"უკვე ძალიან შემიყვარდა ქართული ენაც და მუსიკაც" - პატარა კორეელი, რომელმაც ქართული სიმღერის ფესტივალში გაიმარჯვა - კვირის პალიტრა

"უკვე ძალიან შემიყვარდა ქართული ენაც და მუსიკაც" - პატარა კორეელი, რომელმაც ქართული სიმღერის ფესტივალში გაიმარჯვა

რამდენიმე დღის წინ, მარნეულის კულტურის ცენტრში მუსიკალური ფესტივალი "სხვა საქართველო სად არის" ჩატარდა.

წლევანდელ ფესტივალზე, ქართველ მოსწავლეებთან ერთად, სხვა ეროვნების ბავშვებიც იღებდნენ მონაწილეობას. კონკურსის გამარჯვებული კი დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლე კორეელი იუნიონგ სონი გახდა.

იუნიონგმა წელს პირველი კლასი დაასრულა. როგორც ჩვენთვის ცნობილია ის ერთი წელია, რაც აქტიურად ეუფლება ქართულ ენას და პროექტ "ვსწავლობთ ქართულად" ფარგლებში ქართული ენის ოლიმპიადაში უკვე მოიპოვა წარმატება. კონკურსზე მან კომპოზიტორ რუსუდან სებისკვერაძის "მამულო" შეასრულა და საპრიზო - პირველი ადგილის მფლობელიც გახდა.

ფესტივალის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა კომპოზიტორმა რუსუდან სებისკვერაძემ, სწორედ მისი სიმღერა შეასრულა პატარა იუნიონგმა და გაიმარჯვა კიდეც:

"კონკურსი "სხვა საქართველო სად არის" რამოდენიმე წელია ტარდება. წელს საქართველოს სხვადასხვა ქალაქს ვეწვიეთ, მრავალი ქართული სიმღერაც მოვისმინეთ, მაგრამ პატარა კორეელის ნამღერმა წარმოდუგენელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. გვიხარია, რომ ქართველებთან ერთად, უკვე უცხოელი და არაქართველი მოსწავლეებიც ასე ასრულებენ ქართულ სიმღერებს", - განაცხადა კომპოზიტორმა.

"საქართელოში დედ-მამასთან და ორ ძმასთან ერთად, უკვე 4 წელია ვცხოვრობ. ჩვემი ძმა თბილისში, უნივერსიტეტში სწავლობს.  ძალიან მომწონს და უკვე ძალიან შემიყვარდა ქართული ენა და მუსიკა, დიდი სურვილი მაქვს ვისწავლო ქართული ცეკვაც.

ჩემმა მშობლებმა ქართული ჯერ არ იციან, ამიტომაც სკოლაში მეცადინეობის შემდეგ გაკვეთილებს შინ ჩემით ვამზადებ. ყველაზე მეტად მუსიკის გაკვეთილი მიყვარს და კიდევ ქართული ლექსები. მიხარია, რომ გავიმარჯვე, სიმღერა, რომელიც შევასრულე, ძალიან ლამაზია", - გვითხრა პატარა იუნიონგმა გამართული ქართულით.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, კონკურსში მონაწილეობა სკოლის ბევრმა მოსწავლემ მიიღო. დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმში სხვადასხვა ეროვნების ბავშვები სწავლობენ, ისინი ქართულ ენასთან ერთად, ქართულ ხალხურ სიმღერებსაც ეუფლებიან.

"ვცდილობთ ბავშვებს ქართული ენა შევაყვაროთ. რაც მთავარია, პროგრამა რომლითაც ქართულს ვასწავლით, ქართული საჯარო სკოლების პროგრამის იდენტურია. ბავშვებს ქართულ ენას იაკობ გოგებაშვილის "დედა ენით" ვაყვარებთ",  - განაცხადა ჩვენთან საუბრისას სკოლა-ლიცეუმის დირექტორის მოადგილემ, ქეთევან ჭანტურიამ.

ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)