"ვიმედოვნებ, რომ ნიუტონს ეს არ უთქვამს" - არის თუ არა პლანეტა ნიბირუ საფრთხე და რომელი წლისთვის ივარაუდა ნიუტონმა დედამიწის აღსასრული?! - კვირის პალიტრა

"ვიმედოვნებ, რომ ნიუტონს ეს არ უთქვამს" - არის თუ არა პლანეტა ნიბირუ საფრთხე და რომელი წლისთვის ივარაუდა ნიუტონმა დედამიწის აღსასრული?!

კონსპირაციული თეორეტიკოსის დევიდ მიდის განცხადებით, დედამიწის აღსასრული შესაძლოა, მიმდინარე წლის ოქტომბერში დადგეს. როგორც "დეილი მეილი" წერს, ამის შესახებ მიდი თავის წიგნში - "Planet X - The 2017 Arrival"  წერს. თეორეტიკოსის მოსაზრებით, ვარსკვლავი, რომელსაც "ჩვენი მზის ტყუპს" უწოდებს, ჩვენკენ მოემართება.

მისი თქმით, "ეს ვარსკვლავარი თან გამოიყოლებს ორბიტის გარშემო მოძრავ შვიდ სხეულს, მათ შორის ნიბირუს. ნიბირუ დიდი და ლურჯი პლანეტაა, რომელსაც პლანეტა X-საც უწოდებენ. როგორც მეცნიერები წერენ, პლანეტა - ნიბირუ იგივე ანუნაკი გასულ საუკუნეში აღმოაჩინეს, თუმცა მდებარეობიდან გამომდინარე, მისი დანახვა იმ პერიოდში შეუძლებელი იყო. მას როგორც მე-10 პლანეტის სახელით იცნობენ და მისი ორბიტა იმდენად გაწელილია, რომ ძირითად დროს, მზის სისტემის გარეთ ატარებს და ყოველ 3657 წელიწადში ერთხელ შემოდის ჩვენს სისტემაში.

მეცნიერების კვლევების თანახმად, ის 4-5-ჯერ აღემატება დედამიწას ზომით და მისი დედამიწისგან საკმაოდ ახლო მანძილზე ჩავლაც კი გამოიწვევს კატასტროფულ მოვლენებს და ცივილიზაციის განადგურებას. ცოტა უფრო ახლო ჩავლით ან შეჯახებით ჩვენი პლანეტა შეიძლება მთლიანად გაანადგუროს.

მიდის მოსაზრებით, პლანეტა დედამიწას 2017 წლის ოქტომბერში მოუახლოვდება...

აქვს თუ არა ამ ვარაუდს მეცნიერებასთან კავშირი, ამ საკითხზე ილიას სახელმწიფო უნივერისიტეტის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის პროფესორი, გია მაჩაბელი გვესაუბრა...

- ვფიქრობ, მიდის კონსპირაციულ თეორიაში არაფერია დასაჯერი! რაც შეეხება მეორედ მოსვლას, მეც ძალიან ბევრს ვიქექებოდი ნიუტონის ჩანაწერებში, ასეთი რამ თვითონ არ მინახავს, მაგრამ ჟურნალისტები მის სიტყვებს ისეთი ინტერპრეტაციით ავრცელებდნენ, თითქოს ნიუტონის ვარაუდით, დედამიწის აღსასრული 2060 წელს დადგება...

ვიმედოვნებ, რომ ნიუტონს ეს არ უთქვამს! თუმცა მე რომ ვერ ვნახე, ეს არ ნიშნავს, რომ არ დაუწერია! ნიუტონი თუ დაწერდა, დასაბუთებასაც დაურთავდა, რადგან ის უდიდესი მეცნიერი იყო! ამასთანავე, მას იმდენად დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, რომ ძალიან ბევრს საუკუნეების განმავლობაში სურდა მის ავტორიტეტს ამოფარებოდა და ვფიქრობ, ბევრ რამეს უსაფუძვლოდ უვრცელებდნენ!

ძალიან ძნელი სათქმელია წინასწარ რა იქნება და რა არა! ათასი სტიქიური უბედურება ხდება დედამიწაზე, მაგრამ ყველაზე დიდი ხიფათი ჩვენი თავისთვის ჩვენ თვითონ ვართ! დედამიწის განადგურება შესაძლებელია, მაგრამ, არ მგონია, ვინმემ ეს გადაწყვეტილება მიიღოს, წარმოუდგენლად მიმაჩნია! ატომურ ბომბს ვგულისხმობ...

რაც შეეხება პლანეტა მოფრინავს, დაგვეჯახება და გაგვაქრობსო, ამას მეცნიერებასთან კავშირი არ აქვს! რას ვიზამთ, მთელ მსოფლიოში ჟურნალისტებს გიზიდავთ ტრაგიკული სენსაციები...

არსებობს მეცნიერება და არსებობს - რწმენა! ეს ორი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული რამეა!

ყველა მეცნიერს სწამს, რომ არსებობს ჭეშმარიტება, რომელიც ადრე თუ გვიან გამოაშკარავდება. მეცნიერება მხოლოდ რწმენა არ არის, დასაბუთებული ინტერპრეტაციაა!

მოგეხსენებათ, ჯორდანო ბრუნო ცოცხლად დაწვეს... დაწვის მომხრე არ ვარ, მაგრამ ჯორდანო ბრუნო იყო ადამიანი, რომელიც სულ რაღაცეებს იგონებდა და ძირითადად მისტიკოსი იყო. ახლა რომ ამბობენ კოპერნიკის თეორიას იცავდა, (პლანეტა მზის გარშემო რომ ბრუნავს) სინამდვილეში ასე არ იყო! ის იყო მისტიკოსი, რომელსაც არ ჰქონდა ის მეთოდი, რაც აქვს ფიზიკას. სულ თავის შეგრძნებებზე ჰქონდა ყველაფერი აგებული. მეცნიერება არის, აღმოაჩინო ის კანონი, რომელიც არსებობს ჩვენს ბუნებისმეტყველებაში!

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)