ბიბლია! კი თუ არა? - კვირის პალიტრა

ბიბლია! კი თუ არა?

ჩვენი გაზეთის გასულ ნომერში "50 წიგნის" პროექტის ერთ საკითხზე გვქონდა მსჯელობა, კერძოდ, უნდა შევიდეს თუ არა ამ პროექტის ფარგლებში გამოსაცემ წიგნთა შორის ბიბლია? შეგახსენებთ: მოკამათეთა ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ბიბლიის სხვა წიგნებთან ერთად გამოცემა "ერთ-ერთ" ტომად მკრეხელობაა; მეორენი დარწმუნებული არიან, რომ ბიბლია აუცილებლად უნდა დაიბეჭდოს პროექტის ფარგლებში; მესამე ნაწილი - "ზეტოლერანტები" კი კითხულობენ, თუკი ბიბლიას ვბეჭდავთ, რა "დააშავა" ყურანმა, თორამ ან ბუდისტურმა წიგნებმაო? საკითხი მანამდეც აქტუალური იყო ჩვენს მკითხველთა შორის და აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა, გასულ კვირას კი მსჯელობამ, ხშირად კი დისკუსიამ და კამათმაც კი, კიდევ უფრო იმატა - წინა ნომერში გამოქვეყნებული სპეციალური ბარათი უამრავმა ადამიანმა შეავსო და გამოგვიგზავნა. ჩვენს საიტზეც (www.kvirispalitra.ge) დღემდე მიმდინარეობს აზრთა გაცვლა-გამოცვლა და რედაქციის ტელეფონებსაც "საგანგებო რეჟიმში" უხდება მუშაობა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ მივბრუნებოდით ამ თემას, ოღონდ ამჯერად ცნობილი ადამიანების, საზოგადოებისაგან პატივცემული ხალხის პოზიცია გაგვეგო ჩვენთვის საინტერესო საკითხზე.

დავით მაღრაძე, პოეტი:

- პირველ ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი და ყოველმხრივ მხარდასაჭერი პროექტია. თვით წიგნების შერჩევის კრიტერიუმიც - მკითხველთა ხმების რაოდენობა და არა რაიმე ჟიურის ან ლიტერატორთაგან შემდგარი კომისიის გადაწყვეტილება, ძალიან საინტერესოა. ისიც, რომ ამის გამო პროექტში მოხვდა ვერნის, დიუმას რომანები ან სხვა სათავგადასავლო წიგნები, ხოლო "ინტელექტუალ მწერლებად" მიჩნეულთათვის ადგილი არ დარჩა, სამართლიანად მიმაჩნია. დიუმას ღვთაებრივი ტალანტი ჰქონდა და "სამი მუშკეტერი" ამის დასტურია - ის გაცილებით დიდი მწერალია, ვიდრე რომელიმე "ელიტური რომანისტი".

რაც შეეხება ბიბლიას: ჩვენი ისტორია ქრისტიანული კულტურის ისტორიაა და გასაკვირი არ არის, რომ ბიბლია მკითხველთა ხმების უმეტესობით იმ 50 წიგნში მოხვდა. "ახალი აღთქმა" ლიტერატურული ტექსტიც არის და უდიდესი სწავლებაც. ამიტომ მისი კიდევ ერთხელ გამოცემა ყველასთვის კიდევ ერთხელ სწავლის საშუალება იქნება.

ვფიქრობ, არ იქნება ურიგო, რომ პროექტი სწორედ ბიბლიამ დააგვირგვინოს, რადგან ეს წიგნი არის ფუნდამენტიც და გვირგვინიც სამყაროს არსებობისა.

გიორგი შენგელაია, კინორეჟისორი: -  ბიბლიაც წიგნია, თანაც რა წიგნი! მასშიც არის ისტორიული, ასე ვთქვათ, თხრობითი  ნაწილი, მაგრამ მე მაინც 50 "საერო წიგნს" დავასახელებდი. მკითხველი თავისუფალია არჩევანში, თუმცა მიმაჩნია, რომ ბიბლია სულ სხვა თაროზე უნდა იდოს.

დავით ზურაბიშვილი, პარლამენტის წევრი:

- ვფიქრობ, აუცილებლად უნდა დაიბეჭდოს და ძალიან მიხარია, რომ ქართველმა მკითხველმა მისთვის საყვარელ წიგნთა შორის დაასახელა ბიბლია. ეს წიგნი მთელ მსოფლიოში ყველაზე დიდი ტირაჟით არის დაბეჭდილი, მუდმივად ახლიდან გამოიცემა ყველა ენაზე და ასე იქნება ყოველთვის.

