"ბიძინას დღესაც ველაპარაკე და ინსულტის ამბავზე ბევრი იცინა" - რას ყვება ივანიშვილების ოჯახის მეგობარი? - კვირის პალიტრა

"ბიძინას დღესაც ველაპარაკე და ინსულტის ამბავზე ბევრი იცინა" - რას ყვება ივანიშვილების ოჯახის მეგობარი?

"რომ მოვიკითხე, მითხრა, ეგონოთ რომ ავად ვარ, გაიხარონ და იყვნენო…. ავადმყოფი ის ხალხია, ვინც ეს მოიგონა, სხვას ვერაფერს ვიტყვი"

"განგებ არ ჩნდება, დედას გეფიცებით! უყურებს ამ ყველაფერს და ძალიან ხალისობს!"

რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ინსულტი გადაიტანა და თითქოს გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს.

მიუხედავად იმისა, რომ მისმა ვაჟმა ბერა ივანიშვილმა ამის შესახებ განცხადება გაავრცელა და ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო, საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა არ წყდება. გვესაუბრება ბიძინა ივანიშვილის და მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის უახლოესი მეგობარი, ნიკუშა შენგელაიას მეუღლე, ეკა ჭიჭინაძე:

- ჭორი როგორ არ გამიგია, შეიძლება ათასი რამ ითქვას, მაგრამ ამისთვის მცირე საფუძველი მაინც ხომ უნდა არსებობდეს! ასეთი ჯანმრთელი ადამიანი ცხოვრებაში არ მინახავს. ყველამ იცის როგორი ცხოვრების წესიც აქვს და საიდან მოიგონეს ბიძინას ავადმყოფობა, მართლა ვერ ვხვდები... დღეს პირადად ვესაუბრე და ძალიან ბევრიც ვიცინეთ! რომ მოვიკითხე, მითხრა, ეგონოთ რომ ავად ვარ, გაიხარონ და იყვნენო…. ავადმყოფი ის ხალხია, ვინც ეს მოიგონა, სხვას ვერაფერს ვიტყვი.

ყველაფერს აქვს საზღვარი! ჩვენც ვიყავით ოპოზიციონერები, გაბრაზებულები, მაგრამ ასეთ რამეს ნამდვილად არ ვკადრულობდით! ჩვენ თავს არ ვაკადრებდით, რომელიმე მათგანი თუნდაც ცუდადაც რომ გამხდარიყო, ამაზე გვექილიკა! თავი აქვთ დაკარგული და აღარ იციან რა მოიმოქმედონ! ნამდვილად არ გამიხარდებოდა მიხეილ სააკაშვილს ინსულტი რომ დამართნოდა და ამაზე არ ვიქილიკებდი... ჩვენ ბევრად უფრო თავმოყვარე ოპოზიცია ვიყავით!

- ერთ-ერთი სასულიერო პირი წერდა, რომ გასული დღეების განმავლობაში ჭორვილაში ნახა ბიძინა ივანიშვილი... (იხილეთ)

- დიახ, სწორი იქნება, რადგან ბიძინა ჭორვილაში ძალიან ხშირად ჩადის! იქ მოხუცი დედა ჰყავს, რომელიც უკვე 96 წლისაა და გასულ წელს თავს ცუდად გრძნობდა. ეს ისეთი ოჯახია, სადაც ერთმანეთს ძალიან უფრთხილდებიან!

ეს ამბავი რომ გავრცელდა, მეგობრები ისტერიულად მირეკავდნენ, შეშინებულები მეკითხებოდნენ და ვაწყნარებდი, რადგან იცოდნენ ყველაზე სანდო წყარო მე ვიყავი...

- იმასაც ამბობენ თუ კი კარგად არის, რატომ თვითონ არ ჩანს არსადო...

- განგებ არ ჩნდება, დედას გეფიცებით! უყურებს ამ ყველაფერს და ძალიან ხალისობს! აუცილებლად გამოჩნდება, როცა საჭიროდ ჩათვლის! ადამიანს თითიც არ წამოტკივებია და მეტი რაღა უნდა გითხრათ!

იხილეთ ასევე: "ცნობა ჩემი ინსულტის შესახებ გადაჭარბებულია", ანუ მოდელირებული საქართველო

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)