პატრიარქი: "ჩემთვის ცის ჩამოვარდნა იყო, როცა მითხრეს, მამა გიორგი დააპატიმრესო" - კვირის პალიტრა

პატრიარქი: "ჩემთვის ცის ჩამოვარდნა იყო, როცა მითხრეს, მამა გიორგი დააპატიმრესო"

"ვითომ ეკლესიაა დამნაშავე, რომ მამა გიორგი დაიჭირეს, რატო ვართ ჩვენ ამაში დამნაშავე?"

21 ივნისს, დაკავებული დეკანოზის, მამა გიორგი მამალაძის ოჯახი საპატრიარქოში პატრიარქს შეხვდა. საპატრიარქომ დღეს შეხვედრის ამსახველი აუდიოჩანაწერი გაავრცელა. (იხილეთ: "რომელია ჩემი ნათლული?" - პატრიარქისა და დაკავებული დეკანოზის ოჯახის შეხვედრის დეტალები)

შეხვედრაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ პატრიარქს სთხოვა, დეკანოზს თავდებად დასგომოდა და სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას დეკანოზი ციხიდან გამოუშვან.

"მისთვის ციხე არის დამთრგუნველი, სიმართლე აუცილებლად დამტკიცდება, მაგრამ ამ ყველაფერს თვეები სჭირდება, და ეს არა მარტო მისთვის, არამედ მისი შვილებისთვისაც, მეუღლისთვის, ოჯახისთვის არის მძიმე გადასატანი, ამიტომ თხოვნით მოგმართავთ, იქნებ თავდებობით გამოუშვათ მამაო და სასამართლო სხდომები ჩვეულებრივად გაგრძელდება."

შეხვედრაზე მყოფმა მამა დავით ჭინჭარაულმა, დეკანოზის ძმას მიმართა და განუცხადა, რომ ეს საკითხი საპატრიარქოზე დამოკიდებული არ არის. "როგორც გითხარით, სამართლებრივად მხარში გიდგევართ, პოლიტიკურ სახეს ნუ მივცემთ... "

საუბარში მეუფე თეოდორე ჭუაძე ჩაერთო:

"პოლიტიკოსები პოლიტიკურად იყენებენ ამ ამბავს და ეკლესიის მოწინააღმდეგეები ეკლესიის საწინააღმდეგოდ, თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ მივცეთ არავის უფლება ამ საქმით მანიპულირების. სამწუხაროდ, ეკლესიას ბევრი მტერი ჰყავს ქვეყნის გარეთაც და შიგნითაც, რომელთაც სურთ ეკლესიის დისკრედიტაცია, ყოველთვის ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ საპატრიარქოში რაღაც საშინელება ხდება, თითქოს ჩვენ გველეშაპები ვართ და ვცდილობდით, რომ ეს ერთი მამა გიორგი დაგვეხრჩო ჩვენ ყველას, თავს არასდროს ვიმართლებთ... ვითომ ეკლესიაა დამნაშავე, რომ მამა გიორგი დაიჭირეს, რატო ვართ ჩვენ ამაში დამნაშავე?"

თორნიკე მამალაძეს მამა მიქაელ ბოტკოველმაც მიმართა: "თქვენ ყოველდღე აკეთებთ განცხადებებს და ახდენთ საპატრიარქოს მაღალი თანამდებობის პირების დისკრედიტაციას, რომ თითქოს მეუფე იაკობი და ქალბატონი შორენა არიან დაინტერესებული, რომ მამა გიორგი დაეჭირათ. ეს არის ჩემო მეგობარო სიმართლე, მეუფე იაკობი არის პატრიარქის ქორეპისკოპოსი, რომელიც სარგებლობს მისი ნდობით. აი, პატრიარქთან იმყოფებით და თქვენ ამბობდით, რომ პატრიარქმა არ იცის რაშია საქმეო, პატრიარქმა როგორ არ იცის? ხომ დარწმუნდით?"

პატრიარქი შეეხო პრესაში გამოქვეყნებულ თორნიკე მამალაძის ინტერვიუს.

"თქვენ თქვით (ინტერვიუში), რომ მამა გიორგი პატრიარქთან რჩებოდა ღამეო, არ ყოფილა ასეთი შემთხვევა და უნდა გეშინოდეს ღმერთისა, როცა ამას ლაპარაკობ."