რაც შეეხება "ტოლერანტების" არგუმენტებს, ეს სხვა სარწმუნოების ადამიანების დისკრიმინაციააო, ამაზე პასუხის გაცემაც არ ღირს. სხვათა შორის, მთელ მსოფლიოში "მერიოტის" ქსელის სასტუმროების ყველა ნომერში (მათ შორის, არაქრისტიანულ ქვეყნებში) სტუმარს ბიბლია ხვდება და  არ გამიგია, რომელიმე იაპონელს ან ინდონეზიელს ამის გამო პროტესტი გამოეთქვას.

დავით დარჩიაშვილი, პარლამენტის წევრი:

- რადგან წიგნების შერჩევის ერთადერთი კრიტერიუმი ხმათა უმრავლესობაა, მგონი, აღარც არის საჭირო მსჯელობა.

მე, მაგალითად, ისტორიულ გამოკვლევებს ან საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ წიგნებს მივცემდი ხმას, მაგრამ, ალბათ, უმცირესობაში ვიქნებოდი და პრეტენზიაც არ მექნებოდა.

პროექტის ეგიდით ბიბლიის გამოცემა უხერხულობას სულაც არ მიქმნის. მკითხველებმა გადაწყვიტეს? ე.ი. უნდა გამოიცეს.

ლაშა ბაქრაძე, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი:

- რა არის აქ საკითხავი?! არის კონკურსის პირობები და ამ პირობების მიხედვით, რადგან ბევრი ხმა მიიღო, უნდა გამოიცეს. მერე რა, რომ რელიგიური წიგნია? სამაგიეროდ, ეს არის ლიტერატურა, რომელიც საზოგადოდ ლიტერატურის საფუძველია. ყურანი და თორა კი სწორედაც რომ არ უნდა გამოიცეს, რადგან საქართველოში ვერ მიიღებს ხმების საკმარის რაოდენობას და ამაში არაფერია "არატოლერანტული". ირანში რომ განხორციელდეს ასეთი პროექტი, იქ ბიბლია ვერ შევა და ამას აქ ტრაგედიად არ აღვიქვამთ.

ნანა ჩაჩუა, ფსიქოლოგი:

- ვიცი, რომ დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში ანალოგიურ პროექტში ბიბლია დაიბეჭდა 50 წიგნს შორის. მაგრამ დასავლური, არამართლმადიდებლური დამოკიდებულება ბიბლიისადმი მაინც სხვა არის, ჩემთვის კი, იმის მიუხედავად, რომ ლიტერატურული თვალსაზრისითაც გენიალურად მიმაჩნია, ეს ვერ იქნება "ერთ-ერთი წიგნი".

არ ვამბობ, რომ რადგან რელიგიური წიგნია, არ შეიძლება ყველამ წაიკითხოს. "ქებათა ქება სოლომონისა" ან "იერემიას გოდება" შეიძლება არაქრისტიანმაც წაიკითხოს, როგორც არაკანონიკური, "ლიტერატურული" ამბავი, თანაც ბრწყინვალედ, მაღალმხატვრულად დაწერილი, მაგრამ ეს მაინც არა მგონია ლიტერატურა.

ეს წმინდა წიგნია, როგორც ხატი, ამიტომ ვერ შევიყვანდი პროექტის წიგნთა ნუსხაში.

ჩემი პოზიციის ნათელსაყოფად ასეთ შედარებას გავაკეთებდი: პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ქართველმა მხატვარმა იდა თავაძემ წმინდა ილია მართლის ბრწყინვალე ხატი შექმნა, რომელიც თვით პატრიარქმა შეასვენა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში. ხომ არ შეიძლება, თუკი ამ მხატვრის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა ჩატარდება, ის ხატი ტაძრიდან გამოვაბრძანოთ და სხვა ნახატებთან ერთად გამოვფინოთ?

ია ანთაძე, ჟურნალისტი:

- ვფიქრობ, უპირველესად წესების, პროცედურების დაცვაა მნიშვნელოვანი. ანუ კონკურსის პირობების მიხედვით უნდა დაიბეჭდოს? - ე.ი. უნდა დაიბეჭდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა პასუხს გასცემთ იმ უამრავ ადამიანს, რომლებმაც ხმა მისცა მის დაბეჭდვას?

აი, ასეთია მოსაზრებები. როგორც ხედავთ, მათ შორისაც არის განსხვავებები. ამიტომ ჩვენ კვლავაც ველით თქვენს გამოხმაურებას და გპირდებით, საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ ყველა არგუმენტირებული აზრის გათვალისწინებით, დიდი სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით მივიღებთ (იხ. გვ. 36).

P.S. გთხოვთ, თქვენი კომენტარები დატოვოთ აქ, ხოლო ხმის მისაცემად გადადით ბმულზე: 50.kvirispalitra.ge