როგორ ცხოვრობენ სამშობლოს შეწირულები - კვირის პალიტრა

როგორ ცხოვრობენ სამშობლოს შეწირულები

"იმ დღისთვის ღირდა ჩემი ხელ-ფეხის დაკარგვა"

ნახეთ ეს კაცი და მერე სამშობლოსი თუ არ შეგრცხვებათ, სამშობლოს უნდა შერცხვეს ჩვენი არსებობისა!

არასოდეს დამავიწყდება 1993 წლის 27 სექტემბერი - კარგა ხნის დავიწყებული შუქი თბილისში იმიტომ ჩართეს, რომ სოხუმის დაცემა გამოეცხადებინათ. გავიფიქრე, - თავს მოვიკლავ-მეთქი. ასე ალბათ ბევრმა ჩვენგანმა იფიქრა, მაგრამ დახოცვით ჩვენ კი არა, ის ბიჭები დაიხოცნენ, რომლებიც ომშიI წავიდნენ. ზოგი კი გადარჩა, მაგრამ სიკვდილს ისე ჩახედა თვალებში, სხვა კაცად იქცა.

არის ერთი კაცი - მერაბ მამუკიშვილი. ის ახლა სკოლის საყარაულო ჯიხურში ცხოვრობს. ომის დამთავრებიდან 17 წლის შემდეგ, ძლივს ნაღირსებ საწოლთან პროთეზებით მიხოხდა და მრავლისმეტყველი თვალებით შემომხედა. შემრცხვა. ამ სკოლის თანამშრომლები რომ არა, ეს კაცი ყველასგან მიტოვებული იქნებოდა, მის შესხებ ვერც მე შევიტყობდი. არადა ნამდვილად ვიცი, სამშობლოსთვის ჩემ მაგივრადაც იბრძოდა, თქვენ მაგივრადაც... მერე კი 17 წელი მიწისქვეშა გადასასვლელებში მათხოვრობდა...

- ეს რანაირად მოხდა, ბატონო მერაბ?..

- რა, ხელ-ფეხის პროთეზები რომ მაქვს, მათხოვრობა რატომ დავიწყე, თუ ამ სკოლის ჯიხურში რატომ ვცხოვრობ?

- ყველაფერი ერთად... ვიცი, რომ ღიზიანდებით, მაგრამ მაინც მომიყევით...

- ვღიზიანდები!.. ამიტომ იმის მოყოლას ნუ მომთხოვთ, როგორ ვიბრძოდი. იმ საზარელი ამბების გახსენებისას სიმშვიდეს ვკარგავ.

- მეც ვღელავ, რომ გიყურებთ, ქვეყანა ასე არ უნდა მოგქცეოდათ. რამდენი წლის იყავით, ომში როცა წახვედით?

- ოცის. ჯერ სამაჩაბლოში წავედი. მერე აფხაზეთში. იქიდან დავურეკე ცოლს, აქა ვარ-მეთქი.

- ცოლი გყავთ?

- მყავდა. შვილებიც - გოგო და ბიჭი.  ბიჭს სისხლის გათეთრება დაემართა და 5 წლის წინ დავასაფლავე. ცოლმა მაშინ მითხრა, ინვალიდთან ვერ ვიცხოვრებო, როცა აფხაზეთიდან ცალი ფეხით ჩამომიყვანეს... ვერ გავამტყუნებ... ხეიბარი ვის რად უნდა... ქალიშვილი გავამტყუნო, რომ არ ვუნდივარ?

- მე თუ მკითხავთ, უნდა გაამტყუნოთ... სახლი რატომღა არა გაქვთ?

- სამკურნალოდ გავყიდე. ახლაც ნამსხვრევები მაქვს ტანში და ისე მტკივა, ყოველღამე ტკივილით ვკვდები. რა მექნა,  სახლი რომ არ გამეყიდა, ინვალიდის ეტლში ჩავძაღლდებოდი...

- მერე მათხოვრობა დაიწყეთ...

- აბა, სხვა რა გზა მქონდა, მე ქურდი არა ვარ...

- გახსოვთ, ხელი როგორ გაიშვირეთ პირველად?