როგორც თორნიკე მამალაძემ პატრიარქს უთხრა, "ამის ყველაფრის დოკუმენტაცია არსებობს".

პატრიარქი: "ჩემთან რჩება სამი ადამიანი, დაცვის წარმომადგენელი, ერთი მონაზონი და ერთი მღვდელი. თქვენ იმას ამბობთ, რომ ღამე რჩებოდაო, კიდეც რომ დარჩენილიყო, რა მოხდებოდა?

თორნიკე მამალაძე: "არა, უბრალოდ იმას ამბობენ, თქვენო უწმინდესობავ, რომ პატრიარქს ახლო ურთიერთობა არ ჰქონდა და მამა გიორგის არ იცნობდაო, ასეთი რამ გაჟღერდა და მაგასთან დაკავშირებით ვთქვი".

პატრიარქი: "ჰოდა, ძალიან ფრთხილად უნდა ილაპარაკო, რაც თავში მოგადგება უნდა განსაჯო, გაანალიზო, პატრიარქს ეჭვის თვალით არ უნდა შეხედო".

თორნიკე მამალაძემ კი არგუმენტად ინტერნეტში გავრცელებული სურათი მოიყვანა, სადაც დეკანოზი გიორგი მამალაძე, პატრიარქთან ერთად, სკამზე ზის.

მეუფე თეოდორე დეკანოზის ძმას: "თორნიკე, ინტერვიუებში ფრთხილად უნდა იყოთ, ისეთი რაღაც არ უნდა დავწეროთ, რომ გამოვიდეს ეკლესიის დისკრედიტაცია, ვიღაცეები შეეცდებიან ეს გაგაკეთებინონ, რომ ჩვენ შორის ურთიერთობა გაფუჭდეს, ნურც ბრალს დავდებთ ნურავის ასე ხელაღებით, ჩვენ ვართ ერთი დიდი ოჯახი, მამა გიორგი ჩვენთან ერთად იყო, უცხო კი არ იყო. ყველანი ერთნაირი უფლებებით ვსარგებლობდით უწმინდესთან".

პატრიარქმა, დეკანოზის მეუღლესაც მიმართა, ეთქვა რამე, თუ სათქმელი ჰქონდა.

"მოგვეხმარეთ",- უპასუხა დეკანოზის მეუღლემ.

ამის შემდეგ, პატრიარქს დეკანოზის დედამ მიმართა.

"ყველაფერზე თავს დავდებ, რომ მამაო ამას არავითარ შემთხვევაში, არაფრის საფასურად იმას არ იზამს, რასაც აბრალებენ, ჩემს სიცოცხლეს დავდებ ამის საფასურად, ჩემი შვილიშვილების სიცოცხლეს".

დეკანოზის ძმამ კიდევ ერთხელ მიმართა პატრირქს საკუთარი აზრი დაეფიქსირებინა თავდებობასთან დაკავშირებით, თუმცა თორნიკე მამალაძეს მეუფე თეოდორემ უპასუხა, რომ ეს საკითხი მათი გადასაწყვეტი არ არის და რომ მეუფე შეწყალების კომისიის წევრია და უამრავი პატიმრის საქმეა შესული კომისიაში.

"მეუფეო შეწყალებას არ ვითხოვთ, თავდებობას ვითხოვთ", - აღნიშნა დეკანოზის ძმამ.

მეუფე თეოდორე: "არა შეწყალებას იმიტომ ვიძახი, რომ დღეში ხანდახან ხუთას საქმეს ვკითხულობ, ამიტომ ეს განაჩენი ბევრი ვიცი, თავდებობით მე არ მინახია გამოსული, გირაოთი კი, საპროცესო შეთანხმებით, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ბოლო პერიოდში თავდებობით არავინ მინახავს გამოსული".

თორნიკე მამალაძემ კვლავ პატრიარქს მიმართა, სჯერა თუ არა უწმინდესს ამ ბრალდების.

პატრიარქი: "მე ცუდი არაფერი მინახავს მამა გიორგისგან და ეს ჩემთვის იყო ცის ჩამოვარდნა, როცა მითხრეს, რომ მამა გიორგი დააპატიმრესო, მაგრამ ღმერთი მოწყალეა და მშვიდობა მისცეს მამა გიორგის, მის ოჯახს".