კორუფციული პირამიდა - კვირის პალიტრა

კორუფციული პირამიდა

კონტროლის პალატის მიერ გამოქვეყნებულმა დასკვნამ, რომელიც სადაზღვევო კომპანიების საქმიანობას ეხება, მთელი ჩვენი საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. ამ დასკვნას გამოეხმაურნენ "თავისუფალი დემოკრატებიც", კერძოდ, მათი წარმომადგენელი საკრებულოში ვიქტორ დოლიძე. ბატონმა ვიქტორმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა:

- მე უკვე მრავალჯერ ვთქვი, რომ კონტროლის პალატის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას ყურადღებით გავეცანი და ვეთანხმები. ჩვენ საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებებთან და მონოპოლიურ ვითარებასთან სადაზღვევო სფეროში. სადაზღვევო კომპანიებს მოგების უზარმაზრი მარჟები აქვთ დაწესებული, ეს თანხა მათ ჯიბეებში მიდის და ხალხს არ ხმარდება, სწორედ ეს არის ჩვენი საზოგადოების შეშფოთების საფუძველი. ქვეყანაში დღეს არ არსებობს მოწესრიგებული ჯანდაცვა და სადაზღვევო სიტემა დაEეს ყველაზე მეტად აზარალებს გაჭირვებულ, სოციალურად დაუცველ ფენას, რომელსაც არა აქვს საშუალება ექიმთან მივიდეს, ანალიზები გაიკეთოს ან გამოკვლევები ჩაიტაროს. ასეთი ხალხი კი ძალიან ბევრია. მარტო ჩვენთან, საკრებულოში, დღეში 30 კაცი მაინც გვაკითხავს, რომელსაც ამგვარი პრობლემები აქვს.

- ბატონო ვიქტორ, მაინც რა არის ყველაზე უფრო შემაშფოთებელი ამ დასკვნაში?

- სადაზღვევო კომპანიების მიერ მიღებული მოგება 57, 65, 77 პროცენტს აღწევს - ასეთია საზოგადოებისათვის კონტროლის პალატის მიერ წარდგენილი მონაცემები. სხვათა შორის, ეს ჩვენთვის სიახლე ნამდვილად არ ყოფილა. კარგად ვიცოდით, რომ ქვეყანაში ეს პრობლემა არსებობდა, არაერთხელ გვითქვამს და სადაზღვევო სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე ჩვენს საარჩევნო პროგრამაშიც გავამახვილეთ ყურადღება, მაგრამ დღეს ეს პრობლემა უფრო გამძაფრდა. თუ მათ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები დადასტურდა, ყველას პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც ამ პროცესშია ჩართული. იქნება ეს ჯანდაცვის სამინისტრო თუ სხვა უწყებები.

- სადაზღვევო კომპანიებს უამრავი უკმაყოფილო კლიენტი ჰყავს, თუმცა არის ხალხი, ვინც მათი მომსახურებით სარგებლობს.

- არ იფიქროთ, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიების არსებობის წინააღმდეგნი ვართ, პირიქით, მათ განვითარების საშუალება უნდა მიეცეს, მაგრამ ამხელა მოგების მიღება წარმოუდგენელია. ციფრებიც შემიძლია გითხრათ: "ალდაგი ბისიაის" მოგება 65 პროცენტია, "იმედი ელისა" - 55, "ჯი პი აი ჰოლდინგისა" - 57, "ირაოსი" - 51, "აისი ჯგუფისა" კი - 77 პროცენტი. ეს ციფრები რომ ვნახე, განცვიფრებული დავრჩი. 2008-2010 წლებში სახელმწიფომ შეიძინა 340 მილიონი ლარის ჯანდაცვის პოლისი. აქ იგულისხმება კორპორატიული თუ ინდივიდუალური პოლისები. ამ 340 მილიონიდან სულ მცირე 55-57 პროცენტი, რაც 250 მილიონ ლარს შეადგენს, მოგების სახით მიიღეს სადაზღვევო კომპანიებმა. წარმოიდგინეთ, რამხელა თანხაზეა ლაპარაკი. როდესაც სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიებისთვის გადახდილი ყოველი 100 ლარიდან ავადმყოფამდე აღწევს 35-40 ლარი, დანარჩენი კი მიდის მოგებაში, რა ჰქვია ამას თუ არა კორუფციული პირამიდა, ან დანაშაული?

- მით უმეტეს, რომ მძიმე დაავადებათა მკურნალობის ხარჯები შემცირდა.