- მახსოვს... გაინტერესებთ, მწარე იყო თუ არა?

- არა... მინდა, როცა დავწერ, მათ წაიკითხონ, ვისაც თქვენისთანა ხალხის პატრონობა ევალება...

- ეს 17 წელიწადი სულ იმისთანა სიმწარეებით იყო სავსე, როგორც ეგ პირველი დღე - დღისით ქუჩაში პროთეზებით ვმათხოვრობდი, რასაც ვშოულობდი, პურსა და წამალს ვყიდულობდი, საღამოს ვინმეს მანქანაში ჩავუჯდებოდი და საგურამოს ტყეში მივდიოდი, "კლიონკის" კარავს გავშლიდი და  ვიძინებდი.

- ზამთრობითაც?!

- კი. ზამთრობით კარავში ორ ორმოს ვთხრიდი. ერთში ცეცხლს ვანთებდი, მეორეში ვიძინებდი - შიგ ფიჩხს ვაფენდი და ზემოდან საძილე ტომრით ვწვებოდი - მიწაში სითბოა...

- წმინდა გიორგის სახელობის სკოლის ჯიხურში როგორღა მოხვდით?

- უფლით. ერთადერთი იმ ხალხის იმედი უნდა გქონდეს კაცს, ვისაც უფალთან ყოფნა უნდა. ანჩისხატთან ვმათხოვრობდი. გუნდის მგალობელმა გრიგოლ ბულიამ აქ წამომიყვანა. ის ამ სკოლის დირექტორია. ამდენი წლის შემდეგ ახლაღა მეღირსა რკინის საწოლი... ეს ჩემთვის თავიდან დაბადებაა. დაწერეთ, - მადლობა იმ ხალხს, ვინც მიპატრონა.

- დავწერ. ნეტავ ბევრი იყოს ასეთი.

- ნუკრი ცაგარეიშვილი, ჯანრი უბირია და მურთაზ გაბიტაშვილი - ესენი ვეტერანთა დეპარტამენტიდან არიან. რაც შეუძლიათ, მპატრონობენ. პენსია მოხსნილი მქონდა - არ გიომიაო. მაგათ აღმიდგინეს საბუთები. ამ სკოლაში მპატრონობენ ჩემი სულიერი ძმები: გრიგოლ ბულია, ანდრო ბულია, ვლასი ჯიბლაძე, სოსო ხუციშვილი... მე მორწმუნე კაცი ვარ. ღმერთი აძლევთ ამათ მოთმინებას, თორემ იმდენს წვალობენ ჩემს შენახვაზე, ამდენ ხანს მოთმინების ძაფი გაუწყდებოდათ.

- რა გამხნევებთ?

- 1993 წლის 2 ივნისი, ტამიში.

- რა?!

- დღე ჩვენი უბედურების და... ბედნიერების. ამ დღეს რუსულმა დესანტმა ჩვენი რამდენიმე ბატალიონი ამოწყვიტა... მაგრამ მე იმ დღის ხმები არასოდეს დამავიწყდება -  გაოგნებული ვუყურებდი სიკვდილის წინ როგორ ერთ წუთში დადგნენ მამაცი ქართველები ერთად: ზვიადის ჯარი, მხედრიონი, პოლიცია, უბრალო ბიჭები და ერთმანეთს უყვიროდნენ, -  ბიჭებო, მტერს არ გავექცეთო... იმ დღისთვის ღირდა ჩემი ხელ-ფეხის დაკარგვა. ის დღე იყო ჩემი სამშობლო... ღმერთს ვთხოვ, ისეთი სამშობლო, სანამ ცოცხალი ვარ, დალხინებული მენახოს.

P.S. ვთხოვ ყველას, ვისთვისაც სამშობლო ძვირფასია, მამულისთვის ნაომარ ხალხს უპატრონოს. მიბრძანდით, ბატონებო, წმინდა გიორგის სახელობის სკოლის ჯიხურში, ნახეთ ეს კაცი და მერე სამშობლოსი თუ არ შეგრცხვებათ, სამშობლოს უნდა შერცხვეს ჩვენი არსებობისა!