კაცი, რომელმაც ასაკი დაკარგა... - კვირის პალიტრა

კაცი, რომელმაც ასაკი დაკარგა...

მენატრება ადამიანები, რომლებიც აღარ არიან...

ტყუილი არ მითქვამს, როცა ვაჟა გიგაშვილს ვუთხარი, ასე მგონია, მიუხედავად ასაკისა, თქვენში ბიჭი გადაარჩინეთ-მეთქი...

მართლაც გადაარჩინა! ამიტომაც არის, არც ასაკი აწუხებს, არც პატივმოყვარეობის ტყვეა და არც საკუთარი ნიჭის მეხოტბე... მეგობრობაშიც ალალია და შემთხვევით ურთიერთობაშიც... ლამაზად თქმისა და შთაბეჭდილების მოსახდენად არასდროს უთქვამს სიტყვა, ისე დაგელაპარაკება, გეგონება, მეგობრების წრეში შეხვდი, მასთან ერთად ეს-ესაა ჭიქა ღვინოც დააჭაშნიკე, მერე ცხოვრებას გადახედეთ და ნახევარი სიტყვითაც გაუგეთ ერთმანეთს. ამიტომაცაა, შენს წინ ორატორი კი არ ზის, არამედ ადამიანი, რომელიც "საორატოროდ" არასოდეს გარჯილა. როდის იყო, მეგობრობას მჭევრმეტყველება სჭირდებოდა...

ჩემი გარიჟრაჟი

3-4 წლის ვიქნებოდი, ბაბუასთან ვიყავით მარჯანიშვილზე, ბიძაჩემს - ბიძინა გოგოძეს, ჯერ ცოლ-შვილი არ ჰყავდა... ელექტროინჟინერი იყო, ტრამვაი-ტროლეიბუსების პარკის დირექტორი... მაშინ წესი გახლდათ - თანამდებობის პირებს იარაღის ტარების უფლება ჰქონდათ. სამსახურიდან რომ მოვიდოდა, ამოიღებდა თავის ბრაუნინგს, ამოაცლიდა ტყვიებს და გვაძლევდა... მახსოვს, რა დიდი და მძიმე იყო ის იარაღი. ამ დროს პატარა იარაღია...

მახსოვს ბაბუას თეთრბალნიანი, დამჭკნარი მკერდი. ძალიან მიყვარდა ამ მკერდში ჩახუტება. მერე, როცა მასთან აღარ ვცხოვრობდი, კვირა არ გავიდოდა, ორ-სამჯერ არ მენახა...

კობის ქუჩაზე ვცხოვრობდი, ახლა იმ ადგილას, სადაც ჩვენი სახლი იდგა, სასტუმრო "საქართველოა". მერე მარჯანიშვილზე გადავედით. დავდიოდი მე-7 ვაჟთა სკოლაში...

KvirisPalitra.Geჩემი დილა

მამაჩემი სულ შეწუხებული იყო, რომ აქეთ-იქით დავეხეტებოდი. ერთი მეგობარი მყავდა, მეჩიტე იყო, მგალობელ ჩიტებს იჭერდა. ეს სერიოზული ხელობაა... ბადე ჰქონდა დასაგები და ჰყავდა დამძახებელი - სხვადასხვა ჯიშის ჩიტები: ჩიტბატონა, ჟივჟავი, მწვანულა... დაყრიდა მზესუმზირის ნაქურჩალს, იქვე ძაფით დაბმული ჰყავდა დამძახებელი ჩიტი... მეორე - ხეზე, ბუდეში ეჯდა... დამძახებელსაც გააჩნია. თუ მაგარი ხმა აქვს, შეიძლება ჩიტების მთელი გუნდი მოაბრუნოს... რომ დასხდებოდნენ ფრინველები, ჩასაფრებული მეჩიტე თოკს მოქაჩავდა და ბადეში მოაქცევდა - შეიძლებოდა ხუთი, ათი ან მეტი ჩიტი გაბმულიყო. აარჩევდა მგალობელ ჩიტებს, დანარჩენს გაუშვებდა... მერე მომღერალ ჩიტებს ყიდდა...

მამაჩემის მეგობარი იყო ბორის კალანდარიშვილი, ცნობილი გეოლოგის - აკადემიკოს თვალჭრელიძის სიძე. მან უთხრა მამაჩემს: სულ რომ ნერვიულობ და ბრაზობ, სად დადის შენი შვილი არ იცი, მოდი, გეოლოგებთან ერთად გაუშვი და მშვიდად იქნები, გეცოდინება, ცუდს არაფერს აკეთებსო.

