"იქამდე მივედით, რომ პატრიარქს ამდენ საშინელებას ვუბედავთ" - რატომ თქვა საიუბილეო ღონისძიებებზე უარი ნანი ბრეგვაძემ? - კვირის პალიტრა

"იქამდე მივედით, რომ პატრიარქს ამდენ საშინელებას ვუბედავთ" - რატომ თქვა საიუბილეო ღონისძიებებზე უარი ნანი ბრეგვაძემ?

ნანი ბრეგვაძის 80 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით არაერთი ღონისძიება იყო დაგეგმილი, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, კონცერტების განწყობა აღარ აქვს და ყველა მათგანი გააუქმა...

თუ როგორია ნანი ბრეგვაძის დღევანდელობა და რას განიცდის იგი ყველაზე მტკივნეულად? - გვესაუბრა ქართული ესტრადის ლეგენდა:

- 80 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით წინანდალში ვიყავით, მეგობრებმა არაჩვეულებრივი საღამო მომიწყვეს... შემდეგ იგეგმებოდა კონცერტები, მაგრამ თავი აღარ მაქვს! ან რად მინდა, რაში მჭირდება, როდესაც ქვეყანაში ამდენი ცუდი ამბავი ხდება...

- მაინც რამ იმოქმედა თქვენზე ასე ძალიან, რას განიცდით?

- რაც საპატრიარქოს გარშემო ხდება, ეს ენით აუწერელი რამეა, არც ვიცი რა უნდა ვთქვა. უკვე იქამდე მივედით, რომ პატრიარქს ამდენ საშინელებას ვუბედავთ... ეს წარმოუდგენელი საშინელებაა! შემზარავია ჩემთვის ეს სიბინძურე ეკლესიაში!

ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებს ის, რაც თბილისში ხდება! ასე მგონია, რომ ეს ქალაქი არავის უყვარს. ანგრევენ და საშინელი შენობები შენდება! ვის რად უნდა ამხელა სახლები?! უცხოელებს რომ ვაჩვენოთ, ერთი ძველი თბილისი დაგვრჩა, თუმცა, როგორც ვიცი, სოლოლაკიც ინგრევა... ან რას ვსუნთქავთ, არ ვიცი. არადა, ჩემი ქალაქის გარეშე გაძლება არ შემიძლია!

მთელი მსოფლიო მოვლილი მაქვს, მაგრამ არასოდეს აზრად არ მომსვლია ეს ქალაქი დამეტოვებინა და სხვაგან წავსულიყავი საცხოვრებლად...

ამ მადლიან ქვეყანაში ყველაფერი გვაქვს, ოღონდ ხალხი უნდა გამოიცვალოს. როგორ შეიძლება სოფლის მიტოვება, სოფელით ცხოვრობდა მთელი ქვეყანა! საერთოდ სიტყვა სოფლელს ვეღარ ვიტან, ბოლო ხანს ისეთი კონტექსტით ხმარობენ, არადა ყველაზე დახვეწილი ხალხი სოფელში ცხოვრობდა, ისეთი მიღება იცოდნენ, დღეს კი იქ გაჩერება აღარავის უნდა! მესმის რომ ყველას წინსვლა და შვილებისთვის კარგი განათლების მიცემა სურს, მაგრამ ხომ შეიძლება ნორმალური პირობები ადგილზე არსებობდეს, ასეთ შემთხვევაში გლეხი არსად არ წავა!

რაჭველი ვარ წარმომავლობით, მაგრამ იქ ადრე ვერ ჩავდიოდი... როდესაც პირველად რაჭაში მოვხვდი, ლამის გავგიჟდი, ისეთი სილამაზე ვნახე! ძალიან მინდა იქ ერთი პატარა ოდა მქონდეს და ჩემს შთამომავლებს დარჩეთ.

რასაც ვუყურებ, ძალიან კარგი ახალგაზრდობა მოდის, მგონია, რომ ქვეყანას მიხედავენ, მანამდე კი მოთმინებაა მთავარი...

- თქვენს საიუბილეო კონცერტებს რომ დავუბრუნდეთ, ალბათ რუსეთშიც იგეგმებოდა...

