"ერთი მაინც გადამრჩენოდა, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი. მას მივუძღვნიდი სიცოცხლეს" - კვირის პალიტრა

"ერთი მაინც გადამრჩენოდა, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი. მას მივუძღვნიდი სიცოცხლეს"

"დარჩენილ სიცოცხლეს საქართველოსთვის თეონას გაცნობას მოვახმარ"

უკვე 40 დღე მიიწურა ხევსურეთში დატრიალებული საშინელი ტრაგედიიდან.

22 ივლისს მომხდარმა ავტოკატასტროფამ შვიდი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სამი ბავშვი იყო. მთიელთა უძველესი დღესასწაულიდან, ათენგენობიდან მომავლებს მუცოს ახლოს, სოფელ ხონეში მანქანა ხრამის პირზე მოუცურდათ. მძღოლმა, ბერდია არაბულმა საჭე ვერ დაიმორჩილა და "მიცუბიშის" მარკის ჯიპი მდინარე არღუნში გადავარდა.

მთიელებს ჭირის გაძლება სჩვევიათ, მაგრამ ასეთი ჭირი გაუსაძლისი ყოფილა. არაბულების ოჯახმა ერთბაშად სამი წევრი დაკარგა, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბერდია და სოფო არაბულები და მათი 4 თვის მამუკა. პატარას ცხედარი გახელებულმა არღუნმა წაიღო... დაიაურების ოჯახმაც სამი წევრი დაკარგა, დედა - თეონა ქუმსიაშვილი, 2 წლის დემეტრე და 9 თვის ჯარჯი. ვეღარც დემეტრეს ცხედარი იპოვეს... დაიღუპა თეონას და, ნათიაც. მისი პატარა თაკო დაობლდა.

პოეტ გელა დაიაურს აღარავინ დარჩა, არც ცოლი, აღარც შვილები. თითქოს ღმერთმა დაობლებული პატარების საპატრონოდ გადაარჩინა. მის ძმობილს, ბერდიას ორი ვაჟი ეზრდება...

"მიჭირს გაძლება, მაგრამ უფლება არ მაქვს დავეცე. ბევრი რამ მაქვს სათქმელი, ქვეყანას უნდა გავაგებინო ის, რისთვისაც ჩემი თეო იღვწოდა", - მითხრა გელამ.

გამიჭირდა ჩვენი საუბრის საგაზეთო სტატიად ქცევა, მაგრამ ისევ გელასგან გამხნევებულმა ვცადე, ერთხელ კიდევ გაგვეხსენებინა მთის ბულბულად წოდებული, ულამაზესი ხმის მქონე თეონა ქუმსიაშვილი.

"მახსენდები და მათოვს ტკივილი, შენი სიკვდილი არა, არ მჯერა, კვლავ თვალწინ მიდგას შენი სიცილი, სიკეთით სავსე, გულთბილი მზერა." ეს ლექსი დიდი ხნის წინ უძღვნა გელამ უდროოდ დაღუპული 9 წლის დის, თაიას ხსოვნას. ახლა ვკითხულობ და მგონია, რომ თეონას სიკვდილის გამო დაწერა. ისიც ასეთი იყო, ღიმილიანი, გულთბილი, სიკვდილისთვის ვერგასამეტებელი.

KvirisPalitra.Geგელა დაიაური: - "თეონა სიმღერებს ხომ წერდა, ტექსტებსაც თვითონ თხზავდა. ძალიან ბევრი გეგმა ჰქონდა. მეგობრებთან ერთად ტრიოს ჩამოყალიბებას აპირებდა. სურდა, ოჯახის გარდა, ქართული ფოლკლორისთვის მიეძღვნა ცხოვრება, ამიტომაც დუშეთში გვინდოდა გადასახლება - იქ სამსახურს ჰპირდებოდნენ. ახალი სიმღერებიც ჰქონდა, მაგრამ ვერ მოასწრო ჩაწერა. მხოლოდ ერთის მონახაზი ვნახე. დანარჩენი მელოდია მეხსიერებაშიღა შემომრჩა.

სულ ორი ალბომია გამოცემული. ერთგან ანსამბლ "ფშავლებთან" ერთად მღერის, მეორეში მხოლოდ მისი სიმღერებია შესული.

ბოლო ხანს, ბავშვები რომ მოიზარდნენ, მეტი თავისუფალი დრო გამოუჩნდა. ვეუბნებოდი, არ გაჩერდე, მიხედე შენს საქმეს-მეთქი. უდროოდ გვიმუხთლა ბედმა. დათო კენჭიაშვილთან ერთად მოასწრო მხოლოდ ერთი სიმღერის ჩაწერა. მუსიკა ტარიელ ხარხელაურის ტექსტზე დაწერა თეომ.