გამიშვეს გეოლოგიურ პარტიაში აფხაზეთში, ანტყელის ხეობაში. წასვლის წინ დედამ კექსი გამომიცხო, - წაიღეო... ცხადია, ვითაკილე. ამას როგორ გამოვაჩენ სადმე-მეთქი. ამოვიღე ჩანთიდან, მაგრამ დედას უკან ჩაუბრუნებია... უკვე აფხაზეთში აღმოვაჩინე, რომ კექსი თან მქონდა. ძალიან შემრცხვა და გადავწყვიტე, რომ სხვებს არ დაენახათ, ისე გადამეგდო... უპოვიათ უფროსებს და დამცინიან: - ეს ვაჟა რა წუწკი ყოფილა, ნამცხვარი აქვს და თავისთვის ინახავსო. გავწითლდი, გავყვითლდი, რა მეთქვა, აღარ ვიცოდი... მერე დაჭრეს და ჭამეს... ძალიან ისიამოვნეს. მე რა ვიცოდი, თუ ასე მოეწონებოდათ. თურმე რას მალავ...

გაუვალი ტყე იყო ანტყელში, აქ დავყვებოდი გეოლოგებს, ვეხმარებოდი სინჯების აღებაში, მათ წამოღებაში. იქ ვნახე პირველად ცოცხალი დათვი. საწყობის გამგე გვყავდა - უსაქმურად იყო ხოლმე. მხოლოდ ამონალი და საკვები უნდა მიეცა გეოლოგებისთვის. ერთხელ ერთად წავედით საკალმახოდ. საგუბარს გავაკეთებდით, ამოვკრეფდით 10-15 კალმახს და წამოვიდოდით. მე ჩანთა მომქონდა, იმას კიდევ ცალლულიანი თოფი ეკიდა.

თანაც მონადირეობაზე დებდა თავს - მწყერზე ენადირა კახეთში. მოშიშვლებულ ადგილზე გავედით. კორდივით იყო. ვხედავთ, ზის დიდი დათვი. ეტყობა, ბებერი იყო... ზის და მოგვჩერებია. ჩვენც ვდგავართ და შტერებივით ვუყურებთ. სრულიად გაგვეთიშა ტვინი. მერე ადგა დათვი - მაშინღა ვნახეთ რამხელა იყო! წაბაჯბაჯდა ნელა ტყეში. თოფი რისთვის წამოიღე-მეთქი, - დავუყვირე საწყობის გამგეს... აუ, ბიჭო, სულ დამავიწყდაო. მერე ვფიქრობდი, კიდევ კარგი, რომ დაავიწყდა. ეს დათვის მომკვლელი არ იყო და ის კი გაბრაზდებოდა და ორივეს დაგვხოცავდა-მეთქი...

მახსოვს, სოფელ აბლუხვარაში ყაბარდოში ნაყიდი ცხენები ჰყავდათ მორეკილი, იქაურ მეგრელებს ახედნინებდნენ... არ დამავიწყდება ეს სანახაობა, ხან თოკით მეჭირა ცხენი, ხან რას მავალებდნენ, ხან - რას. ქვებით სავსე ტომარას გადაჰკიდებდნენ ცხენს და არბენინებდნენ. ერთი ტანჩიორა, მხრებგანიერი, ფეხებგაღუნული მეგრელი ჭინკასავით მოახტებოდა ხოლმე ცხენს და იყო ერთი ამბავი...

მერე პიონერთა სასახლეში დავდიოდი ალექსანდრა ჯაფარიძის და მზია ერისთავის სექციაში. იქიდანაც წავედით ხევში, თრუსოს ხეობაში... მთაში რომ დავდიოდი, ეს მაგარ უპირატესობის გრძნობას მიჩენდა. ჩემს კლასელებს აბა, სად ჰქონდათ ნანახი ამდენი საინტერესო რამ?

სკოლა კარგად დავამთავრე, მედალი უნდა ამეღო, მაგრამ ოთხიანები დამიწერეს ქართულ წერასა და ფიზიკაში... მერე მისაღები გამოცდები რომ ჩავაბარე, ფიზიკაში ისე კარგად ვუპასუხე, დაუძახეს კომისიის თავმჯდომარეს, - უსმინეთ, რა კარგად იცისო... მართლა კარგად ვიცოდი ფიზიკა. ლიტერატურაც...

იოლად ვსწავლობდი...

მახსოვს ოლია მასწავლებელი - ზურაბ მიქელაძის დედა. ჯადოს ვეძახდით. დაფისკენ რომ იყო მიბრუნებული, მაშინაც კი ზუსტად გრძნობდა, ვინ რას აკეთებდა... გვიკვირდა, ზურგიდანაც ხედავს, თუ რა არისო... ისიც ვიცოდით, რომ შვილი ჰყავდა ციმბირში გადასახლებული. წლების მერე ვნახე ზურაბ მიქელაძე... ვუყურებდი: ეს არის ოლია მასწავლებლის შვილი-მეთქი და მიხაროდა...

