"ეს უცნაურობა საქართველოს ეკუთვნის..." - რაჭაში კიდევ ერთი ულამაზესი მღვიმე აღმოაჩინეს - კვირის პალიტრა

"ეს უცნაურობა საქართველოს ეკუთვნის..." - რაჭაში კიდევ ერთი ულამაზესი მღვიმე აღმოაჩინეს

"...ზუსტად ვიცი, რომ პირველი ფოტოგრაფი ვარ, ვინც ეს საოცრება პირველმა ვნახე, გადავიღე და ჩემი ფოტოებით მსოფლიოს გავაცნობ, რომ არსებობს უცნაური სილამაზე და ეს უცნაურობა საქართველოს ეკუთვნის... რაჭა, მურადის მღვიმე, კლუბ "თეთნულდის" დარბაზი" - ეს ქუთაისელი მთამსვლელის, ფოტოგრაფის, მოგზაურ-მთამსვლელთა კლუბ "თეთნულდის" წევრისა და დამფუძნებლის არჩილ გეგენავას სიტყვებია.

საქმე ეხება, 2014 წლის 1-ელ ნოემბერს აღმოჩენილ ახალი მღვიმის გასასვლელს, რომლითაც ჯერ ცოტამ თუ იცის, არადა, როგორც არჩილი ამბობს, ეს იმაზე მეტად საინტერესო და დიდია, ვიდრე "სათაფლიის მღვიმე''...

მთამსვლელ-მოგზაურთა კლუბი რაჭაში მღვიმეების შესასწავლად იმყოფებოდა და იქ ასეთი აღმოჩენა გააკეთა. გასაგები მიზეზის გამო, ზუსტ მდებარეობას ვერ ასახელებენ, თუმცა აღმოჩენის წუთებიდან აცხადებდნენ, რომ მღვიმე მასშტაბურია და მის შესაძლებლობებზე მისი შესწავლის შემთხვევაში, მეტის თქმა შეეძლებათ.

ერთ-ერთ მღვიმეში, რაც მცირე ზომის ეგონათ, გასასვლელს მიაგნეს, რომელიც მეორე, უფრო მასშტაბურ სივრცეს უკავშირდება... მას რამდენიმე პატარა განშტოება და სართული აქვს. ასევე არის ჭები, თუმცა მათი დათვალიერება ვერ მოხერხდა. იქვე აღმოჩენილია საინტერესო და იშვიათი სახის ნაღვენთი წარმონაქმნები.

არჩილ გეგენავა "თეთნულდის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, წევრი, მთამსვლელი და მოგზაურ-მთამსვლელთა კუბის ფოტოგრაფი:

- 2014 წლის 1-ელ ნოემბერს, შაბათ-კვირას კლუბის ერთ-ერთი რიგითი გასვლა გვქონდა. გვინდოდა, ადგილობრივი მღვიმეები დაგვეზვერა, დაგვეთვალიერებინა, ინფორმაცია გამოგვეტანა და ტურისტული მარშრუტები გაგვეკეთებინა. ერთ-ერთის შესახებ ყველამ იცოდა, მწყემსის მიერ იყო აღმოჩენილი და მას "მურადის მღვიმეს" ეძახიან...

- ზუსტ ადგილს გასაგებია, რომ არ ასახელებთ, მაგრამ დაახლოებით რომ გვითხრათ, სად არის?

- ის ტყე რაჭისა და ტყიბულის საზღვარზეა, ადგილი ადმინისტრაციულად რაჭას ეკუთვნის... მწყემსისგან ინფორმაცია გვქონდა, რომ იქ საიდანღაც ქარი უბერავდა...

- მიწის ქვემოთ დაახლოებით რამდენი მეტრია?

- 200 მეტრამდე, საკმაოდ დიდი მღვიმეა.

- შეუსწავლელ ადგილას ასე ჩასვლა სახიფათო არ იყო?

- მთამსვლელელბი ვართ, სპილიოლოგის აღჭურვილობა არ გვქონია, თუმცა რაღაც ეტაპამდე ასეთ სიტუაციებში ვინტერესდებით ხოლმე. ყოველ შემთხვევაში, მღვიმეების შესახებ, იქამდე, სანამ ამ აღმოჩენას გავაკეთებდით, ნაკლები ცოდნა გვქონდა. ჩვენ შორის იყო ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერისტეტის პროფესორი - ირაკლი ჯულაყიძე, რომელიც ასევე ჩვენი კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი და წევრია...

როდესაც აღნიშნულ სივრცეში შევედით, განვლაგდით იმ ადგილებში, რაც ცნობილი იყო, ფანრებით ფოტოების გადაღება დავიწყე და იმ დროს უცებ ჭერზე რაღაც შავი ლაქა გამოჩნდა, სადაც უკვე ჩვენი მეკლდეურები აძვრნენ, - ვნახავთ, რა ხდებაო. არანაირი თოკი არ გვქონდა და არც ჩასაბმელი აღჭურვილობა.

- უსაფრთხოების ზომების გარეშე როგორ გარისკეთ იქ ასეთი მოქმედება?

- კი, დავარღვიეთ, ეს წესები, მაგრამ ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ გავრისკეთ. მთამსვლელმა (გიორგი ენუქიძე), რომელიც პირველი აძვრა, იქიდან დაბალ ხმაზე (ყვირილი არ შეიძლება) დაგვიძახა, - აქ, მეორე მხარეს, გადასასვლელია და წავედიო. ნახევარი საათის შემდეგ კლუბის მეორე წევრიც გაჰყვა, რადგანაც იმისგან არანაირი ინფორმაცია აღარ გვქონდა, მაგრამ ესეც დაიკარგა. ვნერვიულობდით, იქ ხომ არაფერი იჭერს. ამიტომ, გადავწყვიტეთ, დანარჩენებიც ავმძვრალიყავით და დავინახეთ, რომ იქიდან გაოცებული და გაფითრებული ბიჭები ბრუნდებოდნენ...

მოკლედ, ისეთი სანახაობა დაგვხვდა, რომ მსგავსი რამ ფოტოზეც არასდროს მინახავს. მაშინვე სურათები გადავიღე. გაგვაოცა ნანახმა.

გაგრძელება