ტუბერკულოზის დიაგნოზი და კლასელთა მშობლების რეაქცია, რის გამოც მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა - სტიგმა, რომელიც კლავს - კვირის პალიტრა

ტუბერკულოზის დიაგნოზი და კლასელთა მშობლების რეაქცია, რის გამოც მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა - სტიგმა, რომელიც კლავს

ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასელმა, სკოლის დამთავრების ბოლო დღეებში თვითმკვლელობა სცადა. სუიციდისკენ ბიძგის მიმცემი საზოგადოების დამოკიდებულება აღმოჩნდა. მოზარდი ტუბერკულოზითაა დაავადებული. მისი პრობლემის გახმაურების შემდეგ კლასელების მშობლები თურმე შვილების სხვა სკოლაში გადაყვანასაც კი ცდილობდნენ, მეტიც, კლასის დამრიგებლისთვის ულტიმატუმიც წამოუყენებიათ, თუ ეგ ბავშვი ბანკეტზე მოვა, ჩვენი შვილების მოსვლას არც ელოდოთო. მასწავლებელმა ამის შესახებ დაავადებულ მოსწავლეს და მის მშობელს უთხრა, რის შემდეგაც ბავშვმა თავის მოკვლა სცადა.

საბედნიეროდ გადაარჩინეს. ის შიშობს, რომ განკურნების მიუხედავად, მომავალშიც არაერთხელ გახდება საზოგადოებისგან გარიყულობის მსხვერპლი.

საქართველოს პაციენტთა კავშირის გამგეობის ხელმძღვანელი ლალი ჯანაშია აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტები, სამწუხაროდ, ხშირია, როდესაც ტუბერკულოზით დაავადებულის ვინაობა ხმაურდება. ამის მიზეზად ის მიიჩნევს დაავადების შესახებ საზოგადოების ფაქტობრივად არაინფორმირებულობას.

ლალი ჯანაშია:

- სტიგმა იმდენად მძლავრია, რომ ოჯახის წევრებიც კი ერთმანეთს უმალავენ დაავადებას. სკოლებში ტუბერკულოზის შესახებ ინფორმაციული ვაკუუმია, ამიტომაც დაავადებული მოზარდის გამო ხშირად გარემოცვა არაადეკვატურად იქცევა. თუნდაც, ბიოლოგიის მასწავლებლები განკარგულებას იძლევიან, დაქლორონ ყველაფერი და დაავადების წინააღმდეგ მათი ბრძოლის ხერხები კომიკურ ელფერსაც კი ატარებს, რომ არა ძალიან ტრაგიკული მხარე, დაავადებულ მოზარდს არაადეკვატურობით ფსიქოლოგიურად უფრო დიდ დარტყმას აყენებენ, ვიდრე დაავადება ვნებთ.

- თუმცა, ალბათ იმის უთქმელობაც არ შეიძლება, რომ დაავადება ნამდვილად საშიში და გადამდებია.

- ნამდვილად, მაგრამ არა იმ პაციენტისგან, რომელთაც უკვე გამოკვლეული აქვთ და მკურნალობენ. საშიშია მისი დამალვა, როცა ფიქრობ, რომ თუ გაამხელ, გაგრიყავენ.

საკმაოდ რთულია მდგომარეობა სახელმწიფო სამსახურებშიც, სადაც გთხოვენ ცნობას ტუბერკულოზის შესახებ. ერთის მხრივ, გასაგებია, რომ თუ თავდაცვის ან შინაგან საქმეთა სტრუქტურებში მუშაობას აპირებ და ყაზარმული ცხოვრებაც მოგიწევს, ჯანმრთელობა ხელს უნდა გიწყობდეს, მაგრამ იმის გამო, რომ ტუბდისპანსერში აღრიცხვაზე იმყოფები და სამსახურში არ მიგიღონ, თითქმის დანაშაული და ადამიანის უფლებების დარღვევაა. ტუბდისპანსერში აღრიცხვაზე ყოფნა არ ნიშნავს, რომ აუცილებლად დაავადების გადადების საფრთხეს წარმოადგენ. მეტიც, შესაძლოა, გქონდეს არა ფილტვის, არამედ სხვა ორგანოს ტუბერკულოზი, რომელიც ჩვეულებრივად ჰაერწვეთოვანი გზებით არ გადაეცემა.

