ბაბულა სასიყვარულო ღამეს იხსენებს და უცებ მაყვალა სანტიმეტრის გარეშე ჩნდება - ქართულ ფილმებში გაპარული შეცდომები - კვირის პალიტრა

ბაბულა სასიყვარულო ღამეს იხსენებს და უცებ მაყვალა სანტიმეტრის გარეშე ჩნდება - ქართულ ფილმებში გაპარული შეცდომები

არაერთხელ გვინახავს ცნობილ უცხოურ ფილმში გაპარული შეცდომები, რაზეც საკმაოდ ხშირად ლაპარაკობენ და განიხილავენ, მაგალითად, ერთ-ერთ ფილმში გლადიატორთა ბრძოლის მომენტში თვითმფრინავმა გადასერა ცაო, კიდევ ერთგან შუა საუკუნეების ისტორიული პირების სამოსში ჯინსის შარვლის ფრაგმენტები დაუნახავთ.... გადავწყვიტე ქართულ ფილმებში გაპარული შეცდომები აღმომეჩინა. გთავაზობთ ჩემი დაკვირვების რამდენიმე შედეგს.

სიყვარული ყველას უნდა

ფილმში მთავარი გმირის ბურნუთას მანქანის ნომერია 62-33 гаш, რომლითაც საბჭოს თავმჯდომარეს ატარებს, თუმცა გარკვეულ მომენტში ავტომანქანა ნომერს იცვლის და მაყვალაზე შეყვარებული ბურნუთა 62-32 гаш ნომრის ავტომანქანას მართავს.

როდესაც მაყვალა ბაბულას კაბას უკერავს და ზომებს უღებს, სანტიმეტრი კისერზე აქვს ჩამოკიდებული. მაყვალა საკერავ მანქანას მიუჯდება, ბაბულა მის მოპირდაპირედ მოკალათდება და თივის ზვინზე გატარებულ სასიყვარულო ღამის გახსენებას იწყებს და უცებ მისი მსმენელი სანტიმეტრის გარეშე ჩნდება კადრში.

"უდიპლომო სასიძო"

სცენა ბიჭიკოსა და დედამისი კესარიას ეზოში ვითარდება; მასში, ამ ორთან ერთად ვარდენიც მონაწილეობს. ვარდენის ფრაზაზე - "თქვე გოუცრელი მჭადებით გაზრდილებოო" კესარია აენთება და "სტუმარს" გამოუდგება, ბიჭიკო აკავებს და ვარდენი გარბის თან ყვირის: - გამოუშვი, აბა, გამოუშვიო! ამ მომენტში მას მაღალ წინდებში ჩატანილი შარვალი აცვია. სირბილის დროს ვარდენი ტალახიან ორმოში ვარდება და იქიდან განსხვავებული შარვლითა და წინდებით ამოდის.

"არ დაიდარდო"

ფილმის მთავარი გმირი ბენჟამენ ღლონტი, ოჯახის წევრებთან ერთად, ქალის დასანიშნად მიდის ეტლით, რომელშიც შებმულია თეთრი და ყავისფერი ცხენი, გზად გადაივლის დაკიდებულ ხიდს და რამდენიმე კადრში, მათი მგზავრობის მისია არ იცვლება, რასაც ვერ ვიტყვით ეტლში შებმულ ცხენებზე, ამჯერად ისინი შავი და ყავისფერი ფერისანი არიან.

"კუკარაჩა"

მას შემდეგ, რაც კუკარაჩა, თამაზსა და მის მეგობრებს სიგარეტის მოწევისას გამოიჭერს, ის თამაზის დედასთან, ქალბატონ ანიკოსთან მიდის. უბნის ინსპექტორისა და ქალბატონი ანიკოს საუბარი მაგიდასთან მიმდინარეობს, რომელსაც ვაზაში ჩაწყობილი ტიტები ამშვენებს. სიახლით განაწყენებული ანიკო, წამოდგება, თაზოს სილას გააწნავს და ამის გამო კუკარაჩასგან საყვედურს დაიმსახურებს. პასუხად ანიკო ოთახს ტოვებს, რა მომენტშიც მაგიდაზე მოთავსებული ყვავილების თაიგული სულ სხვაგვარად გამოიყურება.

ეკა სალაღაია (სპეციალურად საიტისთვის)