ხავერდოვანი ბავშვობიდან - მეცხვარეობამდე და ხევიდან - თბილისამდე - კვირის პალიტრა

ხავერდოვანი ბავშვობიდან - მეცხვარეობამდე და ხევიდან - თბილისამდე

ხუთშაბათს ჟურნალ "გზასთან" ერთად "ქართული პროზის საგანძურის" 30-ე ტომი გამოდის. წიგნში ალექსანდრე ყაზბეგის ოთხი ნაწარმოები შევა: "ელგუჯა", "ხევისბერი გოჩა", "ნამწყემსარის მოგონებანი" და "ნინო".

არ მეგულება ადამიანი, ისინი წაკითხული არ ჰქონდეს, თუმცა ვინც "საგანძურს" პირველივე ტომებიდან ერთგულად მოჰყვება, კიდევ ერთხელ სიამოვნებით შეაბიჯებს მშვენიერების, რაინდობის, სიყვარულის  სამყაროში. მთის განუმეორებელი პეიზაჟების ფონზე ლეგენდები, თქმულებები თუ ნამდვილი ამბები თქვენთვის და თქვენი შვილებისათვის "ქართული პროზის საგანძურის" 30-ე ტომთან ერთად გადაიშლება!..

ალექსანდრე ყაზბეგის ნაწარმოებების უმეტესობა ტრაგიკულია. თუმცა - გულწრფელი, დინამიკური, რომანტიკული. ამბობენ, მკითხველი ყოველთვის ბედნიერ დასასრულს ელისო, მაგრამ ყაზბეგის ნაწარმოებთა კითხვისას სწორედ ასე ჯაჭვივით ასხმული  დრამატული ეპიზოდებით ინუსხები, წიგნს არ ხურავ,  ყაზბეგისეული გრძელი წინადადების კითხვას აგრძელებ... სუნთქვაშეკრული კითხულობ სწრაფად, შეუჩერებლად და თითქოს პერსონაჟებთან ერთად მიჰყვები მდინარე თერგის ხმაურიან დინებას... დასასრული ახლოვდება... ფინალის ბოლო სცენები და... წერტილი.…წიგნს ხურავ.

ალექსანდრე ყაზბეგი მდიდარი მებატონის ოჯახში დაიბადა. ელისაბედ თარხნიშვილი და მიხეილ ყაზბეგი ვაჟს ფუფუნებაში ზრდიდნენ. წერა-კითხვა პატარა ალექსანდრემ შინ შეისწავლა. მოგვიანებით თბილისში ჩამოიყვანეს; ორი აღმზრდელი მიუჩინეს - ერთი ფრანგი და ერთიც რუსი. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად "ცისკრის" რედაქტორი ივანე კერესელიძე მოიწვიეს, რომელიც ალექსანდრეს შინ აკითხავდა. 1864 წელს თბილისის გიმნაზიის მოწაფე გახდა.

1865 წელს ყაზბეგის ოჯახმა დიდთოვლობის გამო თბილისში ჩამოსვლა ვეღარ მოახერხა და სანდრო გიმნაზიიდან გარიცხეს. ერთი წლის შემდეგ მიხეილი გარდაიცვალა. ყაზბეგის ოჯახი ეკონომიკურ სიდუხჭირეში ჩავარდა. ახლა 18 წლის ალექსანდრეს უნდა ეყოჩაღა! მამის გარდაცვალების შემდეგ სანდროს ერთი დუქანიღა დარჩა. იძულებული გახდა, დახლში თავად ჩამდგარიყო, მაგრამ ზარალის მეტი ამ საქმიდან არაფერი უნახავს და ვაჭრობა შეწყვიტა. 1867 წელს მოსკოვში გაემგზავრა და პეტროვო-რაზუმოვსკის სამეურნეო აკადემიაში თავისუფალ მსმენელად ჩაირიცხა.

მოსკოვიდან ხშირად სწერდა დედას წერილებს,  დახმარებას სთხოვდა. ერთ-ერთ ბარათში, სადაც გრაფ ჩერნიშოვ-კრუგლიკოვის ასულთან ალექსანდრეს სასიყვარულო ურYთიერთობაა აღწერილი, ის დედას ნიშნობისათვის საჭირო ნივთების შესაძენად ფულს სთხოვს. მშობელმა თხოვნა შეუსრულა, მაგრამ ეს ნიშნობა არ შედგა…- ალექსანდრე ყაზბეგს არც მაშინ, არც შემდეგ და არც მანამდე პირად ცხოვრებაში არ გამართლებია. ხევში დღემდე ჰყვებიან, რომ ყაზბეგის ცხოვრებაში რეალური ძიძიაც არსებოდა, ის გლეხის ქალი გახლდათ და ოჯახმა მისი ცოლად შერთვის უფლება არ მისცაო...

სულ მალე ალექსანდრე სამშობლოში ვალებში ჩავარდნილი ბრუნდება და თავისი ოჯახისა და ახლობლებისათვის მეტად მოულოდნელ გადაწყვეტილებას იღებს: 1872 წელს უბრალო მეცხვარედ მიდის ხევში და იქ შვიდი წელი რჩება. ამ ნაბიჯისა და მეცხვარეობაში გატარებული პერიოდის შესახებ იგი ვრცლად მოგვითხრობს "ნამწყემსარის მოგონებებში".

მოგვიანებით მწერალი თბილისში გადმოდის და თავი ნაწარმოებების ბეჭდვაში აღებული თანხით გააქვს. ჯერ გოლოვინის პროსპექტზე სახლობს, შემდეგ - სასამართლოს ქუჩაზე. გოლოვინზე იმავე შენობაში ცხოვრობს, სადაც "დროების" რედაქცია იყო. პირველად "ციცკა" დაბეჭდა, ამას კი მოჰყვა: "ელისო", "ელგუჯა", "მამის მკვლელი", "ნამწყემსარის მოგონებანი"...

პატარა მაიმუნი ჰყავდა თურმე, ჟაკო, ძალიან უყვარდა და წერის დროსაც უბეში ეჯდა. ცხოველი პატრონს უჯერებდა, მაგრამ ხანდახან "მაიმუნობას" იწყებდა, ფურცელს დასწვდებოდა, აიტაცებდა და ანაკუწებდა. სანდრო არ უწყრებოდა და ხელახლა იწყებდა წერას...

"მოძღვარი" მისი უკანასკნელი სიტყვა იყო ქართულ პროზაში. მისი ნაწერები უფრო ხშირად "ივერიასა" და გაზეთ "თეატრში" ქვეყნდებოდა. თეატრი განსაკუთრებთ უყვარდა. ცეკვის ნიჭიც ჰქონია, განსაკუთრებით კარგად "მთიულური" გამოსდიოდა. ის აკაკი წერეთლის მიწვევით 80-იან წლებში ქართული თეატრის დასის წევრი გახდა და ხშირად მონაწილეობდა ქუთაისში, ბათუმში, გორში გამართულ წარმოდგენებში.

ბოლო ხანს მწერალს ფსიქიკური აშლილობის ნიშნები დაეტყო. ერთხანს იმკურნალა, თითქოს გამოჯანმრთელდა კიდეც, მაგრამ 1891 წელს ისევ საავადმყოფოში აღმოჩნდა. ალექსანდრე ყაზბეგი  1893 წლის 10 დეკემბერს გარდაიცვალა. თბილისიდან სტეფანწმინდაში გადაასვენეს და მწერლის ნეშტი მშობლიური კუთხის მიწას მიაბარეს...

ანა კალანდაძე