ჩემი შუადღე

პროფესია უცნაურად ავირჩიე... დედაჩემის დეიდის ქმარი იყო მოსე თოიძე. საოცარი კაცი იყო... დაჯდებოდა საღამოობით და ალბომებს მათვალიერებინებდა... მასწავლიდა ხატვას. მისი ნაჩუქარი დიურერის ალბომი ახლაც მაქვს.

აკადემიისთვის ვემზადებოდი. X კლასში ვიყავი, მოსე რომ გარდაიცვალა. ამ დროს გადავეკიდე ბელკას "კამანდას" (მერე მოთხრობაც დავწერე ამაზე)... მივატოვე ხატვა... შინ ერთი ამბავი იყო, დარდობდნენ...

2 წელი ფანქარს არ გავკარებივარ. მეორე დეიდის ქმარმა, დემნა შენგელაიამ წამიყვანა სამხატვრო აკადემიის  მაშინდელ რექტორთან - სერგო ქობულაძესთან. ქობულაძე ძალიან მკაცრი იყო. კარგი ბიჭი ხარ, ხატავ, მაგრამ სპორტსმენი რომ იყო, შეჯიბრებაზე როგორ გამოხვალ, თუ ორი წელი ხელი არ გაგინძრევიაო. ასეა აქაც... არ გივარჯიშიაო...

არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩავაბარე... ისე ვაბარებდი, თითქოს ფეხზე მეკიდა... ასე მივედი ინსტიტუტშიც, მაგრამ მერე ჩამითრია, დავინტერესდი. ახლა ძალიან მადლობელი ვარ. ლიტერატურაშიც გამომადგა არქიტექტურაში ნასწავლი.

პირველი მოთხრობა როდის დაიბეჭდა? - დედაჩემის მეგობარი, მაყვალა მრევლიშვილი ჟურნალ "დილას" რედაქტორობდა. იცოდა, ცხოველები და ფრინველები მიყვარდა და შემომთავაზა, პატარა მოთხრობები დაწერე ცხოველებზეო. დავწერე... დაიბეჭდა.  წერა სერიოზულად სტუდენტობისას დავიწყე.

ვმუშაობდი ეთნოგრაფიულ ექსპედიციებში. ხევსურეთში პირველად გურამ რჩეულიშვილმა წამიყვანა. გურამმა ყველა გადარია, ისე ჯირითობდა ცხენით. გურამთან ერთად ჩხუბში თუ მოვხვედრილვარ? ბევრჯერ! მაგრამ ისეთი განცდა მქონდა, რადგან გურამი იქ იყო, ცუდი არაფერი შემემთხვეოდა. არ მეშინოდა!

ინსტიტუტის დამთავრების მერე არქიტექტორმა შოთა ყავლაშვილმა წაგვიყვანა ოთხი ბიჭი თავის სახელოსნოში. გავაკეთებდი საქმეს და წავიდოდი მთაში...

ჩემი საღამო

ზედიზედ ბევრი ცუდი რამ მოხდა. თორმეტჯერ მაინც ჩამიფლავდა საქმე, დავრჩი ასე... არსაიდან არაფერი ჩანს...

სულ რამდენიმე წლის წინ, 68-69 წლისა, სულ არ ვგრძნობდი ასაკს. წიწამურში ბოქლომის გაღება რომ მეზარებოდა, ავხტებოდი ხის ტოტზე, გავქანდებოდი და გადავევლებოდი რკინის ღობეს!

ბოლო ოთხ წელიწადში ძალიან მოვშალე საკუთარი თავი...

ჩემთვის ძალიან კარგი როლი ითამაშა იმან, რომ ასაკი მავიწყდებოდა.

ლიძავაში დავდიოდი დასასვენებლად. იქ რეზო თაბუკაშვილს სახლი ჰქონდა და ყოველ ზაფხულს ჩამოდიოდნენ, 16 წლის იყო ლაშა თაბუკაშვილი, მოვიდა და მომეწება. თამამი ბიჭი იყო, ტოლად მივიღე... არადა, უკვე ინსტიტუტი დამთავრებული მქონდა, ვმუშაობდი...

ლაშასთან დამეგობრებამ გადამიყვანა მის ასაკში... მერე ლაშას შვილს - რეზოს დავუმეგობრდი... იმასთანაც დავკარგე ასაკი...

მიყვარს ახალგაზრდებთან მეგობრობა. კოტე ჯანდიერი, ზაალ სამადაშვილი, დათო აგიაშვილი, გიგი სულაკაური, ბაადურ ბალარჯიშვილი და კიდევ სხვები ჩემი მეგობრები არიან...

მათ აღარც ახსოვთ, რომ ასაკით უფროსი ვარ... მეც აღარ მახსოვს.

რა მენატრება? - მენატრება ადგილები, სადაც ადრე ვყოფილვარ, მენატრება ადამიანები, რომლებიც აღარ არიან და დრო, რომელშიც ხან 13 წლის ვიყავი, ხან 25-ის...