"დიდი ხანია ამ ინიციატივის განხორციელება საქართველოში რუსეთს სურს" - ხმაური ისევ საკონსტიტუციო მონარქიის გამო - კვირის პალიტრა

"დიდი ხანია ამ ინიციატივის განხორციელება საქართველოში რუსეთს სურს" - ხმაური ისევ საკონსტიტუციო მონარქიის გამო

"მჯერა, რომ მეფე სიკეთეს მოუტანს ქვეყანას"

"საქართველოში საკონსტიტუციო მონარქია არასოდეს ყოფილა, იყო მხოლოდ აბსოლუტური მონარქია, შესაბამისად, რის აღდგენაზეა ლაპარაკი?!"

18 ივნისს, საკვირაო ქადაგებისას  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებას კონსტიტუციური მონარქიის თაობაზე, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

"საქართველო არის უძველესი ქვეყანა, უძველესი კულტურით. იქნებ გვეფიქრა ჩვენ იმაზე, ვინ ვიყავით წარსულში, ვინ ვართ დღეს და ხვალ ვინ ვიქნებით. იქნებ გვეფიქრა იმაზე, რომ საქართველო არის უძველესი მონარქია. ღვთის წყალობით, მეფე გვმართავდა. დღეს ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი ეწოდება, მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია და სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში. ეს, რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ ვერ მოხდება, მაგრამ ჩვენ უნდა გავაანალიზოთ წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი", - ბრძანა ილია მეორემ.

კონსტიტუციური მონარქიის საკითხს უკვე გამოეხმაურნენ მმართველ გუნდში. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ისინი აღნიშულ თემაზე პატრიარქთან შეხვედრას გეგმავენ. მისი თქმით, ისიც ეთანხმება პატრიარქს, რომ კონსტიტუციურ მონარქიას სიმშვიდე მოაქვს და ასევე ღიად მიანიშნა საპრეზიდენტო ინსტიტუტის გაუქმებაზე.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთო ლიდერის გია ვოლსკის თქმით, მონარქია არა მხოლოდ ჩვენი ისტორიული წარსულია, არამედ არის ძალიან წარმატებული მაგალითი, რომელიც დასავლეთ ევროპაში არსებობს.

"ამ ქვეყნებს საკმაოდ წარმატებული განვითარება ახასიათებს როგორც ეკონომიურად, ასევე პოლიტიკურად. ამ თემასთან დაკავშირებით პირადად მე ნამდვილად პოზიტიური დამოკიდებულება მაქვს და არა მხოლოდ ემოციური შინაარსიდან გამომდინარე - ჩემთვის ამ საკითხს მხოლოდ ემოციური საწყისი არა აქვს. ეს არის დაკავშირებული სავსებით პრაგმატულ ხედვასთან.

საკონსტიტუციო მონარქიის ახლა ამოქმედება რეალურად არ მეჩვენება, რადგან თვითონ მეფის გვარი, მეფის ოჯახი, სამეფო სახლი ჯერ ისე არ არის ჩამოყალიბებული და მომზადებული, რომ რეალური კანდიდატურა წარმოადგინოს", განაცახდა მან.

მამუკა მდინარაძე, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე:

"პატრიარქის პოზიცია ყოველთვის უდიდეს პატივისცემას იმსახურებს. დღეს შეიძლება კონსტიტუციური მონარქიისთვის მზად არ ვიყოთ, მაგრამ სამომავლო, შედარებით შორეულ პერსპექტივაში ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა შესაძლოა ეს საკითხი ძალიან სერიოზულად განიხილოს, მით უმეტეს, როდესაც ამას პატრიარქი საკუთარ ქადაგებაში მეორედ ახსენებს. საკონსტიტუციო მონარქიის აღდგენამ შესაძლებელია გარკვეული განსაკუთრებულობა, ინდივიდუალიზმი და ხიბლი შესძინოს ქვეყანას ბევრი თვალსაზრისით".

