"რაჭიდან მაბარებდნენ, საზღვარგარეთ კარგი ცელები ნახე და ჩამოგვიტანეო..."
14-09-2009
მოღიმარი და კეთილგანწყობილი, უამრავი ჩვენგანის საყვარელი მსახიობი გია აბესალაშვილი დათქმულ დროზე ადრე მიდის თეატრში. დილაა, შენობაში, მგონი, დაცვის თანამშრომლის გარდა არავინაა. დაუჯდება და მის მხიარულ მონაყოლს ისმენს. მერე ინტერვიუსთვის საგრიმიოროში ავდივართ. უჯრაში უამრავი ფოტო უწყვია, მაგრამ ვერც ერთი ფოტო ვერ მოიტანს ჩვენამდე იმას, რასაც ცხოვრება ჰქვია... გია მოკრძალებით იხსენებს წარსულს და მიყვება თავის რაჭაზე, რაჭველებზე, თბილისზე, თავის თეატრზე. ცოტა უხერხულადაც კია. ვუსმენ და ვფიქრობ: ალბათ სათიბში რა ლაღია, როგორ მხარგაშლილი უსვამს ცელს... ალბათ რა სევდიანი და სერიოზულია, როცა ის შხუილი ქალაქში მოგყვება და დროდადრო გახსენებს - არაფერია სადავიდარაბო, ცხოვრება მიდის...

ჩემი გარიჟრაჟი

3-4 წლიდან მახსოვს რაღაც ამბები... პატარა ვიყავი, რაჭაში, სოფელ ქორთაში, ცხენზე ვიჯექი ვიღაცასთან ერთად. უფროსები წყლის დასალევად ჩავიდნენ, უნაგირზე დამტოვეს... ცხენი რატომღაც დაფრთხა და გავარდა. ბესიკ თათარაძე გამოეკიდა. გააჩერა ცხენი. შვებით ამოისუნთქეს - კიდევ კარგი, ბავშვი არ ჩამოაგდოო. ქვიანი ადგილი იყო...
ჩემი ბებია ლენა სოფელ შქმერის სკოლის მასწავლებელი იყო. ჩვენი სოფლიდან 14 კილომეტრი უნდა გაევლო... ყოველდღე გადადიოდა შქმერში თოფით ხელში, რომ ტყეში ნადირი მაინც შეეშინებინა და იმავე დღეს ბრუნდებოდა შინ.
თბილისში ქოლერის ეპიდემია იყო. სკოლებში სწავლა შეწყდა. მე მამაჩემის სოფელში - საკაოში წამიყვანეს. III კლასში ვიყავი. მიმიყვანეს სოფლის სკოლაში. სულ ერთი კლასი იყო. ერთად ვისხედით დიდები და პატარები... მახსოვს, იმ სკოლაში რუსულს როგორ ვსწავლობდი, წიგნში ზ ასოზე ვარდი ეხატა... უნდა წაგვეკითხა: როზა, ზაბორ... თბილისში რომ ჩამოვედი, რაჭაში მიღებული ცოდნა გამოვამჟღავნე. როცა რუსულის მასწავლებელმა მკითხა, - რა არის ზაბორ-ო, თამამად ვუპასუხე, - ხიმე-მეთქი. ხიმეს რაჭაში ღობეს ეძახიან. ბევრი იცინა, სად გასწავლესო...
ორი მამიდა მყავდა, ერთი არ გათხოვდა, ამბობდნენ, შეყვარებული დაეკარგა ომშიო... ექიმი იყო. ის იყო ბებიაქალიც, ქირურგიც. ერთხელ ვიღაც კაცი ჩამოიყვანეს მთიდან ხვირით - მარხილზე დასაყენებელი დიდი, მოწნული კალათია, ნაკელი გააქვთ საყანეში. შიგ თივა ჩაეფინათ და იმაზე ეწვინათ დაჭრილი. ეს კაცი სათიბიდან მოდიოდა თურმე, წალდით ხეებს სოკოებს აცლიდა. დათვი გადმოუხტა. ამან წალდი მოუქნია, ყური მოათალა. მეორედ მოუქნია და - ფეხში მოირტყა თურმე... მახსოვს, როგორ გაუკერა მამიდამ ჭრილობა.
ტელეფონი გვქონდა რაჭაში, 2-25 იყო ნომერი. დაურეკავდნენ მამიდას ავადმყოფის პატრონები, წავიდოდა ჭრაქით, გადავიდოდით მეორე სოფელში, უმკურნალებდა, იმ ღამეს დარჩებოდა კიდეც...

