"ისე გადაუარა დედა-შვილს და მერე გაიქცა, არც კი დაუმუხრუჭებია... ჩვენმა ნაბოლარა გოგომ ჯერაც არ იცის, რომ დედა აღარ ჰყავს" - კვირის პალიტრა

"ისე გადაუარა დედა-შვილს და მერე გაიქცა, არც კი დაუმუხრუჭებია... ჩვენმა ნაბოლარა გოგომ ჯერაც არ იცის, რომ დედა აღარ ჰყავს"

"თითქოს წინათგრძნობა ჰქონდაო, სასტიკად ეშინოდა ქუჩაზე გადასვლის, მით უფრო ფრთხილად იქნებოდა, შვილიც ახლდა"

27 ივნისს, ქალაქ რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე მომხდარ ავარიას 4 შვილის დედა ემსხვერპლა, მისი ნაბოლარა ქალიშვილი კი მძიმე დაზიანებებით ჯერაც საავადმყოფოში რჩება.

გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი "მერსედესის" მარკის მანქანის მძღოლმა უგონოდ მყოფი 50 წლის მარინა ბორცვაძე და მისი 13 წლის გოგონა ქუჩაში უმძიმეს მდგომარეობაში მიატოვა და გაიქცა. უგონოდ მყოფი დედა-შვილისთვის სასწრაფო დახმარება გამვლელებმა გამოიძახეს. საავადმყოფოში გადაყვანისას დედაც და შვილიც ცოცხლები იყვნენ, თუმცა მედიკოსთა განცხადებით, ქალის მდგომარეობა უმძიმესი იყო. ის საოპერაციოდ მოამზადეს, რა დროსაც გული რამდენჯერმე გაჩერდა, ოპერაციის მსვლელობისას კი მარინა ბორცვაძე გარდაიცვალა.

მისი გოგონას გადარჩენა მოხერხდა. მრავლობითი ტრამვებით მიყენებული შოკის გამო მას ცნობიერება მხოლოდ მესამე დღეს დაუბრუნდა.

მატერიალურად უმძიმეს მდგომარეობაშია გარდაცვლილის ოჯახი - მარინას სოციალურად დაუცველი ოთხი შვილი და უმუშევარი მეუღლე დარჩა. ამბობენ, რომ გონსმოსული მარიამი დედას გამუდმებით კითხულობს...

ზაქრო ბორცვაძე, გარდაცვლილის ძმა:

- მე და ჩემი და ცხინვალიდან ლტოლვილები ვართ. ცხოვრება ისედაც არ გვილხინდა და მით უფრო ჩემი დის ოჯახს: ოთხი შვილის გაზრდა იოლი არ არის, მით უფრო, როდესაც ქვეყანაში სამსახურის შოვნა ძალიან ჭირს.

ძალიან უჭირდათ. როდესაც ჩემი დის მეუღლემაც დაკარგა სამუშაო, სოფელში წავიდნენ საცხოვრებლად. სულ ორი დღის ჩამოსულები იყვნენ რუსთავში. გოგონა მარინას ნაბოლარა შვილია და დედას გვერდიდან არ სცილდებოდა, სულ უკან დასდევდა... გამუდმებით კითხულობს ჯერ არ იცის, რომ დედა აღარ ჰყავს, ვერ ვეუბნებით...

- ავტოკატასტროფა როგორ მოხდა?

- როგორც მითხრეს, დაახლოებით საღამოს ცხრა საათი იქნებოდა, ჩემი უფროსი დისშვილი ადრე დაოჯახდა და ჩემი და სწორედ მისი და შვილიშვილის სანახავად მიდოდა, აი, ამ დროს დავიღუპეთ...

დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი და ქუჩაზე ისე არ გადავიდოდა, გარშემო კარგად რომ არ მიმოეხედა. თითქოს წინათგრძნობა ჰქონდაო, სასტიკად ეშინოდა ქუჩაზე გადასვლის, მით უფრო ფრთხილად იქნებოდა, შვილიც ახლდა.

როგორც თვითმხილველებისგან ვიცით, მანქანა, რომელიც ჩემს დას დაეჯახა, დიდი სისწრაფით ერთ-ერთი შესახვევიდან გამოვარდა, როგორც ჩანს, მძღოლი საერთოდ არ უყურებდა რა ხდებოდა ქუჩაში. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ისე გადაუარა ორ ადამიანს და მერე გაიქცა, არც კი დაუმუხრუჭებია. თავადაც დავათვალიერე ის ადგილი და მუხრუჭების კვალი არსად ჩანდა. ღმერთს მადლობა, რომ ბავშვი გადაგვირჩა. მართალია მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ იცოცხლებს. არ ვიცი, ეს როგორ მოხდა, მაგრამ სასწაული კია… შეიძლება, იმიტომ გადარჩა, რომ რაღაც მომენტში ჩემმა დამ მოახერხა და დაჯახებისას შვილს ხელი ჰკრა. ბავშვს თავის ტრავმის გამო რამდენიმე ადგილას აქვს სისხლი ჩაქცეული, სახსრები კი დამსხვრეული. განსაკუთრებით რთულია მენჯის ძვალის მოტეხილობა, რომლის აღდენა განსაკუთრებით ძნელია, ზოგჯერ წელიწადზე მეტია საჭირო, რომ ადამიანი ფეხზე დადგეს.

ჩვენი გამაუბედურებელი მძღოლი არავის დაუნახავს. ხალხი მხოლოდ იმას ამბობს, საშინელი ხმაური გავიგეთ და ამიტომ გამოვცვივდით გარეთო. დიდი იმედი გვაქვს, რომ იმ ნაძირალას იპოვნიან და სათანადოდ დასჯიან.

2016 წლის 1-ლი ივლისიდან ძალაში შევიდა ის ცვლილებები, რომელიც საგზაო წესების გამკაცრებას ითვალისწინებს. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს საქართველოს გზებზე დატრიალებული ტრაგედიების სტატისტიკას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

შემზარავი სტატისტიკა:

მართლაც რომ საგანგაშოა ბოლო თვეების განმავლობაში მომხდარი იმ ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი, რომლის დროსაც ბავშვები დაიღუპნენ:

მარტის მიწურულს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, ავტომანქანა დედა-შვილს დაეჯახა, რის შემდეგაც 11 წლის გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დედა კლინიკაში უმძიმესი დაზიანებებით გადაიყვანეს.

14 აპრილს ქუთაისში ავტომობილი ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა. ბორდიურის მიღმა 8 წლის ბიჭუნა თამაშობდა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა.

მაისში ქუთაისში, გელათის ქუჩაზე ავტოავარიას 11 წლის ბავშვი ემსხვერპლა. პატარა, მეორე ბავშვთან ერთად, საკუთარ სახლთან ახლოს ველოსიპედით სეირნობდა, როდესაც მათ დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა, მეორე ბავშვი კი კლინიკაში გადაიყვანეს.

3 ივნისს გორში, ჭალის დასახლებაში, ავტომანქანა 10 წლის ბიჭს დაეჯახა, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა. ბავშვი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

27 ივნისს, ბათუმში ავტომანქანის დაჯახებისას 9 წლის ბიჭუნა გარდაიცვალა. ბავშვი ზებრაზე გადაჰყავდა ბებიას, როდესაც დიდი სისწრაფით მიმავალი ავტომანქანა დაეჯახა.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)