"თუ მოინდომებდნენ, მაჟორიტარებს ადვილად დაითანხმებდნენ" - "ქართული ოცნება" მაჟორიტარულ სისტემას ვერ ელევა - კვირის პალიტრა

"თუ მოინდომებდნენ, მაჟორიტარებს ადვილად დაითანხმებდნენ" - "ქართული ოცნება" მაჟორიტარულ სისტემას ვერ ელევა

"რომელიმე სხვა საკითხი გახსოვთ, მაჟორიტარებს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ხმა რომ ამოეღოთ?! მათ ასე ერთობლივად ოდესმე რამე გაუპროტესტებიათ?! არა მხოლოდ ამ მოწვევის, არამედ წინა პარლამენტებსაც ვგულისხმობ"

საკონსტიტუციო ცვლილებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხზე - საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციულ წესზე გადასვლაზე, თითქოს მიღწეული იყო შეთანხმება, თუმცა ბოლო კვირების განმავლობაში თვალს ვადევნებთ პროცესს, რომელიც "მაჟორიტართა აჯანყებად" შეფასდა. როდესაც ისინი ამ შეთანხმების წინააღმდეგ ძალიან გააქტიურდნენ, ითქვა, რომ მაჟორიტარული სისტემა შეიცვლება, თუმცა მხოლოდ 2024 წლიდან შევა ძალაში...

მეტიც უმრავლესობის წარმომადგენელმა ზაქრო ქუცნაშვილმა განაცხადა, 2018-20120 წლებში შენარჩუნდება არსებული  საპრეზიდენტო და საპარალამენტო სისიტემა, თუმცა საარჩევნო ბარიერი 3%-მდე დაიწევს.

"კომპრომისი მოიძებნა, რაც მდგომარეობს იმაში, რომ 2018-2020 წლისთვის შენარჩუნდება როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო არჩევნების არსებული სისტემა იმ დამატებით, რომ 3%-ზე დავა პარტიებისთვის არსებული საარჩევნო ბარიერი", - განაცხადა ქუცნაშვილმა. მისი თქმით,  ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, სავარაუდოდ, 2020 წლის შემდეგ გადავა.

ვახტანგ ძაბირაძე, ექსპერტი:

- თუ გახსოვთ, წინა პარლამენტის დროს "ქართული ოცნება" გვთავაზობდა, 2016 წლის არჩევნები ჩატარებულიყო არსებული წესით, ოღონდ მიგვეღო ცვლილებები, რომელთა საფუძველზე 2020 წლიდან საარჩევნო წესად პროპორციული სისტემა განისაზღვრებოდა. ამას ოპოზიცია არ დათანხმდა, რაც შეცდომა იყო. როგორც ჩანს, ამჯერადაც შეიძლება განმეორდეს იგივე სცენარი, ოღონდ - გაუარესებული.

რაც შეეხება მაჟორიტარების პოზიციას... ცოტა სასაცილოც კი იყო იმ ადამიანების განცხადებები, ვისგანაც, ვგონებ, წლების განმავლობაში არაფერი მოგვისმენია.

სამწუხაროდ, ჩვენში ყველა ხელისუფლებას ხელს აძლევს მაჟორიტართა კორპუსი, რომელიც ყოველთვის მისი მხარდამჭერი იქნება. რომელიმე სხვა საკითხი გახსოვთ, მაჟორიტარებს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ხმა რომ ამოეღოთ?! მათ ასე ერთობლივად ოდესმე რამე გაუპროტესტებიათ?! არა მხოლოდ ამ მოწვევის, არამედ წინა პარლამენტებსაც ვგულისხმობ.

ამ პროცესში, რა თქმა უნდა, არის მაჟორიტართა პირადი ინტერესებიც, მაგრამ თუ "ქართული ოცნება" მოინდომებდა, მათ დათანხმებას, იოლად მოახერხებდა… ძალიან მეეჭვება, მათი პროტესტი შინაგანი რწმენითა და პრინციპებით იყოს გამოწვეული... (იხილეთ სრულად)

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

- 3%-იანი ბარიერი მოფიქრებულია იმისთვის, რომ დიდი ხმაური არ იყოს და რაღაც პატარა ძვალი გადაუგდონ პარტიებს, რათა მთავარი სკანდალი გადაფარონ. ჩნდება ფუნდამენტური კითხვა - რას ვიხილავდით ამ თვეების განმავლობაში? ძირითადად იხილებოდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და დისკუსია იყო ამ პრიზმაში გამართული და საბოლოო ჯამში, "ქართული ოცნება" იღებს გადაწყვეტილებას, რომ შეინარჩუნოს მაჟორიტარული სისტემა. ეს არის მთავარი სკანდალი და ეს 3%-იანი ბარიერის იაფფასიანი შეთავაზება მოფიქრებულია მხოლოდ იმისთვის, რომ მთავარი სკანდალი გადაიფაროს. მე მაინტერესებს, როცა ირაკლი კობახიძემ ამხელა ამბები ატეხა, ამხელა სკანდალი მოაწყო, პრეზიდენტთან კონფრონტაციაში შედიოდა ამის გამო, ვის პროექტს ვიხილავდით? - "ქართული ოცნების" პროექტს, თუ ირაკლი კობახიძის პირად მოსაზრებას? ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, როცა ადამიანმა, ფაქტობრივად, სერიოზული მასშტაბური დისკუსიები აწარმოა და საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ საკუთარ ოჯახში არ ჰქონია შეთანხმებული ის, რაზეც გველაპარებოდა. იღებს ირაკლი კობახიძე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იმ პროცესზე, რომელიც წარმართა? თუ თავისი პირობა, რომ გადადგებოდა, შეჭამა და დაავიწყდა?! შეიძლება მას დაავიწყდა, მაგრამ ჩვენ არ დაგვვიწყებია. მას ჰქონდა ეს პირობა მიცემული და რა პასუხი აქვს ამ პირობაზე?"( წყარო)