"უწმინდესი ე.წ. ციანიდის საქმეზე სრულ ინფორმაციას არ ფლობს" - პატრიარქისა და დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის შეხვედრის დეტალები - კვირის პალიტრა

"უწმინდესი ე.წ. ციანიდის საქმეზე სრულ ინფორმაციას არ ფლობს" - პატრიარქისა და დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის შეხვედრის დეტალები

პატრიარქთან დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა, დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პატრიარქთან შეხვედრას დადებითად აფასებს, თუმცა აცხადებს, რომ შეხვედრისას მამა დავით ჭინჭარაული დეკანოზის ოჯახის წევრებსაც და პატრიარქსაც საუბარს ხშირად აწყვეტინებდა.

მისივე თქმით, უწმინდესმა ოჯახის წევრები დალოცა და მათ იგივე გაუმეორა, რაც გერმანიიდან ჩამოსვლისას ბრძანა, რომ მამა გიორგისგან ცუდი არასდროს არაფერი გაუგია.

"შეხვედრას დადებითად ვაფასებ. ვიტყვი, რომ მამა დავით ჭინჭარაული ცდილობდა, საუბარი შეგვეწყვიტა და „ჩაეკვეხებინა" თავისი კითხვები. ხელიც კი მომისვა რამდენჯერმე ზურგზე და მითხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. პატრიარქმა გაიმეორა პოზიცია, რომელიც გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ ჰქონდა. უწმინდესმა დაგვლოცა...

პატრიარქმა გვითხრა, მამა გიორგისგან ცუდი არაფერი გამიგიაო და ეს ყველაფერი მიმართული არის საქართველოს დისკრედიტაციისკენო. საუბარს უწმინდესსაც აწყვეტინებდნენ. პატრიარქმა მოგვისმინა, მან მხოლოდ ერთი ინტერვიუ გამახსენა ჩემი, რომელიც გაზეთში დაიბეჭდა, თუმცა მეტი არაფერი უკითხავს. მეუფე იაკობმა მითხრა, რომ სრული ინფორმაცია აქვს პატრიარქს, თუმცა ამაში ეჭვი მეპარება, რადგან მას არ გასჩენია არც ერთი კითხვა ჩემს ინტერვიუებთან დაკავშირებით. ვრჩები ჩემს პოზიციაზე, რომ უწმინდესი საქმეზე სრულ ინფორმაციას არ ფლობს", - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"