ამის მერე დათო არჩვაძემ დაწერა თეოსთვის სიმღერა, "პატრინოტის" მსგავს კონცერტზე უნდა შეესრულებინა. არც ის კონცერტი ჩატარდა, მაგრამ სიმღერა დარჩა და ჯერ არ გახმოვანებულა. ალბათ ვინმეს შევთავაზებ თეოს დაწყებული საქმის დამთავრებას.

ახალი დაქორწინებულები რომ ვიყავით, ერთი მეგობრის ოჯახში ვცხოვრობდით მცირე ხნით, ისიც ავტოკატასტროფაში დაიღუპა. თეომ ძალიან განიცადა და სიმღერა მიუძღვნა მას. ჩემზე, სამშობლოზე, მის ნათლიაზე, მარიამ ხუცურაულზე (პოეტი სანათა) ორი სიმღერა ჰქონდა დაწერილი. სამწუხაროდ, მხოლოდ სმენით მახსოვს მელოდიები. ვნანობ, რომ ვიდეოჩანაწერიც კი არ გაგვიკეთებია.

იმიტომ კი არა, რომ ჩემი ცოლი იყო, თეონა საქართველოს მოუკვდა. დათო არჩვაძე აცრემლებული ამბობდა, ფოლკლორში ერთი უძლიერესი სიმი ჩასწყდა საქართველოსო. მინდა ხალხმა გაიგოს, მას რა ნიჭი და ძალა ჰქონდა. დარჩენილ სიცოცხლეს საქართველოსთვის თეონას გაცნობას მოვახმარ. თეონას გარეშე იქნება ეს ყველაფერი, მაგრამ მინდა კლიპებიც გავაკეთებინო.

არაფერს დავიშურებ იმისთვის, რომ საქართველომ გაიგოს ის, რისი თქმაც თეონას სურდა თავისი ხალხისა და ქვეყნისთვის. პროფესიონალურად უკრავდა თითქმის ყველა კლასიკურ ინსტრუმენტზე, გიტარაზე, როიალზე... საოცარი ხმა ჰქონდა, რის გამოც ძალიან პოპულარული იყო. მიჭირს ხევსურ კაცს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ თეონას პიროვნულმა თვისებებმა უფრო მომხიბლა, ვიდრე სიმღერამ. ბევრი მღეროდა და მღერის, მაგრამ თეონას სული ჰქონდა ღრმა და მომღერალი.

უზომოდ კეთილი იყო. თუ გავბრაზდებოდი, ვინმეზე ცუდის თქმას არ მანებებდა. ძალიან ეკლესიური იყო. მთაში ყოფნის დროს წუხდა ხოლმე, ტაძარში ვერ დავდივარო. გათხოვებამდეც ასეთი იყო. იმასაც კი ამბობდა, ღმერთს უნდა ვუძღვნა თავიო. მაინც ღმერთთან წავიდა.

ჩემი ცხოვრება ძალიან აუწყობელია, საკუთარი სახლიც კი არ მაქვს. რაც მაქვს მუცოში, ისიც მენგრევა. როდესაც ამაზე ვდარდობდი, თეონა მამშვიდებდა, - მთავარია, ერთად ვართ და ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი მოგვცემს, რაც გვჭირდებაო. ალბათ სხვა ადამიანს ვერც გავუგებდი, არ მაქვს მარტივი ხასიათი, თეონასავით სულში მწვდომელი მჭირდებოდა და მომცა ღმერთმა, მაგრამ... როცა გამიჭირდებოდა, გულს მიმაგრებდა, საყვედური არასდროს დასცდებოდა.

ხელისგულში ჩასატევად პატარა და სუსტი იყო გარეგნულად, მაგრამ დიდი სული ჰქონდა, ფშაველის, მთის ქალის ხასიათით ბრწყინავდა. ლაღად გაჰყავდა ცხოვრება. უგუნებო თეო არ მინახავს, მზესავით სხივიანი ხასიათი ჰქონდა. მიჭირს მისი ხმის მოსმენა. ძალიან მძიმეა ეს.

მთიელს ერთი შეხედვით არ უჭირს სიკვდილის გაგება, მაგრამ ეს ძალიან ძნელი ყოფილა. მთის კაცი ხმლით იდგა სიკვდილის წინაშე და მეორე ხელში სანთელი ეკავა. მთიელისთვის სირცხვილი იყო დედას - შვილი, ქმარი ეტირა, ცრემლი არ უნდა დაენახა არავის, ცრემლი სიბეჩავეს ნიშნავდა. ამიტომაც ქალიან-კაციანად მტკიცენი იყვნენ და სიკვდილს უყურებდნენ, როგორც გარდაცვალებას, გადასვლას. სწამდათ სულეთი და სიკვდილი აღარ იყო მათთვის ძნელი და მძიმე.