ჩემი დილა

პატარა ვიყავი, როცა სუხიშვილების ანსამბლში მიმიყვანეს. IV კლასიდან გასტროლზე დავდიოდი.
პირველად ვოლგოგრადში წავედი გასტროლზე. მატარებელი წიფის გვირაბს მიუახლოვდა. მე ზევით ვიწექი, ქვემოდან მასწავლებელი მაწვდიდა ლიმონათს. დაჯახების ხმა გაისმა. შუქი ჩაქრა და ჩვენი ვაგონი გადაბრუნდა... მეწყერი ჩამოწოლილიყო. პირდაპირ ყვირილაზე ვიყავით გადაკიდებული... ბავშვები ამოვძვერით ხვლიკებივით, ყველა გადავრჩით. მასწავლებელს ცოტა გაუჭირდა, სრული კაცი იყო... ისმოდა წივილი, კივილი... ჩამოგვიყვანეს გორში... მერე ისევ გავაგრძელეთ გზა.
მახსოვს, რაჭიდან მაბარებდნენ ხოლმე, საზღვარგარეთ რომ ჩახვალ, კარგი ცელები შეათვალიერე და ჩამოგვიტანეო... ევროპაში ვის რად უნდოდა ცელი! მითხრეს, ირანული ცელია კარგიო. ვიღაცას ვთხოვე. იმან კიდევ სხვას სთხოვა... მომიტანეს.
პირზე გველი ეხატა. ეს იყო ყველაზე მაგარი ცელი.
სკოლაში ცუდად ვსწავლობდი, როგორ მესწავლა, სულ გასტროლზე ვიყავი და... ცეკვაზე ნიშნების ფურცლები უნდა მიგვეტანა. სტუდიის დირექტორი გოგი სუხიშვილი ძალიან მიყვარდა. მისაყვედურა - რატომ არ მოიტანე ნიშნების ფურცელიო. ორიანებს მაყოლებენ-მეთქი. ორიანსო?! დამრიგებლის ტელეფონის ნომერი გამომართვა... გამომაყოლეს ოთხები. შემრცხვა...
ექსპერიმენტულ სკოლაში ვსწავლობდი. ჩუსტებით დავდიოდით, შრომის გაკვეთილზე კი დიდი მონდომებით გვაკეთებინებდნენ აქანდაზებს... მერე სხვა სკოლაში მომიხდა გადასვლა, რადგან დილის ცვლაში მინდოდა სწავლა... მივდივარ, ვხედავ, გაკვეთილები არ ტარდება... ბოლო ორი შრომა გვქონდა... ჩავედი შრომის კაბინეტში, მიწისქვეშა ბუნკერში. ბიჭები სეკას თამაშობენ, 5-კაპიკიანი კონი აქვთ. რომ დაინახონ, რა ეშველებათ-მეთქი. შემოდის მასწავლებელი, ულვაშა კაცი იყო, ხშირი წარბები ჰქონდა. დაიძახეს - მასწავლებელიო. ვფიქრობ, რას უზამს ამ საცოდავებს-მეთქი. მივიდა, ჩახედა ზემოდან. ერთს ეუბნება: გაიწიე, ტალახაძე, ჩამსვი კონშიო. იმან - მაიცაო... ამან - ჩამსვიო... მაშინ მოტოციკლეტი მათხოვეო. მასწავლებელმა მისცა გასაღები: ოღონდ ბევრი არ იაროო. აუ, რა მაგარი სკოლაა-მეთქი, - გავიხარე!
რამეს თუ ვაშავებდი?
ღამით სანადიროდ ვიპარებოდი ხოლმე. ვხოცავდი კურდღელს, არჩვს, დათვს... თუ მეცოდებოდა ნადირი? ყანაში რომ შემოგივა და დედას უტირებს ყველაფერს, საქონელს ხერხემალში გადაგიტეხს, სპორტული ჟინი გიპყრობს. ახლა უამრავი მგელია რაჭაში, მაგრამ არ ესვრიან - მისი ხორცი არ იჭმება და ტყვიას არ ხარჯავენ.