სტიგმა იმდენად ძლიერია, რომ ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებს ურჩევნიათ ბიულეტინი არ გახსნან და სამსახურში სიარულის პარალელურად იმკურნალონ, რაც, რა თქმა უნდა, სულ ცოტა, არასასურველია. ადამიანებს ეშინიათ, რომ თუ ბიულეტინის ფურცელში დაავადება ჩაიწერება, სამსახურს დაკარგავენ.

- ვინ ითვლება ტუბერკულოზის გადამდებად?

- სჯობს საკითხი ასე დავსვათ, პირველ რიგში ადამიანებმა ყურადღება უნდა მიაქციონ საკუთარი ჯანმრთელობის გამოკვლევას, თუ საფრთხეს გრძნობენ, სასწრაფოდ უნდა გაესინჯონ.

ფილტვის ტუბერკულოზზე საეჭვო პაციენტს ჩაუტარდება ნახველის გამოკვლევა, სულ მცირე, ორჯერ, რათა ინახოს, შეიცავს თუ არა ის ტუბერკულოზის გამომწვევ ბაქტერიებს. თუ ნახველში ინახა ტუბერკულოზის ბაქტერია, პაციენტს აქვს ე.წ. ფილტვის ტუბერკულოზის მგბ(+), ე.წ. "ღია" ფორმა, ანუ გამოყოფს ბაქტერიებს ჰაერში ლაპარაკის, ხველისა და ცემინების დროს. შესაბამისად, გადამდებია და შეიძლება დაასნებოვნოს ირგვლივ მყოფები.

თუ პაციენტის ნახველში ვერ ინახა ტუბერკულოზის ბაქტერია, მაგრამ კლინიკური ნიშნები და სხვა ტესტები ადასტურებს ტუბერკულოზის არსებობას, ამ შემთხვევაში პაციენტს აქვს ე.წ. ფილტვის ტუბერკულოზის მგბ(-) ფორმა. ის არის ავად ტუბერკულოზით და აუცილებლად საჭიროებს მკურნალობას, მაგრამ არ გამოყოფს ბაქტერიებს ჰაერში ლაპარაკის, ხველისა და ცემინების დროს. შესაბამისად, არ გადასდებს მას ირგვლივ მყოფებს.

ნახველის სპეციალური გამოკვლევების საშუალებით ასევე დგინდება, პაციენტი ავად არის მგრძნობიარე თუ რეზისტენტული ტუბერკულოზით, რის მიხედვითაც მკურნალი ექიმი ნიშნავს შესაბამის ანტიტუბერკულოზურ მკურნალობას. გარდა ნახველის ნაცხის გამოკვლევისა, პაციენტს ჩაუტარდება ყველა სხვა გამოკვლევა, რომელსაც მისი მკურნალი ექიმი მიიჩნევს საჭიროდ. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა უფასოა და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზზე - (032) 291 19 26 ან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი - 1505.

საზოგადოების ინფორმირებულობაში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს მედიას, არ უნდა ხდებოდეს ისე, რომ ამ დაავადების შესახებ, მხოლოდ სპეციალურ დღეს, 24 მარტს იწერებოდეს და ითქმებოდეს. საჭიროა, საზოგადოების მუდმივად ინფორმაციით კვება, რომ არავის ეშინოდეს დაავადების გამოვლენის, რაც დროულად განკურნების და სხვების ნაკლებად დაინფიცირების პრობლემას მოაგვარებს.

ანა გიორგაძე