არაბული სოფელი თბილისთან ახლოს?! - რა შეიცვალა ამ თემასთან დაკავშირებით სოფელ კუმისში - კვირის პალიტრა

არაბული სოფელი თბილისთან ახლოს?! - რა შეიცვალა ამ თემასთან დაკავშირებით სოფელ კუმისში

ქართული მიწის გაყიდვის ბოლოდროინდელმა ფაქტებმა მოსახლეობაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

მით უფრო, რომ ქართული მიწა მცირე ნაკვეთებად გაყიდულიც აღმოჩნდა. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ მცირე ნაკვეთები სწორედ საკარმიდამოდ, სახლის ასაშენებლად არის განსაზღვრული და არა საინვესტიციოდ. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ადგილებში ახალი სოფლის აღმოცენებაა მოსალოდნელი. იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდა სოფელი კუმისიც. აქ მოსახლეობამ მოულოდნელად შეიტყო, რომ სოფლის სახნავ-სათესი მიწის 200 ჰექტარი ორ პიროვნებაზე, მათ შორის, წარმოშობით არაბ მოქალაქეზე გაიყიდა. ამ უკანასკნელმა კი, მიწა დაახლოებით 1500 კვმ-იან ფართობებად დაანაწევრა და ნაკვეთების სხვა, არაბ მოქალაქეებზე გაყიდვას შეუდგა. ასე გაყიდა მან 80 საკარმიდამო ნაკვეთი არაბ მოქალაქეებზე. ვაჭრობის გაგრძელების შემთხვევაში კი ამ ადგილებში 1200 არაბული ოჯახის ჩამოსახლება იგეგმებოდა. ფაქტის დოკუმენტური მტკიცებულებები სოფელის მოსახლეობამ საჯარო რეესტრში მოიპოვა, რამაც ვნებათაღელვა გააძლიერა და ხალხი აქციების გასამართავად გამოიყვანა.

აღსანიშნავია, რომ სოფელს გვერდით არა მხოლოდ საზოგადოება, არამედ გარდაბნის გამგეობაც დაუდგა. დავუკავშირდით გარდაბნის გამგებლის მოადგილეს, ბატონ ირაკლი ჭელიძეს და პრობლემის ირგვლივ კომენტარი ვთხოვეთ:

- არ ვადასტურებ, რომ ამ ტერიტორიაზე არაბული სოფლის მშენებლობა იგეგმება, რადგანაც ამ ადამიანებს მუნიციპალიტეტისთვის სახლების მშენებლობის ნებართვით არ მოუმართავთ. დღეისათვის კი ჩვენი კანონმდებლობა ამ კუთხით საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ შეიცვალა.

მიუხედავად ამისა, კუმისის მკვიდრს არჩილ მინდიაშვილს სიტუაცია სულაც არ მიაჩნია დასამშვიდებლად:

- ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ და საუკუნეების განმავლობაში ფიზიკური არსებობის შენარჩუნებისთვის ვიბრძოდით. ვნახოთ, რა იქნება. ჯერჯერობით, საბედნიეროდ, სახელმწიფო მიხვდა, რა უნდა გაეკეთებინა და მიწის არაქართველ მოქალაქეებზე გაყიდვას კონსტიტუციით აკრძალავენ.

რაც შეეხება ნაკვეთებად უკვე გაყიდულ მიწებს, -კერძო საკუთრება ხელშეუხებელია და სამწუხაროდ, ამას ვერ დავუპირისპირდებით; თუმცა, აუცილებლად ვიბრძოლებთ, რომ ეს პრობლემა კანონმდებლობით მოვაგვაროთ და რისიც სოფელს ეშინია, ის არ დავუშვათ. ხალხის ბრძოლას კი, ყოველთვის ჰქონდა აზრი და დარწმუნებული ვარ, რომ ახლაც ექნება.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)