"ვერა გვხედამენ..." - კვირის პალიტრა

"ვერა გვხედამენ..."

მოძრაობა "არამ" კინოს სახლში ქართველი მაღალჩინოსნების ვილებისა და სასახლეების ფოტოგამოფენა მოაწყო.

წესით, ამ ექსპოზიციას არა ფოტოგამოფენა, არამედ ფოტომხილება უნდა დარქმეოდა, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ ფოტოსურათებზე წარმოდგენილი მრავალმილიონიანი ქონების წარმომავლობით შესაბამისი ორგანოების თანამშრომლები დაინტერესდებოდნენ.

დღეს კი, ეს შეუძლებელია მარტივი მიზეზის გამო: ფოტოებზე გამოსახული სრა-სასახლეების მეპატრონეები სწორედ ამ "შესაბამისი ორგანოების თანამშრომლები" არიან. წარმოდგენილია ყველა - ძალოვანი სტრუქტურები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, მინისტრები, ექსმინისტრები...

KvirisPalitra.Geფოტოებზე გამოსახული სასახლეები აშენებულია, ან შენდება ყველგან: თბილისის შემოგარენში, უმეტესობა კი - გარეუბნებში ან, სულაც, ქალაქის ცენტრალურ უბნებში იწონებს თავს. გემოვნებაზე არ დაობენ, შეიძლება ყველას სხვადასხვანაირი არქიტექტურა მოსწონდეს, მაგრამ ამ სახლების შეხედვისას ერთადერთი "სტილი" გეცემა თვალში: პატრონს ფული ჯიბეს "უწვავს" და აღარ იცის, - სად წაიღოს, რა ქნას და რა მოიფიქროს.

პატრონები ხომ ჩინოვნიკები არიან, ჩინოვნიკი კი არასოდეს გამოაჩენს თავის ქონებას სრულად. ამიტომ, რეალური საფუძველი გვაქვს, ვიფიქროთ, რომ, რაც ჩანს, მხოლოდ "აისბერგის კენწეროა".

ოღონდ სტენდებზე ტყუილად დაუწყებთ ძებნას უპირველესი ქართველი ჩინოვნიკის, ანუ პრეზიდენტის სასახლის ფოტოს - მისი გადაღების უფლება მოძრაობის წევრებს პრეზიდენტის დაცვის წევრებმა არ მისცეს. სხვათა შორის, ეს ის ადგილია ქალაქის შემოსასვლელში, რომლის სამოსახლოდ ათვისებას ასე ეწინააღმდეგებოდა თავისი პოლიტიკური კარიერის დასაწყისში მიხეილ სააკაშვილი. მაშინ ახალგაზრდა იუსტიციის მინისტრმა დღევანდელის მსგავსი KvirisPalitra.Geფოტოსესია მოაწყო: ფოტოებზე შევარდნაძის ეპოქის კორუმპირებული ჩინოვნიკების სასახლეები იყო გამოსახული... ახლა მრცხვენია, იმ ხუხულებს სასახლეები დავუძახო - იმხელა გალავანთან მიდგმული "საქეიფოები" და ელექტრომობილების სადგომები აქვთ დღევანდელ ფოტოებზე აღბეჭდილ კომპლექსებს.

რა მხიარულად ჩაიარა რამდენიმე დღის წინ პარლამენტში პრეზიდენტის სტუმრობამ! საკუთარი სიმართლისა და ძალის როგორი შეგრძნებით გააშავა პრეზიდენტმა ერთ-ერთი "ოპოზიციონერი" დეპუტატი, რომელმაც ვერ მოზომა მისთვის გამოყოფილი "საპროტესტო ქვოტა" და ზედმეტი მოუვიდა - ელიტარული კორუფცია რომ ახსენა... უმრავლესობის წევრებმაც როგორ იხალისეს?!

ამ სასახლეების ფონზე, იყო თუ არა ეს ხალხის დაცინვა? არა მგონია - რომ დასცინო, რამედ უნდა მიგაჩნდეს, უნდა დაინახო მაინც. უბრალოდ, კარგად არიან, არაფერი აწუხებთ და... კი არ დაგვცინიან, უბრალოდ, თავისთვის, გულიანად იცინიან!

გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლების დასაწყისში, როდესაც "ზარბაზნები ქუხდნენ", უფროსების ფეხის ხმას აყოლილი მოზარდები ცდილობდნენ, ამერიკულ ფილმებში ნანახ განგსტერებს დამსგავსებოდნენ. ზოგიერთი მათგანი, სამწუხაროდ, ახერხებდა კიდეც ამას. მაშინ ერთი ჭკვიანი კაცი მათ მოუწოდებდა, - იმ ფილმებს ბოლომდე უყურეთ და ნახეთ, თქვენი კერპები ცხოვრებას როგორ ამთავრებენო... ხოლო რაკი ჩვენ პოლიტიკოსებზე ვსაუბრობთ, და არა ყაჩაღებზე, ჩვენი KvirisPalitra.Geსაზოგადოების "მოცინარ" ნაწილს საქართველოს გერბზე მათივე სურვილით წაწერილ სიტყვებს გავახსენებ, სადაც "კეთილის" მიერ ძლევასა და ბოროტის ცუდ "დასასრულზე" გვაფრთხილებს რუსთაველი. არ ვაჭარბებ, მთავრობა, ხელისუფალი რომ ხარ და იცინი, მაშინ, როდესაც შენი ხალხი ტირის, ხარ "ბოროტი" და "ცუდად დასრულების კანდიდატი" ხარ.

ეს სტატიაც დასრულებული მქონდა, როდესაც აგრუხუნებული კონვეერის ფონზე მოლაპარაკე პრეზიდენტი ვიხილე ტელევიზიით - სოფლის მეურნეობის მინისტრს "სამუშაო რეჟიმში" უმტკიცებდა - ოცდაათლარიანი ვაუჩერი მოსახლეობას პროდუქტების გაძვირებით მოგვრილ შოკს ერთი-ორი თვით აუნაზღაურებსო!

ორი თვითო! 30 ლარიო!!!

ილაპარაკე რამდენიც გინდა, "ვერა გვხედამენ"...

დავით შალიკაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)