უდაბნოს თეთრი მზე ქართველებისთვის - კვირის პალიტრა

უდაბნოს თეთრი მზე ქართველებისთვის

"...მივდიოდით დიდხანს. უდაბნოში მგზავრობა ძალიან დამქანცველია. სულ 16 ვიყავით - 12 მამაკაცი და 4 ქალი. ჯგუფში ქართველებიც იყვნენ... მაჰმუდი (მაჰმუდ სალიმი 31 წლის, ბედუინი. - ავტ.) დაგვპირდა, რომ ისრაელის საზღვარზე გადაგვიყვანდა, თითოეულმა ათას-ათასი დოლარი გადავუხადეთ, თუმცა  ბოლო წამს ყვირილი დაიწყო, - საკმარისი არ არის და ერთი იმდენი დაამატეთო. ფული არც ერთს აღარ გვქონდა. კაცები შეეპასუხნენ, დანაპირების შესრულება მოსთხოვეს. მაჰმუდი გაბრაზდა და ყველანი დაგვატყვევეს.

ჩვენი ტანჯვაც იმ წუთიდან  დაიწყო. მთელი დღე გვამუშავებდნენ, ნახევრად მშივრებს უღირს პირობებში გვამყოფებდნენ, განსაკუთრებით კაცებს არ გვინდობდნენ და გვცემდნენ. ერთ საღამოს მაჰმუდი მოვიდა და ერთ მოლდაველ ქალს არშიყი დაუწყო. ქალმა უარი სტკიცა. გაცხარდა - იქ (ისრაელში. - ავტ.) მაინც ამის საკეთებლად არ მიდიოდიო? - და ძალის გამოყენება სცადა. გამწარებულმა კაცებმა ვეღარ მოითმინეს და ბედუინს ეცნენ. როცა ყველაფერი ჩაცხრა, ბედუინი უკვე მკვდარი ეგდო...

სასწრაფოდ დავტოვეთ იქაურობა. მშიერ-მწყურვალნი დიდხანს დავეხეტებოდით უდაბნოში. გვეშინოდა - ბედუინებს არ მოეგნოთ და მოძმის გამო შური არ ეძიათ. 11 სექტემბერს ქალაქში ჩამოვედით და პოლიციაში მოვხვდით..."

ეს არის ამონარიდი ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ინტერვიუდან, რომელიც მოლდავეთის პრესაში გავრცელდა.

ის ფაქტი, რომ ემიგრანტთა ჯგუფი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეებიც შედიოდნენ, ბედუინის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი, ქართულ მედიაშიც გავრცელდა.

წინასწარი გამოძიების დროს ეგვიპტის პოლიცია დაცვას აძლიერებდა, რადგან გარდაცვლილის ჭირისუფლები შურისძიებით იმუქრებოდნენ.  დაკავებულთა დაკითხვისას გაირკვა, რომ მაჰმუდ სალიმს დანით სასიკვდილო ჭრილობა ქართველმა მამაკაცმა  მიაყენა. ეგვიპტის პოლიციამ ჯგუფის დანარჩენი წევრები გაათავისუფლა და 4 ოქტომბერს ისინი სამშობლოში - საქართველოსა და მოლდავეთში  დაბრუნდნენ.

კიშინიოვში მათ ქვეყნის პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდნენ, პრემიერმა  პირობა დადო, რომ  ეგვიპტეში მყოფ  ყველა მოლდავეთის მოქალაქეს დაეხმარება, საქართველოში დაბრუნებულები კი ამ თემაზე საუბარს თავს არიდებენ. თუ დაკავებულ ქართველს  ბედუინის მკვლელობა დაუმტკიცდა (არის ვერსია, რომ მან მკვლელობა უკვე აღიარა), ეგვიპტის კანონის თანახმად, სიკვდილით დასჯიან, თუ, რა თქმა უნდა, მანამდე ციხეში არ გაუსწორდნენ...

ბოლო ორი წელია, უკეთესი ცხოვრების მაძიებელი  ასობით ქართველი "აღთქმულ ქვეყანაში" მოხვედრას  ეგვიპტე-ისრაელის საზღვრის არალეგალურად გადაკვეთით ცდილობს.  ადამიანებით კონტრაბანდულ ვაჭრობას ალღო  იქაც მალე აუღეს და ახლა ამ მიმართულებით რამდენიმე შერეული ქართულ-თურქულ-ეგვიპტური  ჯგუფი მოქმედებს.

ისრაელამდე გზა მართლაც ჯოჯოხეთურია: წამსვლელთა რეკრუტირება (გადაბირება) თბილისში ისრაელის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხდება. საელჩოდან უარით გამოსტუმრებულ მოქალაქეებს იქვე ღიმილით ხვდებიან და გონივრული გასამრჯელოს საფასურად - "სულ რაღაც" 2.000 ევროდ ისრაელში გადაყვანას სთავაზობენ... ამ თანხაში არ შედის მგზავრობა სტამბოლამდე. კლიენტი სტამბოლში დამოუკიდებლად უნდა ჩავიდეს. ჯგუფების თავშეყრის ადგილი აქსარაის ავტოსადგურია.

ნარიმანი (მაღაზიის მეპატრონე): "ისრაელში წამსვლელები ძირითადად სასტუმრო "გრანდ ესენში" ჩერდებიან (აქსარაის ავტოსადგურის მოპირდაპირე მხარეს. - ავტ). სადგურის ჩაიხანაში ყოველთვის ზის ორი-სამი კაცი "მუშტრების" მოლოდინში. აქ ხომ დილიდან საღამომდე უამრავი გამწარებული და მშიერი ქართველი ტრიალებს. ასეთ სიტუაციაში კი კაცის მოტყუებას რა უნდა - განსაკუთრებით ქალებისა.

ჯერ ჩაიზე დაპატიჟებენ, შემდეგ ნელ-ნელა,  საუბარში, როდესაც "მსხვერპლი" გულს გადაუშლის, მზრუნველი სახით სამსახურს სთავაზობენ ისრაელში. როდესაც გასამრჯელოზე მიდგება საქმე, კლიენტს ამშვიდებენ, - როდესაც მუშაობას დაიწყებ, მერე ნელ-ნელა გადაგვიხადეო და "სდელკაც" შემდგარია. აქსარაის პოლიცია თვალს ხუჭავს - კარგად უხდიან, ისედაც არ ანაღვლებთ ქართველების ბედი, ყელში ჰყავთ ამოსული".

საზღვარზე ჩვენებურებს ახალი მახე ელოდებათ - ებრაელი მესაზღვრეები საზღვრის უკანონო დამრღვევებს გაუფრთხილებლად ესვრიან. წელს უკვე 31 კაცია მოკლული.

საქართველოს საგარეო სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ,  რომ 11 სექტემბერს ბედუინის მკვლელობაში ბრალდებულ ქართველთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო ეგვიპტეში აქტიურად მუშაობს, თუმცა საქმეს ის ართულებს, რომ ეგვიპტური კანონის თანახმად (ისევე, როგორც თურქეთში), უცხოელი დამნაშავის ექსტრადიცია არ ხდება და ის პასუხს მოქმედი კანონების შესაბამისად აგებს. თუმცა, ისეც ხდება, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამშობლოს დიპლომატიური აქტიურობის შედეგად განაჩენიც შეუცვლიათ.

რამდენად გაუღიმებს ბედი ეგვიპტის ციხეში გამოკეტილ ქართველს, ამას ჩვენი ხელისუფლების მონდომება გვიჩვენებს... მანამდე კი უდაბნოს თეთრი მზე კიდევ არაერთი ქართველისთვის გახდება "მშობლიური"...