო ბილიკის ავლას ასე აპირებენ მადლობის ნიშნად - რამდენიმე წლის ლოდინის შემდეგ ამ სალოცავის ძალით შეეძინათ შვილი...

გზა თანდათან რთულდება. თვალწინ იშლება მთიულეთის, ხევისა და ხადას ულამაზესი ხეობები. გზის მეოთხედი რომ ავიარეთ, მაშველთა ჯგუფი შემოგვხდა. რამდენიმე დაშავებული ჩავიყვანეთ ნეიტრალურ ზონამდე, იქიდან მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები სტაციონარში გადაიყვანენ. ძირითადი ტრავმები კიდურების მოტეხილობა და დაჟეჟილობააო, - გვითხრეს.

ლეგენდა

ჩრდილში შევისვენეთ. ჩემ გვერდით ჭარმაგი კაცი ჯდება. 82 წლის რეზო პაპა უკვე მეოთხედ ადის ლომისის ტაძარში. დაღლილია, მაგრამ ტაძრის დაარსების ლეგენდას მაინც დიდი ენთუზიაზმით მიყვება:

- "წმინდა გიორგი შვიდი ათასი ტყვის მხსნელია. XIII საუკუნეში თამარის საქართველო გაპარტახდა. ხვარაზმელები, ჯალალ-ედ-დინის სარდლობით, ორგზის შემოესია ქვეყანას. მტერს არაგვის ხეობაც დაურბევია და 7000 ტყვედ წაუსხამს, თან წაუღიათ მთიულეთის მთავარი სიწმინდე - გზოვანის წმინდა გიორგის ხატი. ამ ძლიერ ხატს ხვარაზმელთა (ხორასნელთა) მხარე შეუკრავს- დედამიწას ნაყოფი აღარ გამოუღია, არც კაცი და არც საქონელი აღარ მრავლდებოდა. მისნებს მიზეზად გურჯისტანის ხატი დაუსახელებიათ. განრისხებულ სულთანს მისი საკირეში ჩაგდება უბრძანებია. ასეც მოქცეულან, მაგრამ უვნებელი ხატი საკირიდან ამოფრენილა და იქვე მოვლენილი თეთრი ხარის რქაზე დაბრძანებულა. ხარი და ხატი მანამ არ დაძრულან ადგილიდან, სანამ სულთანს ყველა ტყვე არ გაუთავისუფლებია. ხატიანი ხარი 7000 ტყვესთან ერთად საქართველოსკენ წამოსულა. მთიულეთში შემოსული ხარი, ამ ციცაბო ბილიკს შესდგომია, მის წვერში ასულა და უსულოდ დაცემულა. ხატიც იქვე დაფრენილა. ლომა ხარის პატივსაცემად, არაგვიდან ამ მთის წვერამდე ხალხს ცოცხალი ჯაჭვი გაუბამს და ტაძრის ასაშენებლად არაგვის ჭალის ქვა ხელიდან ხელში გადაცემით აუტანიათ. სალოცავსაც ლომისის წმინდა გიორგი უწოდეს".

თხრობა დაასრულა თუ არა, აღამართს შევუდექით. ცოტაც და წმინდა გიორგის ნიშთან მივალთ, - მამხნევებს მოხუცი. ხორაზმიდან მომავალ ქართველ ტყვეებს, რომლებსაც წინ ხარი ლომა მოუძღოდათ, იქ შეუსვენებიათ და ნიშიც აუგიათ.

მამა ნიფონტი, დვანის თამარ მეფის ტაძრის მოძღვარი: -"ნათქვამია, რაც უფრო ძნელად მიდის ადამიანი სალოცავთან, როგორც შვილს, ისე იღებს ტაძარი, უწვალებლად მისულს - როგორც სტუმარსო".

ცად აზიდული ტაძარი

ოთხსაათიანი გზის გავლის შემდეგ, ზღვის დონიდან 2 186 მეტრზე მდებარე ტაძართან ვარ... სამაჩაბლოს გავყურებ. ლომისის ეს უგუმბათო ეკლესია მცველად და ზავად დამდგარა ქსნისა და არაგვის ხეობებს შორის.

ეკლესიის ირგლივ აკლდამების ნაშთებია. საუკუნეების წინათ სწორედ ამ ტაძართან წყდებოდა თითქმის ყველა მნიშნელოვანი სახალხო, ეკონომიკური თუ სამხედრო საკითხი... . ხელისგულივით მოსჩანს ახალგორი, იქით - ცხინვალი... ეს ერთადერთი დღესასწაულია, როცა ქართველები და ოსები ერთად აღნიშნავენ ლომისობას. შეიცვალა მხოლოდ ის, რომ ამის ხმამაღლა თქმა აღარ შეიძლება. ალბათ იმიტომ, რომ დაპირისპირებული ქართველებისა და ოსების ერთად ლოცვის შემთხვევაში რუს "მშვიდობისმყოფელებს" ფუნქცია ეკარგებათ... ქსნის ხეობიდან ლომისაზე რამდენიმე ახალგაზრდა ამოვიდა. ვინაობა არ დაუმალავთ და მომლოცველებისთვის ტრადიციული სიტყვებით მისალმებაც არ მორიდებიათ, ერიდებოდნენ მხოლოდ კამერას, რუს სამხედროებთან უსიამოვნება არ სურთ...

