საქართველოს ცენტრალური ტელევიზიები დიდი სიამოვნებით აშუქებენ მსოფლიოს ნეგატიურ მოვლენებს. გათვლა მარტივია - როდესაც საქართველოს მოქალაქე ნახავს ბრაზილიის წყალდიდობის ამაზრზენ კადრებს და ავსტრალიურ ორთავიან შხამიან ბაყაყებს, მადლობა უნდა შესწიროს ბედს და ხელისუფლებას, რომ საქართველოში ცხოვრობს და არა რიო-დე-ჟანეიროში.ამჯერად "რუსთავი 2"-ის მადლი დიდმა ბრიტანეთმა მოისხა. უფრო ზუსტად, ამ ტელეკომპანიას მომზადებული ჰქონდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოში შაქრის დეფიციტია და საერთოდაც, თეთრი ოქრო გაძვირდება. საინფორმაციო გამოშვების ამ სიუჟეტით დაწყება არ გამოდიოდა, რადგან ჩვენ ხომ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო ვართ. შესაბამისად, შაქრის დეფიციტის ამსახველ რეპორტაჟამდე უნდა გვენახა, რომ სხვაგან უფრო ცუდად არის საქმე.ამიტომაც, საინფორმაციო გამოშვება დაიწყო დიდ ბრიტანეთში გამართული საპროტესტო აქციით. აქციის მონაწილეები წყევლა-კრულვას უთვლიდნენ პრემიერ-მინისტრ დევიდ ქემერონის მთავრობას და ინფლაციის მაღალ დონეზე ჩიოდნენ. შესაბამისად, აპროტესტებდნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა თუ პროდუქტებზე ფასების ზრდასაც. როგორც ჩანს, ეს სიუჟეტი "რუსთავი 2"-ში ნაჩქარევად მომზადდა - ეტყობა, ან ბრაზილიის წყალდიდობა "ისვენებდა", ან ერაყში ბომბები აღარ გასკდა. შესაბამისად, სიუჟეტში გაიპარა ერთ-ერთი ბრიტანელი პენსიონერის კომენტარი, რომლის თქმითაც, ტრანსპორტზე ფასების ზრდა არ ანაღვლებს, რადგან პენსიონერებისთვის მგზავრობა უფასოა, თუმცა ინფლაციამდე ის და მისი მეუღლე წელიწადში ერთხელ მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში მოგზაურობას ახერხებდნენ. "პირსისხლიანი" ქემერონის მთავრობამ კი, ეს საშუალება მოუსპო. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამჯერად ბრიტანელი პენსიონერები მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას მხოლოდ 2 წელიწადში ერთხელ შეძლებენ. ზემოხსენებული საპროტესტო აქციის ამსახველი მასალა "რუსთავი 2"-მა "ბი-ბი-სიდან" აიღო. მოდით, ერთი წუ¬თით წარმოვიდგინოთ, რომ "რუსთავი 2"-მა და "ბი-ბი-სიმ" როლები გაცვალეს, ანუ ბრიტანული ტელეგიგანტი ისეთივე არხი გახდა, როგორიც "გამარჯვებული ხალხის"ტელევიზიაა.პირველ რიგში "ბი-ბი-სის" ბრიტანელი პენსიონერების საპროტესტო აქციას ეთერში არ გაუშვებდა, ან თუ გაუშვებდა, ჯერ ამ მოვლენას წინ წაუმძღვარებდა უზარმაზარ რეპორტაჟს ქართველ პენსიონერებზე. რეპორტაჟში აღნიშნული იქნებოდა, რომ ქართველმა პენსიონერებმა საერთოდ არ იციან, ინფლაცია რა არის. იმიტომ, რომ ყოველგვარი ინფლაციის გარეშე, პენსია არც ისე ჰყოფნით და არც ასე.შემდეგ, "ბი-ბი-სი 2" გადმოყრიდა ცრემლებს და აღნიშნავდა, რომ საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც დედაქალაქში უფრო მეტი პენსიაა, ვიდრე რეგიონებში. რეპორტაჟის კულმინაცია კი ის იქნებოდა, რომ საქართველოში პენსია თვეში დაახლოებით 25 ფუნტია, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 20 შილინგი ღირს და პარალელურად, ეს ფული საკვების შესაძენად და კომუნალური გადასახადების დაფარვისთვისაც უნდა გეყოს.რა თქმა უნდა, სიუჟეტში ისიც იქნებოდა აღნიშნული, რომ საქართველოს ხელისუფლება რამდენიმე წლის წინ დაჰპირდა პენსიონერებს, რომ პენსია 60 ფუნტი იქნებოდა და ამ დაპირებ-დაპირებით არჩევნებში მათი ხმები მიიღო. თუმცა, საქართველოში ყველაფერმა მოიმატა, პენსიის გარდა.გარწმუნებთ, ამ სიუჟეტის შემდეგ, ის ბრიტანელი პენსიონერი, ვილი ფოგივით მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა რომ უყვარს, საპროტესტო აქციას კი არ მოაწყობდა, დევიდ ქემერონის სურათს ჩამოკიდებდა და დღეში 10-ჯერ სანთლებს აუნთებდა.თუმცა რას იზამ, "ბი-ბი-სი" ასეთ სიუჟეტს ვერ მოამზადებს, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტიდან ფინანსდება (მოკითხვა საქართველოს "საზოგადოებრივ მაუწყებელს"). ვერც ქემერონი და ვერც ინგლისის დედოფალი მას თავის ჯიბის ტელევიზიად ვერ აქცევენ. და თუ ვინმე ამას შეეცდება, ის პოლიტიკურ კარიერასაც დაამთავრებს და შესაძლოა, ციხეშიც მოხვდეს.ისე, იმის წარმოდგენაც ძნელია, რა მოხდებოდა, "რუსთავი 2" "ბი-ბი-სის" ტიპის ტელევიზიად რომ გადაქცეულიყო. ალბათ, მხოლოდ უნდა გვემკითხავა, თუ როდის მოხდებოდა საქართველოში მორიგი ხავერდოვანი თუ არახავერდოვანი რევოლუცია.(სპეციალურად საიტისთვის)