ჩემი შუადღე

სწავლა მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების ეკონომიკის ფაკულტეტზე უნდა გამეგრძელებინა. ჩემგან არ გამოვიდოდა ეკონომისტი... კიდევ კარგი, შემთხვევით გამაჩერეს ქუჩაში. გოგონამ - შეიძლება ფოტო გადაგიღოო? ერთად გადავიღოთ-მეთქი... არა, მარტო თქვენი ფოტო გვინდაო... ცოტა ხანში სტუდიიდან დამირეკეს, კინოსინჯი გადამიღეს და დამამტკიცეს ფილმზე "წერილები ბამიდან". ციმბირში ვიმუშავეთ, ოპერატორი ლერი მაჩაიძე იყო, დირექტორი - გაგა დემეტრაშვილი, ნადირობდნენ ტაიგაში. საოცარი ადგილი იყო. ვიქტორ კიკნაძესთან ვმეგობრობდი. მირჩია, დარჩი და სატყეოზე ჩააბარე, აქ ვიცხოვროთო... ჭკუაში დამიჯდა. ირკუტსკში ვაბარებდი სატყეოზე. ატყდა თბილისიდან ალიაქოთი: სატყეოს მოგცემთ! დროზე ჩამოდიო. ჩამოვედი და თეატრალურში შევიტანე საბუთები. ჩავირიცხე. თან კინომსახიობთა თეატრში მოვეწყვე სცენის მუშად. ყველაფერს ვაკეთებდი: გამნათებელიც ვიყავი, სცენის მუშაც... სტაჟი ხომ მინდოდა! ვწვალობდი. დიდი დეკორაციები იყო სათრევი... და განა ახლა არ ვეხმარები სცენის მუშებს? ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით...
ახლა გამახსენდა, შეკითხვებს მოგვცემდა ბატონი მიშა თუმანიშვილი და ჩვენ ვწერდით პასუხებს... ერთი ასეთი იყო: სად არის თამარ მეფის საფლავი?.. რას დავწერდი? რაჭაში-მეთქი. იქ თამარ დედოფლის კლდეა და მეგონა, იქ უნდა ყოფილიყო. ახლა რომ ბაგრატის ტაძარში საფლავი აღმოაჩინეს და ზოგმა თქვა, თამარისააო, - გული დამწყდა... ნეტავი არ აღმოაჩინონ, რაღაც ხომ უნდა იყოს ხელშეუხებელი-მეთქი...
ჯარში ცხინვალში ვიყავი. ფაქტობრივად, მერაბ ელიოზიშვილის ჯარში ვიყავი... "სამავოლკაში" მივდიოდით მერაბის ეზოში. ვეხმარებოდით და შევუბერავდით კიდეც ქეიფს... ჩვენი დოლისა და ჩონგურების ხმა მთელ ცხინვალს ესმოდა. ვწურავდით ღვინოს! მაგარი იყო... მერაბი საოცარი კაცია, რა ხეხილი ჰქონდა, უნდა გენახათ. თავისი ხელით ამყნობდა.
ერთხელ ჯარიდან მოვიპარეთ ანტენიანი "ვილისი", რომელიც სათადარიგოდ იდგა ნაწილში. პოსტზე ქართველები იდგნენ. შევუთანხმდით, გავიყვანეთ მანქანა და ერწოს უღელტეხილიდან წავედით რაჭაში. შემოდგომა იყო. ბებია უნდა მენახა... გაიხარა, რომ გვნახა... მოვილხინეთ. დილით ვხედავთ, იმხელა თოვლი მოსულა, აღარ ჩანს ჩვენი მანქანა... ხარებს გამოვუბით და ძლივს ვათრიეთ, უღელტეხილზე კიდევ ერთი მანქანა იყო გაჭედილი. ისიც გადავიყვანეთ სამშვიდობოს და ისე შევედით ნაწილში, არავის არაფერი გაუგია.
ჯარში ვიყავი, ბებია რომ გარდაიცვალა... არაყი მივუტანე უფროსობას და გამიშვეს დაკრძალვაზე...
თეატრზე ბევრი კარგი რამ მაგონდება... რომელი ერთი გავიხსენო... ძალიან მაკლია ყველა, ვინც  ცოცხალი აღარ არის. ედინბურგში ვიყავით. თაზო თოლორაია, რუსიკო ბოლქვაძე და მე მსახიობების ოჯახმა დაგვპატიჟა. რომ მივედით, ოჯახი ხართო? - გვკითხეს. დავეთანხმეთ. თაზო მამად მიიღეს, მე და რუსიკო - შვილებად. მე კი მიმამსგავსეს თაზოს ცხვირით, მაგრამ რუსიკო რატომ ეგონათ ჩემი და, არ ვიცი...
ჩემს დაოჯახებაში დიდი როლი ითამაშეს ჩემმა მეგობრებმა. იმათ დამაჩქარეს, თორემ ვაგვიანებდი... ლურჯ მონასტერში დავიწერეთ ჯვარი, ქეიფი წყნეთში გავაგრძელეთ გოგა პიპინაშვილთან. იქიდან რაჭაში წავედით ყველანი. დაგვხვდნენ რაჭველები ჯიხვებით, არჩვებით...
მყავს ორი ქალიშვილი - ნინო და სალომე...