სალოცავის ეზოში, სამრეკლოს მახლობლად, სისხლის გუბეებია. სჩანს, ჩვენს ასლვამდეც ბევრი ცხვარი დაუკლავთ. უამრავი მომლოცველი ამ წეს-ჩვეულებას ალმაცერად უყურებს - ეს ქრისტიანული წესი არააო. აქ მსხვერპლს ეთნიკური ოსებიცა და ქართველებიც ერთად სწირავენ ლომისას. ორივე ერი თავს წმინდა გიორგის ყმად მიიჩნევს. მსხვერპლშეწირვა - მთის წარმართული დღესასწაული თუ ადრექრისტიანული ხანის ქართული სატაძრო დღესასწაული? ამაზე დღესაც ბევრს დაობენ... ძველი აღთქმის მიხედვით ცხვარი ქრისტეს ზვარაკია. ხოლო, ახალი აღთქმით, ყოვლად დაუშვებელია მსხვერპლშეწირვა.

სოფელ ქურთადან 67 წლის დევნილი მარიამ მარანელი ლომისობაზე უკვე მეხუთედ ამოვიდა: - "როგორც ახლა, წინა წლებშიც ამოდიოდნენ ლენინგორიდან ოსები. რუსი სამხედროებიც მინახავს აქ დღესასწაულზე. ზედმეტი არასდროს უთქვამთ და უკმაყოფილებაც არასდროს მომხდარა".

ოსებიც მოდიან სალოცავად

ბელა ასკილაშვილი, დევნილი: - "ცხინვალის რაიონის სოფელ ერედვიდან ვარ. 2008 წლის შემდეგ კოდაში, დევნილთა დასახლებაში ვცხოვრობ. ერედვში წმინდა გიორგის ნიში დგას, იქ ყოველ წელს აღვნიშნავდით ლომისობას... მთიულეთში, ლომისის წმინდა გიორგის სალოცავზე წელს პირველად ამოვედი. მჯერა, ჩემს ლოცვას შეისმენს ლომისას წმინდა გიორგი და მალე დავბრუნდებით ჩვენს მიწა-წყალზე".

მეორე ლეგენდა ლომისის სალოცავის კარს და საყელურიან ჯაჭვს უკავშირდება, ორივე ტაძარში ინახება. თურმე მთაზე რუსეთის იმპერატორის მცირე რაზმს შეუსვენია. მოშიებულებს კერძის მოსახარშად შეშა რომ ვერსად უპოვიათ, ლომისის კარი ჩამოუხსნიათ, დაუპიათ და ცეცხალი დაუნთიათ. მხედრებს თვალის ჩინი დაუკარგავთ. მერე ლომისას შევედრებიან, მხედველობა დაგვიბრუნე და ტაძარს რკინის კარს შევაბამთო. მოლაშქრეებს თვალი ახელიათ და სარდალს მადლობის ნიშნად რკინის კარი შეუბამს.

ტაძარში ინახება საყელურიანი დიდი რკინის ჯაჭვიც. მომლოცველები ამ ჯაჭვს ქედზე იდებენ და ტაძარის შუაგულში აღმართულ სვეტს ლოცვით უვლიან. ამბობენ, ეს ჯაჭვი აქ მთავარ დადიანის ქალს ცოდვების მოსანანიებლად ქედით ამოუტანია. ახლა 50 კგ-ს იწონის, ადრე უფრო დიდი იყო, ნაწილი დაკარგულიაო...

სულმოუთქმელად ველოდები სალოცავში შესვლის რიგს. რამდენიმე წუთი და ტაძარში ვარ, მხარზე რკინის საყელურიანი ჯაჭვი მაქვს შემოხვეული. ენით აუწერელი განცდაა...

არავინ იცის, სად არის ლომისის სასწაულთმოქმედი ხატი, რომელსაც ლეგენდა უკავშირდება. უხუცესთა თქმით, ის შიშიანობის დროს დეკანოზებს გადაუმალავთ და ტაძარში მისი მსგავსი ვერცხლის ხატი დაუბრძანებიათ. ეკლესიაშივე ინახება ვერცხლით მოჭედილი და ფერადი ქვებით შემკული ლომისას ძველი ხატ-ჯვრები. ლომისას ერთი ბავრაყი ანუ საეკლესიო დროშა აქვს. ალამს წვერზე შუბიანი თითბირის ბურთი უკეთია...

თორნიკე ყაჯრიშვილი