თაკო ჩარკვიანი, პუბლიცისტი:

"მიწამდე თავს ვუხრი ჩემს უსაყვარლეს პატრიარქს, რომელიც ძალიან მიყვარს, მაგრამ საფუძველშივე არ მომწონს ეს ინიციატივა, რადგან დიდი ხანია ამ ინიციატივის განხორციელება საქართველოში რუსეთს სურს.

ზუსტად ვიცი ამას რა მოჰყვება. ამ არეულ-დარეულ ქვეყანაში გამოიყენო ეს ინსტიტუცია იმისათვის, რომ დაანგრიო მეორე  - საპრეზიდენტო ინსტიტუტი, მხოლოდ ჩვენს "ქოცპოლიტიკოსებს" სურთ. ამათმა მზემ, დანარჩენად სულ პატრიარქს უჯერებენ რა".

ჯემალ ჭკუასელი, ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი:

"ჩვენ გვყავს უბრძენესი პატრიარქი, ის ჰაიჰარად არაფერს ამბობს, რადგან ბრძანა პატრიარქმა, ე.ი. სწორია. ჩემი აზრითაც, აუცილებლად უნდა გაკეთდეს ეგ საქმე, ვფიქრობ, საქართველოს ეს ნაბიჯი გამოაცოცხლებს, უნდა იყოს მეფე, მჯერა, რომ ის სიკეთეს მოუტანს ქვეყანას".

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

"პატრიარქის გზავნილი გასაგებია, მაგრამ არა მგონია მის გზავნილს პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდეს. ის გამოთქვამს თავის სურვილს და ამაში უფრო გარკვეული სიმბოლიკაა ჩადებული. სამწუხაროდ, პოლიტიკოსები პირდაპირ გებულობენ ყველაფერს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც სხვა საქმე არ აქვთ და ამ ყველაფრის განხილვას ჭკვიანი სახით იწყებენ. ჩვენი პოლიტიკური ელიტა ასეთ სასაცილო მდგომარეობაში არაერთხელ ყოფილა, როდესაც პატრიარქს რაღაცა უთქვამს, ამათ დაუწყიათ სერიოზულად განხილვა, მერე კი პატრიარქს განუმარტია, რომ ის ამას არ გულისხმობდა და გულისხმობდა სხვა რამეს. ვფიქრობ, ასეთ ვითარებაში ვართ ახლაც. ეს არის მორიგი ტრაგიკომედია, რომლის მუდმივი გმირები არიან ჩვენი პოლიტიკური ელიტა და სამწუხაროდ, დიდ წილად საექსპერტო ელიტაც.

საქართველოში საკონსტიტუციო მონარქია არასოდეს ყოფილა, იყო მხოლოდ აბსოლუტური მონარქია, შესაბამისად, რის აღდგენაზეა საუბარი? თუ ჩვენ ვლაპარაკობთ საკონსტიტუციო მონარქიაზე, ვლაპარაკობთ სრულიად ახალ მოდელზე, რისი ტრადიციაც ამ ქვეყანაში არ არსებობს და არც არასოდეს ყოფილა. სწორედ ეს არის ჩვენი პრობლემა, ნაცვლად იმისა, რომ პოლიტიკურმა ელიტამ ქვეყანაში არსებული პრობლემები მოაგვაროს, მზად არის სდიოს განუხორციელებელ ოცნებას და ამას აკეთებს მაქსიმლური ფარისევლობით. აბსოლუტურად არარელიგიური და ურწმუნო ადამიანები, ამ ფორმით უპირობო მოწიწებას გამოხატავენ ვითომ პატრიარქის მიმართ. ეს არის ტრაგიკომედია. არ ვიცი, რობერტ სტურუა როგორ ფორმაშია, მაგრამ ალბათ მის ადგილზე იმ უბედურებაზე რაც გვჭირს, ერთ კარგ სპექტაკლს გავაკეთებდი.

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)