ჩემი საღამო

მიმწუხრი ცარიელი სახლივით სევდიანია... მამიდაჩემის მერე ცარიელია ჩვენი სახლი რაჭაში, ცარიელი სახლებია ჩემ გვერდით, ჩემ წინ... მე ისინი სავსე მახსოვს, სავსე ნალიებით, შემოდგომაზე გრძელ აივანზე გასაშრობად დაწყობილი ტაროებით. ბევრი ძროხა და ხარი იყო სოფელში... ახლა ერთი უღელი ხარიღა დარჩა. ახლა სხვანაირ ცხოვრებას მიეჩვია ყველა, ჩაირბენენ უცხოეთში, ჩამოიტანენ რამეს და გაყიდიან... სულ ესაა...
ახლაც ვფიქრობ, ძალიან მინდა, რაჭაში ვცხოვრობდე... თეატრი რომ მქონდეს იქ, სულაც არ ჩამოვიდოდი...
გიგა ჯაფარიძის თეატრი გახსოვთ? მათთვის სულერთი იყო, სად თამაშობდნენ, რიყეზეც შეეძლოთ თამაში, მინდორშიც... ბატონი მიშა ამბობდა, - მაგარი დასიაო...
ახლაც რაჭიდან ჩამოვედი, თივის ზვინები დავდგით. ჩემს ბიძაშვილს - ნოე აბესალაშვილს ვეხმარებოდი. სულ ოთხი კომლია ჩვენს სოფელში, კომლს ვამბობ, თორემ 8 კაციღა იქნება... ვაჟკაცები არიან, 6 თვე ზამთარი აქვთ, შეშა და თივა ისეთი ადგილებიდან მოაქვთ, თვალს ვერ შეჰკიდებ.
მოხუცი სცენაზე ალბათ აღარ ვიქნები... რა ვიცი, შევძლებ? ისე, როლსაც გააჩნია... მეგობრებთან გავატარებ მიმწუხრს. ზოგი ჩემი მეგობარი 80-ს გადაცილებულია, მაგრამ მათთან რომ ვარ, სხვაობას ვერ ვგრძნობ, ერთად ვუბერავთ. ახლა რაჭაში სოკოზე წამყვა 80 წლის კაცი, ჩემზე უკეთ დადიოდა. ჩიტივით იყო: ხორცი დაამძიმებდა, თუ რა... ასე რომ, მიმწუხრიც არის და მიმწუხრიც...
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
სხვა სიახლეები
"მაცხოვარი სახარებაში ბრძანებს: "ვინც სასწაულს ეძებს, მას სასწაული არასოდეს მიეცემა"

"ბეთანელი თვითმარქვია ადამიანია, რომლისთვისაც კაბის ჩაცმის ნება არავის მიუცია"

"იმ ადამიანის ცხოვრების წესი, ვინც კვეთებულს კითხულობს ისეთი უნდა იყოს, რომ გამოირჩეოდეს სხვა ადამიანების ცხოვრებისაგან და ცხოვრობდეს უფლის სათნო ცხოვრებით. საბედნიეროდ ასეთი მამები ჩვენ გვყავს"
დაწვრილებით...
"მსოფლიოდან ამ მოკლე სიაში ორი ქართული გვარია და ეს არის ყველაზე სასიხარულო... მე მანამდე "ოქროს გლობუსის" დაჯილდოებას ვესწრები, რადგან ნომინანტი ვარ"

"ჩვენთვის ასეთი მნიშვნელოვანი აფხაზეთის თემის, ასეთ რანგზე გახმაურება, მნიშვნელოვანია. ვიცი, ძალიან დიდი ქვეყნები იბრძვიან ხოლმე, რომ მათი კანდიდატი როგორმე ოსკარის "შორთ ლისტში" მოხვდეს და უცებ ჩვენ პატარა ქვეყანა ორი ქართული ფილმით, ორი ქართული ისტორიით შევედით ამ სიაში"
დაწვრილებით...
"საბუთებზე სირბილში, დედას გზაში გული გაუსკდა და დაიღუპა, სახლის მშენებლობა შეწყვიტეს და თავდაცვის სამინისტროში მიზეზსაც არ გვეუბნებიან"

"გიორგი ანწუხელიძის ოჯახს 2014 წლის თებერვლიდან დღემდე სამინისტრო დაეხმარა 46 ათასი ლარით, მათ შორის ბოლო გადარიცხვა 15 000 ლარის ოდენობით განხორციელებულია 20 ნოემბერს, ლილი ანწუხელიძის გარდაცვალების შემდეგ."
დაწვრილებით...
"გემოვნებიანი ჩაცმით გამოირჩევა სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ ხშირად მაინც და მაინც სწორად ვერ არჩევს სამკაულებს"