- არა, მოსკოვში ჩავდივარ ხოლმე, მაგრამ იქ კონცერტს ვერ ვატარებ... … ვერ კი არა, არ ვატარებ, არ შემიძლია! რუსეთი ძალიან დიდია და ხალხს არაფერს ვერჩი, თუმცა თვითონ არავის სცემენ პატივს აგერ ცხვირწინ გვყვანან შემოჭრილები, გორთან, არანაირ წესებს არ იცავენ...

რასაკვირველია, რუსეთიდანაც იყო შემოთავაზება საიუბილეო თარიღის აღნიშვნის თაობაზე, მაგრამ უარი ვთქვი! რობერტ ბარძიმაშვილმა იცოდა თქმა, - ჯერ შენი ქვეყანა უნდა გიყვარდეს, აქ უნდა უყვარდე ხალხს და მერე სხვაგანო...

საქართველოში იმდენად განათლებული და მუსიკალური გემოვნების ხალხი ცხოვრობდა, რომ აქ უფრო მეშინოდა კონცეტზე გასვლა, ვიდრე სხვაგან! მე სულ ვგრძნობდი ხალხის სიყვარულს, მაგრამ ეს ძალიათ კი არა ბუნებრივად მოხდა. ღმერთი ყოველთვის ძალიან მწყალობდა, შენს საქმეს პატიოსნად უნდა ემსახურო და წარმატება თავისით მოვა!

- როგორც ვიცი თბილისთან ახლოს აგარკი გაქვთ, სადაც ყველაზე მეტად გიყვართ დასვენება?

- დიახ! თბილისთან ახლოს არის სოფელი წვერი, სადაც სახლი მაქვს. აქ თავის დროზე სახლები თეატრალური უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის დაარიგეს და ადვილი წარმოსადგენია, რა ხალხია იქ შეკრებილი. ჩემი დეიდაშვილის მეუღლე გახლდათ მოქანდაკე, ჯუნა მიქატაძე, რომელიც ყველას ეხვეწებოდა, იყიდეთ წვერში სახლები, არაჩვეულებრივი სოფელიაო... მისი დიდი დამსახურებაა, ბევრი ადამიანი რომ დასახლდა წვერში. მეტიც, უცხოელი იყო სტუმრად წვერში და რომ დაინახა იქ რა სილამაზე იყო, სახლი იყიდა და დღესაც იქ ცხოვრობს.

მიტოვებული სოფელი იყო, იქ აღარავინ ცხოვრობდა, რადგან რუსთავში გადაასახლეს ხალხი... სოფელში პატარა ეკლესიაა, სადაც აგარაკზე ყოფნისასა, ყოველ კვირას მივდივართ ოჯახებით... ზემოდან კიდევ წმინდა გიორგის პატარა ეკლესია დაგვყურებს. ჩემი სახლი დიდია, მაგრამ სული რომ შეუბერო, დაინგრევა. წყალი არ არის, წყაროს წყალს ვსვამთ, გაზი არ არის, მაღაზია არ არის და ყველას მაინც იქ გვიყვარს ცხოვრება. ჩემთვის ბუნება არის ყველაზე ძვირფასი რამ ცხოვრებაში. ყვავილები მაქვს დარგული... დამცინიან, ირგვლივ სულ დეკორზე ზრუნავო, მაგრამ ერთი კვირაც რომ ვიყო, სულ სილამაზეში უნდა ვიჯდე!

იქამდე მისასვლელი ძალიან ცუდი გზაა და მანქანები ძლივს დადიან. შვილიშვილებმა უკვე ხელი ჩაიქნიეს იქაურობაზე, ახლა თავიანთი ოჯახები ჰყავთ და წვერში აღარ ამოდიან... ბავშვობაში კი დაგვყავდა, მაგრამ მალე სწყინდებოდათ, რადგან იქ არანაირი გასართობი არ არის. მე, მაგალითად, იქ ტელევიზორი არ მაქვს, სამაგიეროდ მაქვს საშუალება ბევრი ვიკითხო. მთელი წელი ვგეგმავ ხოლმე იმ სახლის გამაგრებას, გადიდებას, მაგრამ ზაფხული რომ მოდის, აღმოჩნდება, რომ საჭირო თანხა არ მაქვს...

იხილეთ ფოტოგალერეა

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)