"როგორც ჩანს, რაღაც პრობლემა ჰქონდა და არ გამიმხილა" - თურქეთში 36 წლის ქართველი გარდაცვლილი იპოვეს - კვირის პალიტრა

"როგორც ჩანს, რაღაც პრობლემა ჰქონდა და არ გამიმხილა" - თურქეთში 36 წლის ქართველი გარდაცვლილი იპოვეს

20 ივნისს, ქუთაისელი ბუნა ხოტოველი თურქეთში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ის სიმაღლიდანაა გადავარდნილი, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალურად ეს ინფორმაცია არავის დაუდასტურებია. 36 წლის ბუნა ხოტოველი ქუთაისში დედასთან ერთად ცხოვრობდა.

როგორც ნათელა ხოტოველი ამბობს, მისი შვილი ტაილანდში ამერიკის დიასპორის მიწვევით, სემინარზე, მიმდინარე წლის 6 ივნისს გაემგზავრა.

"ბუნა ექვსში დილით წავიდა. ამერიკის დიასპორის ასოციაციამ მიიწვია სემინარზე. მეკონტაქტებოდა, როცა ჩავიდა. როგორც ჩანს, გადაიღალა. როცა სემინარი დასრულდა, დამირეკა და მითხრა, გვარიგებენ ჩვენს სახელმწიფოებშიო. პარასკევს მითხრა, ათათურქის აეროპორტში ვარო, მითხრა, ორი დღე გამოვიძინებ, გადაღლილი ვარო. კვირას ღამის სამ საათზე დამირეკა, - როგორ ხარო? მითხრა, რომ თურქეთში სასტუმრო "კონრადში" იყო. მე დაგირეკავ შენ არ დამირეკოო, -  მითხრა. როგორც ჩანს, რაღაც პრობლემა ჰქონდა და არ გამიმხილა. რა მოხდა არ ვიცი, მერე ვურეკავდი და არ მიპასუხა. ბოლოს ვიღაც კაცმა აიღო, თურქულად მელაპარაკებოდა. როცა ჩემი შვილი მოვიკითხე, მითხრა მისი ჩანთა გვაქვს სასტუმროში და თვითონ არ მოსულაო. ვთხოვე, პოლიციაში განაცხადეთ - მეთქი. ვინ რა უქნა, რა მოხდა, არაფერი ვიცი", - ამბობს ბუნა ხოტოველის დედა.