"ვის არ დაღუპვია მეუღლე, მაგრამ არავინ ჩაყოლია საფლავში. ცოტათი მარაზმი მგონია შავი სამოსის ასე გაუხდელად ტარება"

"პრემიერის მეუღლის ჩაცმულობა დიდად არ მომწონს. ცნობილია, რომ ის საკმაოდ ცნობილ და ძვირადრირებული დიზაინერების სამოსს ირჩევს..."
დაწვრილებით...
"ვინაიდან ქრისტიანზე დაქორწინდა, ჩემს ქმარს ფერეიდანში ქონების კუთვნილ წილს არ აძლევენ, არ გვიფორმებენ ჩვენს სახლს, რომ გავყიდოთ მაინც..."
"დიდი ხანია ჩვენ არავის გავხსენებივართ და არ გვიწვევენ უწმინდესობის სანახავად. არ ვიცი, რა ნიშნით ახდენენ ფერეიდნელების დიფერენციაციას"
"დედა ვარ, შვილების მომავლისთვის უნდა ვიბრძოლო. ქვეყნაში არაფერი იცვლება, ადამიანებს კვლავაც უკიდურეს გაჭირვებაში გვიწევს ცხოვრება და საშველი არ ჩანს"
დაწვრილებით...
"თვალები არ მაქვს, პროტეზი მიკეთია. სამწუხაროდ, ჩემი მდგომარეობის გათვალისწინებით. გამორიცხულია, ოდესმე თვალისჩინი დამიბრუნდეს"

"თუ ადამიანს არ აქვს თვალისჩინი ან თუნდაც კიდური, არ შეიძლება მისი გარიყვა... ჩვენ ჩვეულებრივები ვართ... მინდა, საზოგადოებაში ვიყოთ არა "ისინი" და "ჩვენ", არამედ ჩვენ, ყველა ერთად".
დაწვრილებით...
გთავაზობთ ამონარიდებს "კვირის პალიტრის" ხუთტომეულის - "ჩვენი ეპოქა" I ტომიდან

"შენს ომში ყოველთვის შენ აგებ და არა სხვა, საკუთარ ქვეყანას ომს ვერასდროს მოუგებ"
დაწვრილებით...
"საქართველოს ეკლესია გმობს ამ აქტს და იმ ადამიანებს, ვინც ეს ჩაიდინა. ჩვენ ვთხოვთ ხელისუფლებას, რომ მომხდარი გამოძიებული იყოს, რათა დადგინდეს აქტის ჩამდენი და სათანადო დაისაჯოს."

"ამ პრობლემას სჭირდება სამეცნიერო დისკუსია, დიდი ინტელექტუალური რესურსი და არა ტრაქტორების ენით ლაპარაკი"

"მიხეილ სააკაშვილი ძეგლის სტატუსს ვერ მოხსნიდა, რადგან ეს მის მოვლეობებში არ შედიოდა"
დაწვრილებით...
"მინდა, რუსეთ-საქართველოს გზა აშენდეს, რადგან რუსეთი ყველაფერში დამეხმარება. ტყუილად გვეჩხუბებიან ის ვიღაცები, გზა მაინც გაკეთდება და დავისვენებთ"

"აქ თავისას არავის გავატანინებთ. ეს ჩვენი მიწაა, დაბადებიდან აქ ჩვენ ვცხოვრობთ და შორიდან მოსული ვერ გვასწავლის რა ჯობია და რა - არა"

"აბა, იცხოვრეთ, ჩვენნაირად და მერე ნახავთ, როგორი მაგრები იქნებით, არც სამსახურია, არც ენა ვიცით წესიერად, არავის ვახსოვართ და არც ვახსოვდით არასდროს"
დაწვრილებით...
"მაიამიარტბაზელი" არის უმსხვილესი საერთაშორისო არტშოუ, რომელიც 1970 წლიდან ყოველწლიურად იმართება მაიამიში და წარადგენს თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრებს. მასში 250 გალერეა მონაწილეობს. არტშოუს 70 000 - მდე მაყურებელი სტუმრობს.
დაწვრილებით...
5-ოთახიანი, მოსკოვის პრ. 6(6), 198 კვ.მ. თეთრი...
1-ოთახიანი, 40 კვ.მ. საუკეთესო ადგილმდებარეობით. ფასი:...
ფასი: ...
ფასი: ...
მამულ-დედული