თუმცა ახლა ვფიქრობ და ვხვდები, რომ მძიმე იყო, მაგრამ გულში იკლავდნენ... ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ სიკვდილთან მიდგომა არ შეცვლილა მთაში. ამაში დამარწმუნა ჩემი დაღუპული ძმობილის დედამ, ნუნუ დეიდამ. ბერდია არაბულის მეჯვარე და მისი დაკარგული შვილის ნათლია ვიყავი. მე ჩემები კვირას დავკრძალე, ბერდია და მისი მეუღლე კი სამშაბათს დაკრძალეს. რას ვიფიქრებდი, რომ ჩემების დაკრძალვის დღეს ნუნუ დეიდა თავის მიცვალებულებს დატოვებდა და ჩემ გვერდით დადგებოდა სატირალში.

ტრაგედიის დატრიალების წუთიდან ვიდანაშაულებდი თავს, რომ მე გადავაყვანინე ბერდიას ხონეში მანქანა, რადგან მინდოდა, ბავშვები მიმებარებინა ხატისთვის. გაუგია ნუნუ დეიდას ეს ამბავი. ამოვიდა და მითხრა, - ასე აღარ იფიქროო. ბერდიას თავი დამაფიცა.

ჩემი შვილი უნდა იყოო, გვერდში უნდა დამიდგეო. ისე მტკიცე იყო ქალი, რომელსაც შინ შვილის ცხედარი დაეტოვებინა და ჩემს სანუგეშოდ მოსულიყო, რომ უფრო გავმაგრდი. ახლა ვეფხის და მოყმის ბალადა მახსენდება. ასეთი იქნებოდა მოყმის დედაც. როცა ქალი ასეთი მტკიცეა, კაცს არ უხდება გრძნობათა გამომჟღავნება...

ბერდიას და სოფოს დაკრძალვაზე ნუნუ დეიდას ვუთხარი, ბედნიერები არიან, უყვარდათ ერთმანეთი და ერთადაც წავიდნენ-მეთქი. ხომ არ გშურსო? კი-მეთქი. კაცნი ვართ. რისიც არ უნდა გვჯეროდეს, გინდა სულეთის, გინდა სამოთხისა, ადამიანს მაინც უნდა, რომ ვინც უყვარს, იმას თვალით ხედავდეს, იმის ხმას ისმენდეს.

ერთმა ნაცნობმა შემომჩივლა, - შვილი  ინვალიდი მყავსო. ვეღარ ვუთხარი, გულში კი გავივლე, - ნეტავ სამივე ინვალიდი მყოლოდა, ბედნიერი ვიქნებოდი-მეთქი. ერთი მაინც გადამრჩენოდა, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი. მერე მას მივუძღვნიდი სიცოცხლეს, რაღაცნაირად შევატრიალებდი ყველაფერს. ვისთვისაც ვცხოვრობდი და ვცოცხლობდი, აღარ მყავს...

არ მინდა, ხალხმა ეს ტრაგედია მხოლოდ ჩემს უბედურებად გაიგოს, ეს ბერდიას ოჯახის, ჩემი თეონას მშობლების ოჯახის ტრაგედიაც არის. ერთმანეთისთვის გვემეტებოდა ეს სამყარო მე და ბერდიას, ზეიმი იყო ჩვენი შეხვედრა. მეუღლე, ცხონებული სოფოც შესანიშნავი ადამიანი გახლდათ. ჩემი ნათია, ცოლისძმას ვეძახდი, ისეთი მხნე და ძლიერი იყო. რვა წლის გოგონა დარჩა. თაკო. რამდენი დამრჩა საპატრონო, არადა ჩემი თავი მყავს ჯერ საპატრონო.

ეგეთი მაგარიც არ ვარ, რომ ამდენს გავართვა თავი. ახლახან, შატილში ბერდიას ბალღებს საჩუქრები ავუტანე. მივეცი და შემრცხვა. მე ხომ ამით მშობლებს ვერ შევუცვლი-მეთქი. არ ვარ საამისოდ ძლიერი. ნუნუ დეიდა ორ დღეში ერთხელ მირეკავს და მამხნევებს. ალბათ დრო რომ გავა, მერე უფრო მივხედავ ყველას და ყველაფერს, ბერდიას დაჩის და გაგას, ნათიას - თაკოს..."

P.S. ის დღე უცნაურად დაიწყო. ტრანსპორტში, ქუჩაში და ყველგან, სადაც კი მუსიკის ჰანგი შეიძლება გაიგონო, დათო კენჭიაშვილის და თეონა ქუმსიაშვილის "დილაო ადრიანაო" ისმოდა. მართლა რა ძნელია უსმინო თეოს საოცარ ხმას და დაიჯერო, რომ ის აღარ არის...