- გეთანხმებით. როდესაც ვამტკიცებდით 2011 წლის ბიუჯეტს, ამ საკითხის გამო სერიოზული დებატები გაიმართა. პირველადი ჯანდაცვა ამ ქვეყანაში ხომ საერთოდ არ არსებობს. აღარაფერს ვამბობ ონკოლოგიურ ავადმოყოფებზე. ამ ავადმყოფებისათვის სახელმწიფოს პრაქტიკულად არავითარი ხარჯის გაწევა არ შეუძლია იმიტომ, რომ ასეთი პროგრამა არ არსებობს. ვეტერანების ჰოსპიტალი გვინდოდა შეგვენარჩუნებინა, რისთვისაც 800 ათასი ლარი იყო საჭირო, მაგრამ ჩვენი მცდელობა ამაო გამოდგა. წარმოიდგინეთ, როდესაც 800 ათას ლარს არ გამოუყოფ ჰოსპიტალს და ამ დროს 340 მილიონი ლარის პოლისს ყიდულობ. პოლისების საწინააღმდეგო ბუნებრივია არაფერი მაქვს, მაგრამ ეს ფული ვის ჯიბეში და სად მიდის? რაც უფრო მეტი მოგება ექნებათ, ღმერთმა შეარგოთ, მაგრამ არა ხალხის ხარჯზე?! ჩვენი შეფასებით სწორედ ეს არის ელიტური კორუფცია და კორუფციული პირამიდა. კიდევ ერთი უცნაური ფაქტის შესახებ უნდა მოგიყვეთ - გამოდის პრეზიდენტი და ამბობს, მე ავაშენებ 146 საავადმყოფოსო, ჯანდაცვის მინისტრი კი გვაიმედებს - მე ავაშენებ 46 საავადმყოფოსო. ნუთუ ამხელა სხვაობაა მათ გეგმებში? ნუთუ ელემენტარული კოორდინაცია არ არსებობს მათ შორის? თუ რას აკეთებენ, თვითონ არ იციან? რა ჰქვია ამას, თუ არა არაკომპეტენტურობა?

- ცნობილია, რომ სადაზღვევო კომპანიების საქმიანობა უცხოეთში ძალზე წარმატებულია. ჩვენთან რა ხდება, რატომ შემუშავდა ასეთი მექანიზმი?

- ვინ შეიმუშავა? - შეიმუშავა სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ. არჩევნების დროს ფული სად მიდის, ან ეს კომპანიები რას აკეთებენ, მე მგონი სიახლეს არ წარმოადგენს. სწორედ ამგვარი მიდგომის ნაყოფია ჩვენი სადაზღვევო სისტემაც და ის მექანიზმიც, რომელიც ქვეყანაში შემუშავდა.

P.S. ალბათ საინტერესოა, რას ფიქრობენ კონტროლის პალატის დასკვნის შესახებ სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები. აი, რას ამბობენ ისინი:

ირინა შენგელია - "აისი ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი: საქმე ის გახლავთ, რომ ვრცელი კომენტარის გაკეთება ჯერ არ შეგვიძლია იმიტომ, რომ პროცესი დასრულებული არ არის. შესაბამისი სამსახურები ჯერ კიდევ მუშაობენ, ეცნობიან დოკუმენტაციას...… ველოდებით საბოლოო დასკვნას, ჯერჯერობით კი მეტს ვერაფერს გეტყვით.

არჩილ მორჩილაძე - სადაზღვევო კომპანია "ირაოს" სამედიცინო დაზღვევის დირექტორი: სადაზღვევო ინდუსტრია ყველაზე გამჭვირვალე სფეროა, სადაზღვევო კომპანიები ყოველკვარტალურ ანგარიშს აბარებენ ეროვნულ ბანკს და მხოლოდ იქ მოყვანილ ციფრებს შეიძლება დავეყრდნოთ, ხოლო ის ციფრები, რომელიც კონტროლის პალატამ წარმოადგინა, კონტექსტიდან არის ამოვარდნილი.

ნატალია ვარძელაშვილი - სადაზღვევო კომპანია "იმედი ელის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი:

კონტროლის პალატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია არ იძლევა კონკრეტული დასკვნების გაკეთების საფუძველს, ვინაიდან ეს არის პირველადი მონაცემები. ჩვენი კომპანია დაელოდება აუდიტის საბოლოო დასკვნას. დარწმუნებულნი ვართ, როდესაც ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლა დასრულდება, დასკვნა განსხვავებული იქნება. ასე რომ, საბოლოო დასკვნას უნდა დაველოდოთ!

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)