აურელია - ლამაზი ამერიკელი ქართული აქცენტით - კვირის პალიტრა

აურელია - ლამაზი ამერიკელი ქართული აქცენტით

"ვოცნებობ, ისევე ვისწავლო ქართული, როგორც ქართველმა"

- გამარჯობა, როგორ ხარ? - მეუბნება ქერათმიანი ლამაზი ამერიკელი გოგო აქცენტიანი ქართულით. თბილისის ქუჩებში ის ერთი შეხედვით რიგითი ტურისტია, მაგრამ როგორც ამბობს, მის მკერდში საქართველოს სიყვარულით სავსე გული ძგერს.

აურელია შრენკერი უკვე მეხუთედ არის საქართველოში და ამ ხნის განმავლობაში უამრავი მეგობარი შეიძინა. ამაში "დამნაშავე" აურელიას ლამაზი ხმა და ქართული სიმღერებია. ამერიკელი გოგონა ჯერ კიდევ თბილისში ჩამოსვლამდე, "იუთუბიზე" გავრცელებული ვიდეოკლიპებით შეიყვარეს და დაიმეგობრეს ქართველებმა.

"ფეისბუქზე" მისი თხოვნით უამრავი ქართველი მეგობარი ყოველდღე ქართულად ელაპარაკება. მისი "ლალე" ცრემლს ჰგვრის მსმენელს, სადაც უნდა იყოს, ამერიკაში, ევროპასა თუ საქართველოში. თუმცა საქართველოში ჯერ არ ჰქონია კონცერტი. მხოლოდ ერთხელ, რამდენიმე დღის წინ გამოვიდა ქართულ სცენაზე, თუშურ ფესტივალზე, და ადგილობრივ მომღერლებთან ერთად რამდენიმე სიმღერა შეასრულა. ამბობს, რომ ეს ყველაზე რთული გამოსვლა იყო მისთვის, ასე მგონია, გამოცდა ჩავაბარეო.

მასაჩუსეტსელი ამერიკელი იხსენებს, რომ პირველად 1999 წელს, 13 წლისამ მოისმინა ქართული სიმღერა, თანაც ამერიკელი მომღერლების შესრულებით. თურმე ვერმონტში "სისა ტურას" მღეროდა ლერი გორდონისა და თათიქ ჰაილერის ანსამბლი.

"3-4 წლიდან ვმღერი. არ მახსოვს დღე სიმღერის გარეშე, 13 წლის შემდეგ კი არ მახსოვს დღე ქართული სიმღერის გარეშე", - ამბობს აურელია. ვერმონტიდან მალე დიდ ბრიტანეთში წასულა, სადაც ქართულად სიმღერა ანსამბლ "მზეთამზეს" სოლისტ ნატო ზუმბაძესთან უსწავლია.

ამბობს, ნატო ჩემი ქართული მუსიკის დედააო.

თბილისში ჩამოსვლამდე აურელია თუშეთში იყო სამი კვირით, ამერიკაში გრანტი მოიპოვა, რათა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ომალოს ადმინისტრაციული ცენტრის მომსახურე პერსონალისთვის ინგლისური ენა ესწავლებინა.

ასე რომ, მიხეილ სააკაშვილი სულაც არ ყოფილა პირველი, ვისაც საქართველოში მოხალისე ინგლისური ენის მასწავლებლების ჩამოყვანის იდეა გაუჩნდა. აურელიამ ეს ყველაფერი თვითონ მოიფიქრა და ამერიკული გრანტით ფეხად ჩამოასწრო საქართველოს პრეზიდენტის მოხალისე პედაგოგების "ბატალიონს". ესეც ჩემგან გაიგო და გაოცებულმა შესძახა, ვაუ, უკვე ათასი ჩამოვიდაო?

- უკეთესი იქნებოდა, სხვებს ესწავლათ ქართული. აქ ძალიან ბევრი რამ არის სხვა ხალხებისთვის, სხვა ერებისთვის საინტერესო და უცხო. თუ ენა არ გეცოდინება, ვერასოდეს იტყვი, რომ საქართველო ნამდვილად ნახე, - ამბობს აურელია, - ძალიან მაინტერესებდა მთის ხალხის სიმღერები. ამიტომაც მოვიარე ხევსურეთი, თუშეთი, სვანეთი და კახეთი.

ახლა უფრო დიდი გრანტის მოპოვება მინდა, რომ მეტი ხნით ჩამოვიდე და ძველი სიმღერები ჩავწერო. ხომ მოგისმენია, როგორ ტირიან მთებში ფანდურზე, ეს ნამდვილი საოცრებაა. მინდა, ყველა სიტყვას ვგრძნობდე, თორემ გულით ვერ ვიმღერებ. ვოცნებობ, ისევე ვისწავლო ქართული, როგორც ქართველმა. ვეძებ ქართულის კარგ მასწავლებელს (ეღიმება). თუშეთში ინგლისურს ვასწავლიდი იქაურებს, ისინი კი სიმღერას მასწავლიდნენ.

აქ ცხოვრობს ძალიან ბევრი ხელგაშლილი და მეგობრული ადამიანი. თქვენ გულიც გახსნილი გაქვთ. ამიტომაც არის საქართველო ყველა ქვეყნისგან განსხვავებული, ამიტომაც მინდა აქ ხშირად ჩამოსვლა.

აურელიასთან დამშვიდობების შემდეგ მის მეგობარ ევა სალინასთან ერთად შესრულებული "ხოხბის ყელივით ლამაზი" გამახსენდა და კიდევ აურელიას ნათქვამი: სხვაგან არსად მომისმენია მსგავსი რამ. ნამდვილი საოცრებაა, როგორ უმღერის კაცი ქალს, თითქოს ქალღმერთიაო. დარწმუნებული ვარ, ასე მხოლოდ საქართველოში მღერიან.